დღეს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 150 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ევროში) ოდენობის სესხი დაამტკიცა, რაც საქართველოში წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების გაუმჯობესებას და წყლის სექტორის განვითარებისთვის მთავრობის კომპლექსური მიდგომის შემუშავებაში დახმარებაზე დაიხარჯება. წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში ADB 130 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პოლიტიკაზე დაფუძნებულ სესხს გამოყოფს, ხოლო 20 მილიონი აშშ დოლარი პროექტის განსახორციელებლად მიმართული სესხია.
„ამჟამად საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების მართვა და ოპერაციები არაეფექტურია,“ — განაცხადა ADB-ის ურბანული განვითარების მთავარმა სპეციალისტმა ჰეიონგ ჰონგმა.
„ეს აფერხებს სექტორის მდგრადობას და ხელს უშლის წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული სერვისების თანაბრად მიწოდებას ქალაქებსა და სოფლებში. ამ პროგრამის მიზანია საქართველოს დაეხმაროს სექტორის მართვისა და ეფექტურობის გაუმჯობესებაში და ამით კიდევ უფრო მეტი ოჯახისა და ბიზნესისთვის გახადოს ეს სერვისები ხელმისაწვდომი.“
საქართველოში წყალმომარაგება დღეში ოთხიდან – ოცდაოთხ საათამდე მერყეობს, რაც კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის პირობებში ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. ქალაქების მოსახლეობის დაახლოებით 92%-ს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 64%-ს წყალი ონკანით მიეწოდება, მაშინ როცა ქალაქის მოსახლეობის 84%-ს და სოფლად მცხოვრებ 20%-ს მიუწვდება ხელი კანალიზაციაზე, ხოლო მთელი მოსახლეობის მხოლოდ 36% სარგებლობს წყალარინების გამწმენდი სისტემით.
ADB-ის პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი დაეხმარება მთავრობის ძალისხმევას განავითაროს ერთიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების პოლიტიკა, რომელიც თანაბრად დაფარავს ქალაქებსა და სოფლებს. სესხი დაეხმარება სამართლებრივი, მარეგულირებელი და ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებას, რაც შექმნის ხელსაყრელ პირობებს ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და კერძო სექტორის ჩართულობისთვის. ეს გააძლიერებს ადგილობრივი მმართველობებისა და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესაძლებლობებს ქალაქად და სოფლად არსებული საჭიროებების ადეკვატური შესრულებისთვის.
პროექტისთვის გამოყოფილი სესხი დააფინანსებს ოპერირებისა და მომსახურების შესაძლებლობების გაზრდასა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას, რაც საქართველოს 10 რეგიონის 57 ქალაქში სერვისებს გააუმჯობესებს. ის ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების განვითარების მოსამზადებელ სამუშაოებს დაეხმარება. თელავში, რეგიონულ ცენტრში, სადაც წყალი დღის განმავლობაში დაახლოებით 4 საათით მიეწოდება, წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ახალი რეზერვუარებისა და ჭაბურღილების მოწყობა საბოლოო ჯამში 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. ასევე გაიზრდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელში ჩართული საცხოვრებელი სახლების რაოდენობა, ხოლო გამრიცხველიანება არსებული 40%-დან 100%-მდე გაიზრდება.
ADB ასევე განახორციელებს 250 000 აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკურ დახმარებას, რომელიც საქართველოს შერჩეულ ქალაქებში ქონების მართვის სისტემას წყალმომარაგების მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურავს. აღნიშნული თანხიდან 225 000 აშშ დოლარი ADB-ის მაღალი ტექნოლოგიების ფონდიდან გრანტის სახით დაფინანსდება, დანარჩენ 25 000 აშშ დოლარს მთავრობა გაიღებს.
ADB საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების გაუმჯობესებაში 2011 წლიდან ეხმარება, მას შემდეგ რაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას $500 მილიონამდე მულტიტრანშული სესხი გამოუყო. ამან გაზარდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისებზე წვდომა ქვეყნის 12 ქალაქში მცხოვრები 300,000-ზე მეტი ადამიანისთვის. მიმდინარე წლის ივლისში ADB-მ Georgia Global Utilities (GGU) მიერ პირველად გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში 40 მილიონი დოლარის ინვესტირების შესახებ განაცხადა, რომლის ამონაგები თანხა მოხმარდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებას თბილისსა და ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში და მოახდენს განახლებადი ენერგიისა და წყლის ოპერირების ვალის რეფინანსირებას. GGU-ს შვილობილი კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (Georgian Water and Power LLC) საქართველოში ყველაზე დიდი კერძო კომუნალური მომსახურების კომპანიაა, რომელიც დაახლოებით 1.4 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
დატოვე კომენტარი