„ამაზედაც გმადლობ, უფალო! ამაზედაც გმადლობ, უფალო!“
პლატონ სამანიშვილი
„სამანიშვილის დედინაცვალი“ განსაკუთრებული მწერლის – დავით კლდიაშვილის შედევრია, უდიდესი მნიშვნელობის ნამდვილი ქართული მოთხრობა, როგორც მას მოცულობის გამო უწოდებენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ტექსტში აშკარად რომანული ეპიზოდია გადაშლილი, ვფიქრობ, ამ საოცარ ნაწარმოებს მიკრორომანიც კი შეიძლება, ეწოდოს.
ასეა თუ ისე, ეს გახლავთ ტექსტი, რომელშიც ოთხი კლასიკური ლიტერატურული სიუჟეტიდან – ორია აღწერილი. მოგეხსენებათ, თავის დროზე დიდმა გენიოსმა – ხორხე ლუის ბორხესმა თქვა, რომ რამდენიც არ უნდა ვეძიოთ, ლიტერატურა სულ ოთხ სიუჟეტს მოიცავს, ესენია: ალყაშემორტყმული ქალაქის ამბავი, რომელიც აუცილებლად დაეცემა; შინ დაბრუნება; განძის ძიებისა და მისი მოპოვების სიუჟეტი და ღმერთის თვითმკვლელობა.
და აი, დავით კლდიაშვილის ამ მიკრორომანში ბორხესის მიერ აღწერილი ორი სიუჟეტი ნამდვილად გვხვდება – პლატონ სამანიშვილი გადის და ბრუნდება სახლში, ეს „ოდისეაა“, მოგზაურობა – მართალია, არა ხმელთაშუა ზღვაში, არამედ იმერეთის სოფლებში; და პლატონ სამანიშვილი ნამდვილად ეძებს განძს – ორნაქმრევ და უშვილო ქვრივს, რომელსაც იპოვის და, მკითხველისდა გასაკვირად, ეს ქალი – ელენე, სწორედ იმ ქალის, მშვენიერი ჰელენე სპარტელის სახელს ატარებს, რომელმაც დაუდო კიდეც საფუძველი მსოფლიო ლიტერატურაში განძის ძიების სიუჟეტს.
ამ საოცარი ნაწარმოების შინაარსზე დიდხანს არ შევჩერდები, მაგრამ რადგან პლატონ სამანიშვილის ეკონომიკურ პორტრეტს განვიხილავთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ პლატონი ღარიბი, გვარიანად ღარიბი აზნაურის – ბეკინა სამანიშვილის ვაჟი, არცთუ დიდი ქონების პატრონია:
„აბა, რა სიმდიდრეს მოასწავებდა ის ოცდაათი ურემი სიმინდი, ორმოცი ჩაფი ღვინო და ათიოდე ბათმანი ლობიო, მის მამულს რომ შემოჰქონდა და რითაც თავს ირჩენდა წლიდან-წლამდის ბეკინას ოჯახი“.
ამიტომაც იყო, რომ აზნაური პლატონ სამანიშვილი გლეხივით მუშაობდა მიწაზე, ოღონდ კი მის წვრილშვილიან ოჯახს სარჩო-საბადებელი არ მოჰკლებოდა. ცალკე ამბავია ისიც, რომ მრავალშვილიანობა, რაც ჩვეულებრივ დიდი სიმდიდრეა, სამანიშვილების ოჯახისთვის არცთუ სასიხარულო ამბავი იყო – თვით ბეკინაც კი აქილიკებდა რძალს ხშირი „შვილოსნობის“ გამო.
თუმცა, როგორც ავტორი ამბობს, დროება იყო ისეთი, რომ ეს მცირე ქონებაც დიდ სიმდიდრედ მიიჩნეოდა და სუსტ საფუძველზე დამყარებული კმაყოფილება პლატონს არათუ ჰყოფნიდა, ბედნიერ კაცადაც კი აგრძნობინებდა თავს.
„ამაზედაც გმადლობ, უფალო! ამაზედაც გმადლობ, უფალო! ამ წამოძახილით პლატონი თავის გულითად მადლობას უცხადებდა ზეციერ მამას, რომ შემცილებელი არავინ გაუჩინა მას ღარიბ ლუკმაში. თავის ცოტაზედაც კმაყოფილი, ამ თავის მცირედითაც ბედნიერი, იგი გულმოდგინებით ურტყამდა თოხს მიწას“.
მაგრამ სამანიშვილების ოჯახშიც დატრიალდა უბედურება, როდესაც ბეკინას ცოლი – მარიკა გარდაიცვალა და პლატონსა და მის მეუღლეს ახალი სადარდებელი გაუჩნდათ – ხასიათის გათვალისწინებით, საშიში იყო, ბეკინას, ამ ჭარმაგ მოხუცს ცოლის შერთვის სურვილი არ გაევლო გულში. ამიტომ პლატონმაც და მისმა ცოლმაც გააორკეცეს მოხუცის მოვლა, რათა ბეკინა „მეტად დაშორებული ყოფილიყო რაიმე მათ საწყენ საქციელს“.
ასეთი საქციელი ბეკინას მიერ ცოლის შერთვა იყო, რადგან სამანიშვილის პოტენციურ დედინაცვალს შესაძლოა, ბავშვი გაეჩინა, პლატონს კი დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად თავისი მიწის ორიოდე ნაფლეთში მოზიარისა ეშინოდა – მწირ ლუკმას შეჩვეულ კუჭს უფრო დამცირებული ლუკმის შეჩვევა რომ არ დასჭირვებოდა.
ხოლო როცა ბეკინა თავის ნათქვამზე დადგა, რითაც „ღუპავდა და დანას უყრიდა ყელში“ პლატონს და ამ ნაბიჯის გადადგმა ვერაფრით გადააფიქრებინეს, გვარიანადაც გააბრაზეს მოხუცი იმ ფაქტის შეხსენებით, „დროც კი აღარაა შენი ცოლის თხოვისო!“
ამ შენიშვნაზე ბეკინას აზნაურებისთვის დამახასიათებელმა კუდაბზიკობამ წამოუარა და ისიც კი მიაძახა პლატონს – მარტო შენს თავზე კი არ უნდა იფიქრო ადამიანმა, მითუმეტეს, როდესაც მიწაც საკმაოდ გაქვთ, თუ სხვაზე მეტი არა, წყალიც, სახლიც, კარიც… ტყეც და ველიცო!.. ეს კი ამ კუდაბზიკობით წამოსცდა ბეკინას, რადგან რა-რა, მაგრამ ტყე კი ნამდვილად არ ჰქონიათ სამანიშვილებს…
და რადგან საქმე ისე დატრიალდა, რომ ბეკინამ „არ მოიშალა“, იმის შიშით, მამას ვაჟი არ შესძენოდა, ქონებაში მოზიარე არ გასჩენოდა და მამულის გამყოფი არ დაენახა მის თვალებს, პლატონმა თავად იკისრა საკუთარი მამის მაშვლობა, რათა დიდი ფიქრისა და ტვინის ჭყლეტის შემდეგ მოფიქრებულ გეგმას მიჰყოლოდა და სადმე, როგორმე, ორნაქმრევი, უშვილო ქვრივი მოეძებნა – ორ ქმართან თუ შვილი არ მისცემია, ბეკინასთან რა ღმერთი გაუწყრებოდა?! ამრიგად, ბეკინაც მოსვენებული იქნებოდა და პლატონიც იმედიანად, რადგან მოვლენათა ამგვარი განვითარება პლატონისთვის იგივე იქნებოდა, თითქოს საკუთარი მამულის ნახევარი ხელახლა შეეძინა.
ასე, ნელ-ნელა იხატება პლატონ სამანიშვილის, ამ ლუკმა-პურს ჩაბღაუჭებული პერსონაჟის ეკონომიკური პორტრეტი, რომელსაც ნაწარმოების დასაწყისში თუ ეკონომიკური ხასიათის პრობლემა აქვს, ნაწარმოების ბოლოს, როდესაც მისი სამკვიდროს გაყოფის საკითხი უფრო და უფრო რეალური ხდება, ზნეობრივი პრობლემა დაუდგება.
პლატონის ეკონომიკური პორტრეტი ეტაპობრივად გადაიზრდება მის ზნეობრივ პორტრეტში, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რადგან გაჭირვება მხოლოდ მატერიალური საკითხი როდია, გაჭირვება, უპირველეს ყოვლისა, ზნეობრივი საკითხია. მაგრამ ამის შესახებ ადამიანები ნაკლებად ვსაუბრობთ, რადგან ლუკმა-პურის შემცირება ჩვენში ხშირად ჰუმანისტურ განწყობებს ამცირებს, რაც საბოლოო ჯამში იმით სრულდება, რომ ადამიანი კარგავს ადამიანობას და ემსგავსება ცხოველს.
არისტოტელემ რომ თქვა, ადამიანი პოლიტიკური, ანუ ქალაქში მცხოვრები, ცივილიზებული ცხოველიაო, ეს ეხება პლატონ სამანიშვილსაც, რომელიც ორნაქმრევი და უშვილო ქვრივის ძებნაში კარგავს ყოველგვარ ზნეობას და ნაწარმოების ბოლოს მისგან გვრჩება არა პოლიტიკური, არამედ უბრალოდ ცხოველი. პლატონ სამანიშვილი ზნეობრივად კვდება იმ ეპიზოდში, როდესაც ძალადობს ორსულ დედინაცვალზე, რომ როგორმე მუცელი მოუშალოს და საკუთარ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას პოტენციური საფრთხე აარიდოს თავიდან. ანუ, ეკონომიკური განსაცდელის გამო, პლატონი ზნეობრივად გადაგვარდება.
მაგრამ, სანამ პლატონის ზნეობრივი გადაგვარების ტრაგედიას ვიხილავთ, მანამდე თვალს ვადევნებთ მის ოდისეას იმერეთის სოფლებში, რასაც არაერთი კომიკური ეპიზოდი ახლავს თან.
კომიკურია თავად ამ მოგზაურობის დასაწყისი, დაახლოებით ისეთი, როგორიც „დონ კიხოტეს“ შემთხვევაში, რადგან ამ მოგზაურობისთვის აუცილებელია აქსესუარი, მთავარი აქსესუარი კი არის – ცხენი. პლატონს ცხენი არ ჰყავს, რაც თავისთავად მის არასახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს, მაგრამ აზნაური კაცის ფეხით სიარული ვის გაუგია?! სირცხვილია… ამიტომაც, სხვების თვალის ასახვევად, მეზობელს ძალზე გამხდარ, ზურგდაშავებულ ცხენს გამოართმევს, რომელზე დაჯდომა უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ აბა, რა ქნას, ფეხით ვის მიადგეს?!
„ფეხ-ფეხა მივყვები, ბატონო, ფეხ-ფეხა მივყვები!.. სირცხვილისათვის მიმყავს, თვარა რა!..“ – უხსნის პლატონი ცოლს, თუმცა გზად თუ მგზავრები შეხვდებიან, ამ ცხენზე ამხედრება მაინც მოუწევს, რასაც ცხენი დიდხანს ვერ გაუძლებს, ამიტომ მარტო დარჩება თუ არა, კვლავ ჩამოქვეითდება და ისევ „ფეხ-ფეხა მიყვება“ ცხოველს. ფაქტობრივად, პლატონი ატარებს ცხენს და არა ცხენი მას, რაც მნიშვნელოვანი დეტალია იმის გასაგებად, თუ რა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია ბეკინას, ჯერჯერობით ერთადერთი, ვაჟი.
გზას დაადგება თუ არა, მალევე, პლატონი გზად გვერდევანიძისგან სწორედ იმ ქალის ამბავს გაიგონებს, რომელიც მომავალში მისი დედინაცვალი გახდება, თუმცა ორნაქმრევი, უშვილო ქალის ძებნაში, საკუთარი სიძის, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟის – კირილე მიმინაშვილის გამოისობით, არაერთ არასასურველ ამბავში გაეხვევა და კარგა გვარიანად შერცხვება კიდეც, როცა კირილე ლამის მთელ იმერეთს მოსდებს პლატონის განზრახვის შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, ნებისმიერი თავმოყვარე აზნაურისთვის დიდად სასირცხვილო და სათაკილო ამბავია.
ბუნებრივია, პლატონი საგულდაგულოდ მალავდა ამ საიდუმლოს, რომ ორნაქმრევ და უშვილო ქალს ეძებდა, რადგან ამის ხმამაღლა თქმა ფაქტობრივად იმის აღიარებაა, რომ მას სიღარიბის ეშინია, ხოლო აზნაურისთვის არაფერი ისეთი საშიში არ არის, როგორც აღიარება რეალობისა. რეალობაა, რომ პლატონ სამანიშვილს ცხენიც კი არ ჰყავს, მაგრამ პლატონი წარმოაჩენს ვირტუალურ რეალობას და თავს ისე აცნობს ხალხს, თითქოს ცხენიც ჰყავს, ქონებაც აქვს და დედინაცვლის ძიება მისთვის ეკონომიკური ამოცანით კი არა, მამისთვის კარგი ქალის პოვნის სურვილითაა ნაკარნახები.
რასაკვირველია, ეს ფარსი ერთადერთ მიზანს ემსახურება – საზოგადოებამ არ უნდა გაიგოს მთავარი მოტივი ორნაქმრევი, უშვილო ქვრივის ძებნისა, თუმცა კი აბა, რა რთული მისახვედრი უნდა იყოს, მითუმეტეს იმ დროსა და საზოგადოებაში?!
ამ პერიოდში პლატონში ისედაც მწიფდება ახალი ადამიანი, გამწარებული კაცი, რომელშიც ყველაზე ნაკლებია ადამიანური ნიშნები: ზნეობა, გაგება, სიყვარული, უცხოს პატივისცემა. სამაგიეროდ, ნელ-ნელა წინ მოდის მისი ცხოველური ინსტინქტები, რომ იგი მშიერია, მშიერია მისი ოჯახი, ეშინია მომავლის, ეშინია პოტენციური მემკვიდრის, რადგან თავად ამდენი წელია, გლეხივით შრომობს, მუშაობით თავს იკლავს და ბეკინას თუ ბიჭი შეეძინა, უფლებრივი თვალსაზრისით, ბავშვი დაბადებისთანავე პლატონის თანასწორი იქნება და ქონებას გაუყოფს.
ბოლოს და ბოლოს, პლატონი, როგორც იქნა, მიაღწევს საწადელს, როდესაც გაიცნობს არისტო ქვაშავიძეს, კაცს, რომლის მამიდაც, ბრეგაძეების ქვრივი, სწორედ რომ ორნაქმრევია და უშვილო. ეს ის ქალია, რომელიც მოგზაურობის პირველ დღეებში გზად შემხვედრმა ადვოკატმა გვერდევანიძემ უხსენა.
წარმოუდგენლად კომიკურია სცენა, როდესაც პლატონი, არისტო ქვაშავიძე და უკიდურესად გაჭირვებული ძმები ბრეგაძეები განიხილავენ და მსჯელობენ, თუ როგორ უნდა მოხვდეს ორნაქმრევი და უშვილო ელენე ბეკინა სამანიშვილის ოჯახში ისე, რომ ისედაც გაჭირვებულ ბრეგაძეებს საქვრივოს გადახდა არ მოუწიოთ, ოღონდ ამ საკითხზე მსჯელობაც ისე მიმდინარეობს, რომ ბრეგაძეებმა თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნონ.
აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი საგულისხმო გარემოება – პლატონ სამანიშვილი კატეგორიული წინააღმდეგია იმისა, რომ ბრეგაძეებს საქვრივო გამოართვან – „არა, არა… რაში მინდა, გაჭირვებულების წანართმევი!.. საქვრივოს რას დავეძებ!..“ – რაც მიუთითებს, რომ იმ მომენტში პლატონში ჯერ კიდევ ცოცხალია ადამიანი.
ერთი სიტყვით, უნდა გათამაშდეს მოტაცება… და რა შეიძლება იყოს ორნაქმრევი, უშვილო ქვრივის მოტაცებაზე სასაცილო?!
მოტაცებულ ელენეს სამანიშვილების სახლში თავიდან კარგად ექცეოდნენ და თავად დედინაცვალმაც სულ მოკლე ხანში ოჯახის წევრთა სიყვარული დაიმსახურა და „სიამტკბილობა შემატა სახლს“.
მაგრამ საკმარისი იყო, ელენეს მუცელი დასტყობოდა, რომ არათუ სიამტკბილობას მოღებოდა ბოლო, არამედ პლატონი ფიზიკურადაც კი შეხებოდა ორსულ ქალს…
ეკონომიკურმა სიდუხჭირემ პლატონი გაამხეცა, მან სულიერი კრახი განიცადა, როცა ორსულ ქალთან დაიწყო ომი!
ამ ნაწარმოების ავტორი დავით კლდიაშვილი კი არა, ვინმე სხვა მწერალი რომ ყოფილიყო, პლატონის გადაგვარებას აჩვენებდა როგორც სოციალურ მოვლენას, მძიმე გამოხატულებას იმისა, თუ რა მოაქვს გაჭირვებას, მაგრამ დავით კლდიაშვილი სულ სხვა კაცი იყო, მან შესანიშნავად იცოდა ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი, რომ ღმერთს ვუყვარვართ არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანურად ვიქცევით, არამედ მაშინაც, როდესაც საშინელ ქმედებებს ჩავდივართ.
ამიტომაც ავტორი გვიჩვენებს, რომ პლატონი, ეს საყვარელი კაცი, ძალიან ცუდად იქცევა, მაგრამ უფლის სიყვარული მას მაინც გარანტირებული აქვს. სამაგიეროდ, მკითხველის სიმპათია აკლდება კაცს, რომელიც მზადაა, ლუკმა-პურის, შვილების გამოკვების გამო, გადაჯეგოს და გადაუაროს მეორე ადამიანს და აბსოლუტურად უსამართლოდ მოექცეს.
იცით, ასეთ საკითხებზე საუბრისას ყოველთვის ერთი მაგალითი მახსენდება. თავის დროზე, როდესაც როგორც პოლიტიკური პატიმარი სასჯელს ვიხდიდი, ჩვენი „ზონა“ ორ ნაწილად იყო დაყოფილი: პატარა ნაწილში ათამდე ქალი „იჯდა“, დიდში – ასზე მეტი მამაკაცი. ორივე „ზონას“ ერთი უფროსი ჰყავდა. წლების შემდეგ ამ „ზონაზე“ ორი წიგნი დაიწერა; ერთი ჩემი ავტორობით, რომელშიც „ზონის“ უფროსი ლმობიერ ადამიანად გამოვიყვანე, მეორე კი ირინა რატუშინსკაიამ დაწერა, რომელმაც „ზონის“ უფროსი მხეცად დახატა. მკითხველი იკითხავს, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის მართალი, ბერძენიშვილი თუ რატუშინსკაია?
რა თქმა უნდა, ორივე ავტორი მართალია, რადგან ის კაცი ყოფილა მხეცი – ქალებთან, კაცებთან კი ლმობიერი იყო…
ზუსტად ასეთ გაორებასთან გვაქვს საქმე, როდესაც პლატონზე ვსაუბრობთ. პლატონი კი გახდა მხეცი, მაგრამ იგი ინარჩუნებს იმ კარგ თვისებებს, რაც ჰქონდა სხვა ადამიანების მიმართ.
რომ შევაჯამოთ, პლატონ სამანიშვილის ეკონომიკური პორტრეტი, ამავე დროს, მისი ზნეობრივი პორტრეტიცაა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პლატონის სიღარიბე მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა არ არის, პლატონის სიღარიბე, უპირველეს ყოვლისა, ზნეობრივი პრობლემაა. კი ბატონო, ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ სიღარიბე შეიძლება გაიზომოს გარკვეული პარამეტრებით, მაგრამ ჯერ კიდევ ლაო-ძიმ გვასწავლა, რომ თუ არ გყოფნის – ღარიბი ხარ, თუ გყოფნის, ცოტაც რომ იყოს, ესეც საკმარისია!
ჩვენს ნაწარმოებშიც სწორედ ასეა – სანამ პლატონს ის მწირი ქონება ჰყოფნიდა, მამისგან რომ ერგო, ნორმალური ადამიანი იყო, როგორც კი აღარ ეყო, ზნეობრივად გადაგვარდა… პლატონს ეკონომიკურად კი არ გაუჭირდა, არამედ სულ სხვა ტიპის პრობლემის წინაშე დადგა, მას უბრალოდ გაუნახევრდა ყველაფერი… შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ამ ტიპის ეკონომიკა შუაზე გაყოფას გაუძლებდა?!
„სამანიშვილის დედინაცვალში“ გათამაშდა ფარსი და ეს ფარსი გაათამაშა ცხოვრებამ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ადამიანი ასე დაეცეს და ასე დაემსგავსოს მხეცს, ამიტომაც ჩვენ ვსაყვედურობთ პლატონ ბეკინას ძე სამანიშვილს, რომელმაც განსაცდელში ადამიანობა დაკარგა. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია გავუგოთ მას, მაგრამ პლატონის პატიება შეუძლებელია. ერთი კია, იმედს ვიტოვებთ, რომ პატარა ბიჭი, რომელმაც პლატონს ქონება გაუყო და პლატონი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც შეხედავენ ერთმანეთს, როგორც ძმები…
Comments are closed.