“საქართველოში მოსახლეობისთვის პრობლემა არა სესხებზე ხელმისაწვდომობა, არამედ დაბალი შემოსავლები და დანაზოგი, ასევე ფინანსური განათლების ნაკლებობაა”, – ამის შესახებ საუბარია აზიის განვითარების ბანკის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ქვეყანაში ფინანსური განვითარების ძირითად ტენდენციებს და ბარიერებს მიმოიხილავს.
კვლევაში ნათქვამია, რომ ფინანსებზე წვდომა პრობლემას წარმოადგენს მცირე ზომის ბიზნესისთვის, თუმცა ასევე პრობლემაა ის რომ მათ საკმაოდ მცირე რაოდენობით აქვთ დანაზოგი.
კვლევის ფარგლებში კომერციული ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების გამოკითხვის შედეგად, შემდეგი სახის პრობლემები გამოიკვეთა:
ბანკები ერთ-ერთ პრობლემად ასახელებენ იმ ფაქტს, რომ საბანკო ანგარიშის გასახსნელად პირის იდენტიფიცირებაა საჭირო. კერძოდ, ამ შემთხვევაში პირს ბანკში ფიზიკურად უწევს მისვლა. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ხელმწოერა საქართველოში დამკვიდრებულია, საბანკო ანგარიშის გასახსნელად ის საკმარისი არაა.
პრობლემატურია, თუმცა ძირითად პრობლემას არ წამროადგენს საქართველოში მობილური და ინტერნეტ აბონენტების რაოდენობა. “საქართველოში მობილური აბონენტების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს რეგიონის სხვა ქვეყნებშია. თუმცა, მობილური აბონენტების რაოდენობისგან განსხვავებით, მცირეა ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა. საქართველოში ინტერნეტს მოსახლეობის მხოლოდ 50% იყენებს, მაშინ როდესაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელი 73%-ია, სომხეთში ინტერნეტს მოსახლეობის 62% იყენებს, ხოლო აზერბაიჯანში კი 78%”, – ვკითხულობთ კვლევაში.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახელდება მოსახლეობის დაბალი შემოსავლები. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია და ის აღემატება რეგიონის სხვა ქვეყნების მონაცემებს.
კვლევის მიხედვით პრობლემას წარმოადგენს ფინანსური განათლების ნაკლებობაც.
ამასთან, კვლევის მიხედვით, საქართველოში დიდ პრობლემას არ წარმოადგენს საფინანსო სისტემისადმი ნდობა. “საქართველოში ბანკების მიმართ ნდობა მაღალია, რაც არაერთი კვლევით დასტურდება. ასე მაგალითად, ISET-სა და TBC-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, მოსახლეობის 79% უპირობოდ ანდობს თანხას ბანკს. ამასთან, საქართველოში ბანკების მიმართ ნდობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია”, – ნათქვამია კვლევაში.
დატოვე კომენტარი