ცნობილმა როკჯგუფმა Aerosmith-მა გამოსამშვიდობებელი ტურნე „Peace Out“-ი დააანონსა, რომელიც ორ სექტემბერს აიღებს სტარტს და 2024 წლის 26 იანვარს დასრულდება. ტურნეს ფარგლებში, ვეტერანი ბენდი ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით ჯამში 40 კონცერტს გამართავს.
Aerosmith-ის გამოსამშვიდობებელი ტურნე როკჯგუფის 50 წლის იუბილესაც მიეძღვნება. THX-ის მხარდაჭერით, ბენდის მიერ ტურნეს ფარგლებში გამართული თითოეული კონცერტი უახლესი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი, რაც გულშემატკივრისთვის Aerosmith-ის კლასიკური როკის ჰანგების უმაღლეს ხარისხში მოსმენის გარანტიაა. თავად ჯგუფი კი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მსმენელს მათ ისტორიაში საუკეთესო შოუს ჰპირდება. ცნობისთვის, ტურნეს Live Nation-ი წარმოადგენს.
ამერიკული როკბენდი Aerosmith-ი 1970 წელს, ქალაქ ბოსტონში დაარსდა. ბენდის დამფუძნებლებს შორის მომღერალი სტივ ტაილერი, გიტარისტი ჯო პერი და ბასისტი ტომ ჰემილტონი არიან. Aerosmith-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დრამერი ჯოი კრამერი, რომელიც 2022 წლის მარტში, ორწლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფში აღარ დაბრუნებულა, ტურნეში მონაწილეობას არ მიიღებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჯოი კრამერი Aerosmith-ის ყველასთვის საყვარელ დამფუძნებელ წევრად რჩება, მან ტურნეში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან სურს, მთელი ყურადღება ოჯახსა და ჯანმრთელობას დაუთმოს“, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში. ამ ეტაპისთვის უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს კრამერს ტურნეს განმავლობაში.