ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაი უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა კი მომხმარებელს გუდვილის (საბურთალოს და დიღმის) ჰიპერმარკეტებში შეუძლია.
Freeze Tea მდიდარი არომატების მქონე და ახლადმოკრეფილი ჩაის ფოთლების, სამკურნალო მცენარეებისა და ტყის ველური ხილის სპეციალურ ტემპერატურულ რეჟიმებზე შოკური გაყინვის უახლესი ტექნოლოგიით მზადდება.
ახალი სახეობის ჩაი სრულიად ცვლის ჩაის ინდუსტრიას. ტრადიციული მეთოდით გამომშრალი და შრობის შედეგად შემცირებული კვებითი ღირებულებების მქონე ჩაის ნაცვლად, ახალი პროცესი გვთავაზობს უკეთესი გემოსა და არომატის და ანტიოქსიდანტებით მდიდარ ალტერნატივას.
ხარაგაულში დაფუძნებული შპს „ფრიზ თი“ ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში ვინც ასეთ პროდუქტს აწარმოებს.
16 და 17 ოქტომბერს, 13:00-18:00-მდე Freeze Tea-ს გუნდი ჩაის მოყვარულებს გაყინული ფოთლების ჩაის დეგუსტაციაზე ეპატიჟება გუდვილის დიღმის ჰიპერმარკეტში.
ამ ეტაპზე, გაყინული ფოთლების ჩაის სამი სახეობის დაგემოვნება არის შესაძლებელი, ესენია მწვანე ჩაი, წითელი ჩაი და წითელი ჩაი & ველური მოცვი.
„გაყინული ფოთლების ჩაის მისაღებად და ჯანსაღი შემცველობის შესანარჩუნებლად, Freeze Tea-ს ნედლეული მოკრეფიდან რამდენიმე საათის შემდეგ მუშავდება და სპეციალური ტექნოლოგიით იყინება. ეს პროცესი შესაძლებლობას გვაძლევს ჩაის ფოთლების, ხილისა და სამკურნალო მცენარეების ყველა შესაძლო სასარგებლო რესურსი და ნატურალური გემოვნური თვისება მაქსიმალურად შევინარჩუნოთ.
ლაბორატორიულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მწვანე Freeze Tea საშუალოდ 2.1-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს ინარჩუნებს, ვიდრე იმავე ჩაის პლანტაციიდან ტრადიციული გზით დამზადებულ მწვანე ჩაი“ – ირაკლი დოლიძე, შპს „ფრიზ თის“ თანადამფუძნებელი.
გაყინული ფოთლების ჩაის ნედლეულისთვის „ფრიზ თი“ ქართველ მეწარმეებთან და შემგროვებლებთან თანამშრომლობს. უმაღლესი ხარისხის დუყ ჩაის ფოთლებს იმერული და გურული ჩაის კოოპერატივებისგან იბარებს, ველურ მოცვს კი ადგილობრივი შემგროვებლებისგან მაღალმთიან იმერეთსა და აჭარაში. Freeze Tea-ს გუნდი მიზნად ისახავს, 2023 წლისთვის საკუთარი ღირებულებათა ჯაჭვი სრულად ბიოსერტიფიცირებული იყოს.
„ფრიზ თი“ დაბა ხარაგაულშია დაფუძნებული. 2012 წლიდან, მისი გუნდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობს სამკურნალო და კულინარიული მცენარეების, ველური კენკრისა და ხილის შეგროვებაზე, გადამუშავებასა და ექსპორტზე. 2020 წლიდან კომპანიის გუნდმა სრულიად ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაის წარმოება დაიწყო. Freeze Tea წელს საქართველოში გაიყიდება, მომდევნო წლიდან კი კომპანია საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს – მთავარი სამიზნე ბაზარი კი ევროკავშირია.
Freeze Tea-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს – www.freezetea.ge
დატოვე კომენტარი