აზიის განვითარების ბანკმა (ADB) სამჯერ გაზარდა პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა. ამჟამად ADB-ის მიერ COVID-19-ის საპასუხოდ შექმნილი გადაუდებელი დაფინანსების ფონდის მოცულობა $20 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
პაკეტი აფართოებს ADB-ის მიერ მობილიზებულ $6.5 მილიარდიან თავდაპირველ რესურსს და მას $13.5 მილიარდ დოლარს უმატებს.
ამ თანხით, ADB მის ბენეფიციარ განვითარებად ქვეყნებს (მათ შორის საქართველოსაც) დაეხმარება გაუმკლავდნენ COVID-19–ით გამოწვეულ მძიმე მაკროეკონომიკურ და სოციალურ დანაკარგებს. $20-მილიარდიანი ფონდიდან დაახლოებით, $2.5 მილიარდის ფინანსური დახმარება გრანტის ფორმის იქნება.
”ეს პანდემია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას უმნიშვნელოვანესი რისკის წინაშე აყენებს. ის სიღარიბის შემცირების კურსს უკუაქცევს და ქვეყნებს რეცესიით ემუქრება,” – განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.
“გაფართოებული დახმარების პაკეტი, შესაძლებელს ხდის უფრო სწრაფად და მოქნილად მოხდეს ჩვენი ბენეფიციარი ქვეყნების როგორც მთავრობების, ასევე, კერძო ბიზნესების დახმარება,”- ამბობს ასაკავა.
ADB-ის ინფორმაციით, $20-მილიარდიანი პაკეტიდან, დაახლოებით, $2 მილიარდი კერძო ბიზნესის წილი იქნება, დანარჩენი დაფინანსების მიმღებები კი მთავრობები იქნებიან. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ინფორმაციით, შეღავათიანი ფინანსური რესურსის ბენეფიციარები მცირე და საშუალო მეწარმეები გახდებიან.
ADB– ის უახლესი შეფასებით, COVID-19-ის გავლენა გლობალურ მშპ-ს 2.3%-დან 4.8%-მდე შეამცირებს.
დატოვე კომენტარი