საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი აქტუალობას არ კარგავს როგორც სტუდენტებისა და საზოგადოების, ასევე ხელისუფლების მხრიდან.
2013 წლის მარტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის, მათ შორის სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით ავტორიზაციის საბჭომ პოზიცია შეცვალა და აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგინა.
ამჯერად აგრარული უნივერსიტეტით პროკურატურა დაინტერესდა, მიმდინარე წლის 18 მარტს საქართველოს პროკურატურამ თავისუფალი უნივერსიტეტისა და „ცოდნის ფონდის“ დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე მოწმის სახით დაიბარა. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, საქმე საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის იურიდიულ არაკომერციულ პირად რეორგანიზაციასა და შპს „აგრომეტის“ პრივატიზაციას ეხებოდა.
ქრონოლოგიურად მივყვეთ მოვლენებს და ვნახოთ, თუ როგორ მოხდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და შემდგომ მის მიერ „აგრომეტის“ შეძენა.
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რეორგანიზაცია
2011 წლის 21 მარტის N136 დადგენილების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირად – საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტად – რეორგანიზაცია განხორციელდა. აღნიშნული უნივერსიტეტის დამფუძნებლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და „აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდი“ გახდნენ. მოგვიანებით, 2011 წლის 30 მარტს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელთა კრების N1 ოქმის თანახმად, აგრარული უნივერსიტეტის ერთადერთ დამფუძნებლად „აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდი“ განისაზღვრა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, „აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდი“ 2011 წლის 31 იანვარს დაფუძნდა, რომელსაც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა. ფონდის შექმნის მიზანი საქართველოში აგრარული განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა და განვითარება იყო. აღნიშნული ფონდის დამფუძნებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ცოდნის ფონდი“, რომელიც კახა ბენდუქიძემ 2007 წელს დააფუძნა. მისი საქმიანობის მიზანს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
„აგრომეტის“ პრივატიზაცია
საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს შორის, 2012 წლის 24 თებერვალს, ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „აგრომეტის“ 100%-იანი წილი აგრარულ უნივერსიტეტს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა.
შპს „აგრომეტის“ კაპიტალში შევიდა ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც თავის დროზე სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ბალანსზე იყო აღრიცხული. მათ შორის: ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის მე-12 კმ-ზე მდებარე 60 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. ასევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში მდებარე 30 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. აგრეთვე თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე 7 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით.
აგრარულმა უნივერსიტეტმა შპს „აგრომეტი“ 5 150 000 აშშ დოლარად და 8 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულებით შეიძინა. აგრარულ უნივერსიტეტს საპრივატაზაციო თანხა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა. აგრარულმა უნივერსიტეტმა აღნიშნული თანხა განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა.
პროკურატურის ინფორმაციით, „აგრომეტის“ საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტი იყო. თუმცა ჩვენ ამის დამამტკიცებელი ოფიციალური დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ. ამასთან პროკურატურის ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი და უნივერსიტეტის რექტორი.
სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების ერთ-ერთი ფორმა პირდაპირი მიყიდვაა. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობებს. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ თანხად კანონი არ კრძალავს. ვნახოთ, რამდენად შეასრულა აგრარულმა უნივერსიტეტმა საპრივატიზაციო პირობები. ჩვენ გავეცანით აუდიტორულ დასკვნებს, რომლებიც აგრარულმა უნივერსიტეტმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინა.
შპს „გრანთ თორნთონის“ აუდიტორული დასკვნის თანახმად, აგრარულმა უნივერსიტეტმა შეასრულა საინვესტიციო ვალდებულებები და 2013 წლის 24 დეკემბრის მონაცემებით მან 11,2 მლნ ლარის ინვესტიცია (დღგ-ს გარეშე) განახორციელა.
შპს EY Georgia-ს აუდიტორული დასკვნა ასევე ადასტურებს, რომ 2012 წლის 24 თებერვლიდან 2014 წლის 24 დეკემბრამდე საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა საინვესტიციო ვალდებულებები შეასრულა. ჯამში დღგ-ს გარეშე საინვესტიციო ვალდებულებების შესასრულებლად გაწეულმა ხარჯმა 11,3 მლნ ლარი შეადგინა.
შპს „ფინანსური მართვის ჯგუფის“ მიერ მომზადებულ აუდიტორულ დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა ნაკისრი ვალდებულებები ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ვადებში შეასრულა. ჯამში საინვესტიციო ღირებულებამ 11,2 მლნ ლარი (დღგ-ს გარეშე) შეადგინა.
როგორც ვხედავთ, აგრარულმა უნივერსიტეტმა საინვესტიციო ვალდებულება განსაზღვრულ ვადებში და გადაჭარბებით შეასრულა. აუდიტორების მიერ დადასტურებულმა ინვესტიციების ოდენობამ 11 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროში აუდიტის სამივე დასკვნა წარმოდგენილია, სამინისტროს ინვესტიციების განხორციელების ფაქტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. ამ თემაზე ჩვენ ვესაუბრეთ აგრარული უნივერსიტეტის რექტორს ლაშა გოცირიძეს. „საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2012 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენ უნდა წარგვედგინა დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა 8 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების შესახებ. აუდიტორული კომპანია უნდა შეგვერჩია მთავრობის მიერ წინასწარ შერჩეული აუდიტორების სიიდან. მოთხოვნილი ერთი კომპანიის მაგივრად, ჩვენ ამ სიიდან შევარჩიეთ სამი აუდიტორული კომპანია. აუდიტორების დასკვნები ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში, კერძოდ, 24 იანვრამდე ჩაბარდა ეკონომიკის სამინისტროს.
„ეკონომიკის სამინისტრო ვალდებული იყო, რომ ხუთი დღის ვადაში, ანუ 2014 წლის 31 იანვრამდე ან დაედასტურებინა ინვესტიციების განხორციელების ფაქტი, ან მოეცა დასაბუთებული შენიშვნები. სამწუხაროდ, სამინისტრო გულგრილად მოეკიდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობებს. შედეგად, მათ დღემდე არ გაგვცეს პასუხი: ინვესტიციების განხორციელების ფაქტი არც დაგვიდასტურეს, არც უარყვეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამინისტრო პოლიტიკური მიზეზების გამო არ იძლევა დასტურს. ბუნებრივია, უარის თქმის რაიმე საფუძველი რომ ჰქონოდა, სამინისტრო უარს ძალიან დიდი ხნის წინ მოგვწერდა. ვინაიდან არც უარის საფუძველი აქვთ, არც ინვესტიციების დადასტურების პოლიტიკური ნება – ამიტომაც სამინისტომ „დუმილის“ ტაქტიკა აირჩია. ამჟამად ჩვენ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში. დარწმუნებული ვართ, სასამართლოთი მივაღწევთ სამართლიანობას“, – ამბობს ლაშა გოცირიძე.
ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, აგრარულ უნივერსიტეტს, თბილისში დავით აღმაშენებლის მე-12 კმ-ზე არსებული სასწავლო ინფრასტრუქტურა 96 თვის განმავლობაში, ძირითადად სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულებით უნდა გამოეყენებინა. აგრარული უნივერსიტეტი ამ ვალდებულებასაც ასრულებს.
აგრარულ უნივერსიტეტზე ყურადღება გასული წლის 14 მარტს გამართულ პრესკოფერენციაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გაამახვილა. მისი თქმით, აგრარული უნივერსიტეტის ქონება კახა ბენდუქიძეს 1 ლარად გადაეცა. როგორც სტატიიდანაც ჩანს, ყოფილი პრემიერის ეს განცხადება ცალსახად არასწორია.
აგრარული უნივერსიტეტი რეორგანიზაციის შემდეგ
2011 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგები შესაბამისად აისახა როგორც განათლების დონეზე, ასევე ინფრასტრუქტურაზე.
ბოლო პერიოდში აგრარულ უნივერსიტეტში თუ ყოფილხართ, აუცილებლად შენიშნავდით გარემონტებულ, კომფორტულ ინტერიერს, აუდიტორიებს, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო და კვლევით ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს, ბიბლიოთეკასა და სხვა ინფრასტრუქტურას.
აგრარული უნივერსიტეტი უზრუნველყოფილია 20 სასწავლო და 50 სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიით, რაც სტუდენტებს თეორიული ცოდნის პრაქტიკით გამყარების საშუალებას აძლევს. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ამერიკის, ევროპისა და აზიის სხვადასხვა უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტები გაცვლითი პროგრამით მიემგზავრებიან.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 2012 და 2013 წლებში ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულების მიხედვით, საქართველოში არსებულ 60 უნივერსიტეტს შორის მეექვსე ადგილს იკავებს.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა შპს „აგრომეტი“ 2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის წესით 5 150 000 აშშ დოლარად და 8 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულებით შეიძინა. აგრარულმა უნივერსიტეტმა ნაკისრი ვალდებულებები ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, განსაზღვრულ ვადაში შეასრულა. დავუშვათ, რომ „აგრომეტის“ პრივატიზება საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ თანხად მოხდა. ამას სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი არ კრძალავს. საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა შეინარჩუნა საგანმანათლებლო პროფილი და ის 2011 წლის რეორგანიზაციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია, სადაც განათლების დონეც და ინფრასტრუქტურაც შესაბამისია.
2013 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა – სიმბოლურ თანხად, ერთ ლარად სახელმწიფოს მიერ გაცემული ქონების შესახებ, სადაც რიგ შემთხვევებში საინვესტიციო ვალდებულებები ან საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, ან არ იყო შესრულებული. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშული შემთხვევები ხელისუფლებას სათანადოდ არ შეუსწავლია. თუ გავითვალისწინებთ ზემოთ აღნიშნულს, საინტერესოა, რატომ დაინტერესდა პროკურატურა აგრარული უნივერსიტეტის საქმით, მაშინ როდესაც აგრარულმა უნივერსიტეტმა ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.
დატოვე კომენტარი