გერმანული სპორტული საქონლის მწარმოებელი Adidas-ი Reebok-ს 2.5 მილიარდ აშშ დოლარად Authentic Brands Group-ს (ABG) მიჰყიდის. გარიგების შემდგომ, გერმანული კომპანია მის ძირითად ბრენდზე კონცენტრირდება.
Adidas-მა Reebok-ი 2006 წელს 3.8 მილიარდ აშშ დოლარად Nike-ისთვის კონკურენციის გასაწევად შეიძინა. თუმცა, შტატებსა და კანადაზე ორიენტირებულმა ბრენდმა არც ისე კარგი შედეგები აჩვენა. ამავდროულად, Adidas-მა, ისეთ ცნობილ სახეებთან პარტნიორობით, როგორებიც კანიე უესტი, ბიონსე და ფარელ უილიამსი არიან, შეძლო ამერიკის შეერთებულ შტატებში Nike-ისთვის კონკურენტუნარიანი გამხდარიყო.
გარდამავალ პერიოდში Reebok-ი კვლავ მჭიდროდ ითანამშრომლებს Adidas -სთან, შეინარჩუნებს მის ფილიალებს ბოსტონში და განაგრძობს მუშაობას ჩრდილოეთ და ლათინურ ამერიკაში, აზია-წყნარ ოკეანეში, ევროპასა და რუსეთში.
თერთმეტი წლის განმავლობაში, Authentic Brands Group-მა 6,000 მაღაზიაში 30-ზე მეტი საფირმო ნიშანი დააგროვა. მის საკუთრებაშია ბრენდები: ტანსაცმლის ქსელი Aeropostale, Forever21, ასევე ჟურნალი Sports Illustrated. ამას გარდა, კომპანიამ გასულ თვეს, წლიური შემოსავლის ძლიერი ზრდის შემდეგ აშშ-ს პირველადი საჯარო შეთავაზება განახორციელა. ABG-ს დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ისინი წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ Reebok-ს და მზადყოფნას გამოთქვამენ შეინარჩუნონ ბრენდის ერთიანობა, ინოვაციურობა და ღირებულებები.
Adidas-ის ინფორმაციით, 2.1 მილიარდი ევროს უმეტესი ნაწილი ტრანზაქციის დახურვისას, სავარაუდოდ 2022 წლის პირველ კვარტალში, ნაღდი ანგარიშსწორებით იქნება გადახდილი, დანარჩენი კი გადავადებული და პირობითი ანაზღაურებისან შედგება. გერმანული კომპანიის თქმით, ბრენდის გაყიდვას გავლენა არ ჰქონია მიმდინარე წლის ფინანსურ პერსპექტივებსა და მის ხუთწლიან გეგმაზე. შეგახსენებთ, რომ Adidas-მა 400 მილიონ ევროდ უკვე გაყიდა Rockport, CCM Hockey და Greg Norman, რაც Reebok-ის პირველადი შესყიდვის ნაწილი იყო.
დატოვე კომენტარი