ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა დაიწყო. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 8.3 მილიონი ლარია.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, ეს არის ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება როგორც პროფესიონალებს, ისე მომავალ თაობას.
პროექტის მიხედვით, ოლიმპიური სტანდარტის აუზი, რომლის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, 50 მ სიგრძისა და 25 მ სიგანის იქნება. სპორტკომპლექსში ასევე შესაძლებელი იქნება სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური მომსახურებით სარგებლობა.
„ქუთაისს შესანიშნავი ტრადიციები აქვს საწყლოსნო სახეობებში და ეს ოლიმპიური აუზი ახალი სტიმული იქნება ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აუზი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს როგორც თავისი ზომების, ასევე აუცილებელი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით“, – აღნიშნა აუზის მშენებლობის დათვალიერებისას მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
ცნობისთვის, ქუთაისის გარდა, სპორტკომპლექსების მშენებლობა დაიწყო კიდევ სამ ქალაქში – ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდში.
დატოვე კომენტარი