უკრაინაში რუსეთის აგრესიამ დიდი გამოწვევა წარმოქმნა როგორც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისათვის, ასევე ევროკავშირის აღმოსავლელ მეზობლებთან ურთიერთობებისთვის. მიმდინარე ომს განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკაზეც, რომელიც 2009 წლიდან ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ მეზობლებს შორის ურთიერთობების ჩარჩოა. ამასობაში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულმა სამხედრო კამპანიამ ევროკავშირის უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობებში ცვლილებების გარშემო ახალი მოსაზრებები გააჩინა. სამივე ქვეყანამ, რომელთაც ასოცირებული ტრიოს სახელითაც მოიხსენიებენ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რუსი ჯარის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლიდან მალევე მოითხოვა. მაშინ როდესაც ამ სამი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეალურია, აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურება.
აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივაზე ევროპის წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს შორის სხვადასხვა მოსაზრება უკვე ყალიბდება. ევროკავშირის მოცემული პოლიტიკა მრავალჯერ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, რადგან მან ვერ შეძლო ინიციატივის ქვეყნებში ძირეული დემოკრატიული ცვლილებების გამოწვევა. დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაში, კარგი მმართველობის, არჩევნების, სასამართლო სისტემისა და ანტიკორუფციული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული არცთუ ისე სახარბიელო შედეგების ფონზე აღმოსავლეთის პარტნიორობას „მკვდარ ინიციატივასაც“ კი უწოდებენ. ამასთანავე, ინიციატივაში ევროინტეგრაციის მიმართ სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსისგან განსხვავებით, დიდი ამბიცია მხოლოდ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ გამოავლინეს. აქედან გამომდინარე, ინიციატივის ფარგლებში ძნელი გახდა ყველა მონაწილე ქვეყანაში მიზნად დასახული შედეგების მიღწევა.
უკრაინაში რუსულმა აგრესიამ კი აღმოსავლეთპარტნიორობის პოლიტიკის განახლება დღის წესრიგში კვლავ დააყენა, რადგან რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები პირდაპირ აისახება ევროკავშირის უსაფრთხოებაზე. გრძელვადიან პერიოდში, რუსეთის დახმარებით ავტორიტარული და კორუმპირებული ძალების ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების მთავრობებში მოსვლა ევროპულ გეოპოლიტიკურ ბალანსს დაარღვევს და ევროკავშირის დემოკრატიულ ქვეყნებს საფრთხეში ჩააგდებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ევროკავშირსა და ექვსივე აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყანას შორის ურთიერთობების განახლება და გაძლიერება.
უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის შესაძლო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კი აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის ძირგამოთხრა შეუძლია. მაშინ როდესაც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება 23-24 ივნისს მიიღება ევროპული საბჭოს მიერ, ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, განაახლებს არსებულ აღმოსავლეთპარტნიორობის პოლიტიკას თუ ამოიღებს დღის წესრიგიდან და მთელ ყურადღებას ასოცირებული ტრიოს ქვეყნების სამომავლო ევროინტეგრაციაზე გადაიტანს.
აუცილებელია ითქვას, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის მინიჭება აღმოსავლეთპარტნიორობის პოლიტიკის ამჟამინდელ ჩარჩოსთან უთანხმოებაში სულაც არ მოდის. მეტიც, ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მოცემული ინიციატივა, რომელმაც ზოგიერთ ქვეყანაში დემოკრატიულ ძვრებს ნამდვილად შეუწყო ხელი. კანდიდატი ქვეყნების აღმოსავლეთპარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში მოსაზრება მნიშვნელოვან ინსენტივებს შექმნის, რომლებიც დანარჩენი სამი ქვეყნისთვის (სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი) მიმზიდველი გახდება. ამავდროულად, ასოცირებული ქვეყნების მოცემულ სამ ქვეყანასთან ერთად ერთი პოლიტიკური ჩარჩოს ქვეშ თანამშრომლობა აზერბაიჯანისა და ბელარუსის დემოკრატიული ძალებისთვის პოზიტიური გზავნილი იქნება. მეტიც, აღმოსავლეთის პარტნიორობის მრავალმხრივი ურთიერთობების ჩარჩო კვლავ დარჩება ევროკავშირსა და რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა არასამთავრობო აქტორებს შორის თანამშრომლობისა და მხარდაჭერის საშუალება.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ არსებული აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის განახლებით, ევროკავშირს დემოკრატიის ხარისხის გაუარესების რისკების შემცირება შეუძლია. აზერბაიჯანისა და ბელარუსის პარტნიორობის პოლიტიკიდან დისტანცირება რეგიონში ევროკავშირის რბილ ძალასა და გავლენაზე უარყოფითად აისახება. აქედან გამომდინარე, თანამიმდევრული აღმოსავლეთპარტნიორობის პოლიტიკის გაგრძელება ევროკავშირისთვის აღმოსავლელი მეზობლების წინაშე არსებულ პრობლემებთან გამკლავების შესაძლებლობა იქნება. ეს პრობლემებია: კორუფცია, კანონის უზენასეობის პრობლემები, სუსტი სტრატეგიული და სავაჭრო კავშირები და გლობალური დათბობა.
მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკა გაურკვევლობითაა გარშემორტყმული, ევროკავშირს კვლავ შეუძლია მისი გაუმჯობესება. ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა იყოს ტრანსპორტისა და ენერგიის სექტორებში თანამშრომლობის გაძლიერება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ევროკავშირს ახალი ენერგორესურსები ესაჭიროება. ასეთი ენერგიის წყარო შესაძლოა იყოს აზერბაიჯანი. ევროკავშირი ასევე უნდა გააქტიურდეს შავი ზღვის კავშირების განვითარების მხრივაც და აღმოსავლელ პარტნიორებს უნდა დაეხმაროს შუა აზიასთან უკეთესი სტრატეგიული და სავაჭრო კავშირების დამყარებაში. ინფრასტრუქტურული და ენერგოპროექტების მხარდაჭერით ევროკავშირს შეეძლება სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის ხელშესახები სარგებლის შექმნა. ასეთი ინსენტივებით ევროკავშირი რეგიონში საკუთარი გავლენის მეტად გაძლიერებას შეძლებს. ამავდროულად, ბრიუსელი აქტიურად უნდა ჩაერთოს ბაქოსა და ერევანს შორის შერიგების პროცესებში.
ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში სულ მალე შესაძლოა, უფრო გაძლიერებული თანამშრომლობა დაიწყოს ე.წ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებთან. მიუხედავად ამისა, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა შესაძლოა, კვლავ დარჩნენ აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის ნაწილი. მოცემული პოლიტიკა შესაძლოა გარდაიქმნას ევროკავშირი+3+3 ფორმატად, რომელიც ინკლუზიურობის მიზნით აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველა მონაწილე ქვეყანას მოიცავს. ევროკავშირის ინსენტივები კი ქვეყნების დემოკრატიული რეფორმებისადმი ერთგულებაზე იქნება დამოკიდებული. ამავდროულად, ევროკავშირმა საკუთარი მიდგომა „ერთი ზომა ყველას ერგება“ უნდა შეცვალოს და შეიმუშაოს თითოეული ქვეყნის საჭიროებებსა და ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა. თანამშრომლობის თანამედროვე ხედვა აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების დემოკრატიულ ორბიტაზე შესანარჩუნებლად ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს, შექმნას ახალი მექანიზმები. ამ ეტაპზე ევროკავშირის მიერ სისუსტის გამოვლენა კი ძვირად ღირებული სტრატეგიული შეცდომა იქნება.
დატოვე კომენტარი