ინდოეთის Adani Group-ი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში $100 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, გაუტამ ადანის განცხადებით, ინვესტირებიდან დაახლოებით $70 მილიარდი ჯგუფის მწვანე ენერგეტიკის ბიზნესისთვის გამოიყოფა.
სინგაპურში, Forbes-ის კონფერენციაზე, თავად ადანის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მომდევნო ათწლეულში განხორციელებული ინვესტირებიდან $70 მილიარდი სწორედ ჯგუფის ენერგეტიკული ტრანზიციის მიზნებს მოხმარდება, რადგანაც მართალია, მზის ენერგიის ათვისების მიმართულებით Adani Group-ი უკვე მსოფლიოს უმსხვილესი მოთამაშეა, თუმცა უფრო ამბიციური გეგმები ამოძრავებს.
კონგლომერატის ამბიციური მიზნების მისაღწევად, გახდეს მწვანე წყალბადის შედარებით დაბალ ფასში მწარმოებელი, ასევე განავითაროს მზის მოდულებისა და ქარის ტურბინების წარმოება, სამი უზარმაზარი ქარხნის მშენებლობა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ძლიერი სწრაფვა მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლისკენ ემთხვევა ინდოეთის მთავრობის მიზნებს, მაქსიმალურად შეამციროს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება.
თუმცა ინდოეთში მწვანე ენერგიის მიმართულებით Adani Group-ს Reliance Industries-ის სახით მნიშვნელოვანი კონკურენტი ჰყავს. კომპანიის ხელმძღვანელი, მილიარდერი მუკეშ ამბანი „ენერგიის წარმოების ახალი ეკოსისტემის შესაქმნელად“ აღებული ვალდებულების შესასრულებლად ინვესტიციის $9 მილიარდამდე გაორმაგებას გეგმავს.
გაუტამ ადანის ინვესტირების ინტერესები კი მწვანე ენერგიას სცილდება და მოიცავს ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურისა და სამომხმარებლო საქონლის სფეროებს. შეგახსენებთ, ადანიმ მაისში, ინდოეთში შვეიცარიული სამშენებლო კომპანია Holcim-ის ცემენტის ბიზნესიც შეიძინა და სურს, ქვეყანაში ცემენტის მეორე უმსხვილესი მწარმოებელი გახდეს.
დატოვე კომენტარი