სპორტული საქონლის მწარმოებელი გერმანული კომპანია Adidas-ი, რეპერ და მოდის დიზაინერ კანიე უესტთან ბიზნესპარტნიორობის გადახედვას გეგმავს. კომპანიამ ამის შესახებ განცხადება ხუთშაბათს გააკეთა.
Adidas-ის თქმით, მიუხედავად კომპანიის განმეორებითი მცდელობებისა, კონფიდენციალურად გადაეჭრა მხარეებს შორის არსებული პრობლემა, საბოლოოდ კანიე უესტთან პარტნიორობის გადახედვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. როგორც კომპანიის განცხადებიდან ირკვევა, ამ პერიოდის განმავლობაში Adidas-ი პროდუქტის ერთობლივ მართვაში მონაწილეობას მიიღებს.
თავად კანიემ, გასულ თვეში კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ, სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კომპანიებთან – Adidas-სა და Gap-თან კორპორაციული თანამშრომლობის შეწყვეტა დააანონსა. განცხადებამდე მომღერალი საკუთარი Instagram-გვერდის საშუალებით სპორტულ ფირმებს თავს დაესხა და ისინი მისი დიზაინის სავარაუდო კოპირებაში დაადანაშაულა.
Adidas-ი კანიე უესტის Yeezy-ისთან პარტნიორობას მათი ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თანამშრომლობად აფასებს. „Adidas-ისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესია შემოქმედებითობა, ინოვაცია და ათლეტებისა და ხელოვანების მხარდაჭერა“, – აცხადებს კომპანია და დასძენს, რომ მათი ყველა პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე არის დამყარებული.
შეგახსენებთ, რომ უესტი პირველად მილიარდერი 2020 წელს გახდა. მომღერალი Yeezy-ის 100%-იანი წილის მფლობელია, თუმცა ფეხსაცმელების წარმოებასა და დისტრიბუციაზე პასუხისმგებელი Adidas-ია. თავდაპირველად ფეხსაცმლის ბრენდი კანიემ 2009 წელს, Nike-თან თანამშრომლობით დააარსა, 2013 წელს კი Adidas-ს შეუერთდა.
დატოვე კომენტარი