საახალწლო ბურანიდან გამორკვევისთვის ძალიან ეფექტიანი გამოდგა სტენფორდის პროფესორების სალექციო კურსი – ერთი კვირა ფრენსის ფუკუიამა და მისი რამდენიმე კოლეგა გვესაუბრებოდნენ საჯარო პოლიტიკაზე, მის როლზე კერძო სექტორის განვითარებაში. ბევრი ვიმსჯელეთ ცუდ და კარგ გადაწყვეტილებებზე, საუკეთესო პრაქტიკაზე, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები შევისწავლეთ. საბოლოოდ კი ყველა ჩვენი მსჯელობა ერთ წერტილში იყრიდა თავს: რაც უნდა კარგი იყოს ქვეყნის სტრატეგია, ხედვა თუ შემუშავებული პოლიტიკა, წარმატების განმაპირობებელი გადამწყვეტი ფაქტორი არის ხელისუფლების უნარი, აღასრულოს მიღებული გადაწყვეტილება. ეს “უნარი” კომპლექსურია, მოიცავს როგორც პოლიტიკურ- ტექნიკურ კომპეტენციას, ისე სახელმწიფო აპარატის სტრუქტურის შესაბამისობას სტრატეგიასთან, დასახულ მიზნებთან.
ქვეყანათა უმრავლესობას ერთი შეხედვით მსგავსი მიზნები აქვთ დასახული: ექსპორტის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვაზე ზრუნვა ნებისმიერი ქვეყნის დღის წესრიგშია, არც საქართველოა გამონაკლისი. ამის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდის ტემპი უარყოფითია, რაც ნაწილობრივ რეგიონში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციით აიხსნება. 2015 წელს ექსპორტი 23%-ით შემცირდა 2014 წელთან შედარებით, 2015 წლის სამი კვარტალის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 17%-ით ნაკლებია 2014 წლის იმავე მაჩვენებელზე. გასული ორი წლის მანძილზე საგადამხდელო ბალანსის შემცირებამ და მისმა შედეგებმა კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩინა, რამდენად აუცილებელია ექსპორტის გაზრდაზე, მის დივერსიფიკაციაზე და ინვესტიციების მოზიდვაზე განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა. ამ საჭიროებას ერთხმად აღიარებს ხელისუფლება – მიზნებზე პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს. თუმცა ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ წარმატებისთვის მხოლოდ მიზნებზე თანხმობა არ კმარა, გადამწყვეტია, რამდენად ეფექტიანები არიან შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები და მეტიც, შეესაბამება თუ არა სახელმწიფო აპარატის სტრუქტურული მოწყობა მიზნების სიმწვავეს.
ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაზე ზრუნავს ორი უწყება: ეკონომიკის სამინისტრო და ინვესტიციების სააგენტო. ეს უკანასკნელი პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება. ამავდროულად, საინვესტიციო პოლიტიკაზე მუშაობს პრემიერ- მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოც. ექსპორტსაც არაერთი მესვეური ჰყავს: ეკონომიკის სამინისტრო, ეკონომიკური საბჭო, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, საინვესტიციო სააგენტო და ტურიზმის სააგენტო. ერთი შეხედვით, სააგენტოებისა და სტრუქტურული ერთეულების სიმრავლე მიუთითებს, რომ ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება და ადმინისტრაციული რესურსი ეთმობა. თუმცა, განაპირობებს კი ეს სიმრავლე ეფექტიანობას?
საგანგებო ამოცანების მიღწევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა საერთო სტრატეგიის გარშემო ძალების კონცენტრაციაა. როგორც დავინახეთ, ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტზე რამდენიმე სხვადასხვა სააგენტო ზრუნავს, რომელთაც საკუთარი, ძირითადად, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სტრატეგია და დღის წესრიგი აქვთ. ისინი, ამასთანავე, სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენელს – ეკონომიკის მინისტრს ან პრემიერ- მინისტრს ექვემდებარებიან. პრიორიტეტული, მოკლე დროში გადასაჭრელი ამოცანებისთვის ასეთი სტრუქტურის მორგება სარისკოა. პირველ რიგში, ასეთი სტრუქტურული მოწყობით რთულდება და შეუძლებელიც კი ხდება ერთიანი საინვესტიციო თუ საექსპორტო პოლიტიკის შემუშავება. ეს კი ნიშნავს, რომ ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის განვითარება არათანმიმდევრული, გაფანტული პროცესი იქნება. ამასთანავე, ამ ორი, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საკითხის ჩაბარება განსხვავებული ამოცანების მქონე სამინისტროებისთვის რისკის ქვეშ აყენებს მათ პრიორიტეტულობას ქვეყნის საერთო დღის წესრიგში. ამით არ სრულდება არსებული სტრუქტურული მოწყობის ნაკლოვანებების ჩამონათვალი. ქვეყნის ბრენდინგი, ექპორტისა და ინვესტიციების ანალიზი ის ფუნქციებია, რომელთა შესრულებაზეც რესურსები გამოყოფილია ინვესტიციების სააგენტოში, მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, ეკონომიკის სამინისტროში, ტურიზმის სააგენტოსა და ეკონომიკურ საბჭოში. ადმინისტრაციული რესურსები შეზღუდულია ნებისმიერ, განსაკუთრებით კი საქართველოს მსგავს მწირშემოსავლიან ქვეყანაში. შესაბამისად, ფუნქციების დუბლირება ფუფუნებაა, რომელსაც უნდა ვერიდოთ. მით უფრო, რომ მიღებული შედეგი გაწეული ხარჯის ადეკვატური არ არის.
საქართველო უკვე ფლობს ცენტრალური საკითხის გარშემო რესურსების თავმოყრისა და კოორდინაციის წარმატებულ ნოუ-ჰაუს – ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობის გამოცდილებას. ეს ნოუ-ჰაუ შეგვიძლია გამოვიყენოთ საინვესტიციო და საექსპორტო საქმიანობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად. 2012 წელს საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შეიმუშავა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონცეფცია. ამ კონცეფციაში ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო “საქართველოს ბიზნესსახლის” შექმნა. “საქართველოს ბიზნესსახლი” ერთ სივრცეში მოუყრის თავს ყველა სერვისს, რომლებიც ინვესტორსა და ექსპორტიორს სჭირდება. ამასთანავე, მასში განთავსდება ყველა სააგენტო თუ სტრუქტურული ერთეული, რომლებიც ამ მიმართულებებზე მუშაობს. ასეთი ერთიანი სივრცის შექმნას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, რომლებიც თანაბრად აუცილებელია საინვესტიციო და საექსპორტო წარმატებისთვის. ყველაზე თვალშისაცემი სარგებელია ინვესტორებისა და ექსპორტიორებისთვის მომსახურების მიღების გამარტივება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ შესაბამისი სააგენტოების ერთ სივრცეში ყოფნა გააუმჯობესებს მათ შორის კომუნიკაციას და საერთო მიზნის გარშემო მობილიზებასაც გააადვილებს. აქვე აუცილებელია, რომ საერთო საინვესტიციო და საექსპორტო სტრატეგიის შემუშავებაზე პასუხისმგებელი იყოს ყველა სააგენტოს წარმომადგენლისგან შემდგარი ჯგუფი. ამ ინიციატივის კიდევ ერთი სარგებელია რესურსების ოპტიმიზაცია. როგორც უკვე აღინიშნა, დღეს ერთი და იგივე ფუნქცია, მაგალითად, ინვესტიციებისა და ექსპორტის კვლევა- ანალიზი, რამდენიმე სააგენტოს მიერ სრულდება. ამასთანავე, ყველა სააგენტოს ბუნებრივად სჭირდება ისეთი მომსახურებები, როგორიცაა ბუღალტრული აღრიცხვა, იურიდიული და ადმინისტრაციული სერვისი. ერთ სივრცეში სააგენტოების თავმოყრით შესაძლებელი ხდება, რომ სააგენტოებმა ეს მომსახურება საერთო დეპარტამენტების მეშვეობით მიიღონ.
წარმატებული ნოუ-ჰაუს ფართოდ გავრცელება, საერთო სტრატეგიის ჩამოყალიბება, რესურების გაერთიანება პრიორიტეტული მიზნებისა და სტრატეგიის გარშემო სწორედ ის აუცილებელი ნაბიჯებია, რაც მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის – ეფექტიანი მმართველობისთვის არის საჭირო.
(ავტორი: ირინა კვახაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე)
დატოვე კომენტარი