როგორც New York Times-ის მიერ გაზიარებული აუდიომასალიდან ირკვევა, Meta-ს აღმასრულებლები, ხელოვნური ინტელექტის გადასამზადებლად, ამერიკული გამომცემლობის შეძენას განიხილავდნენ. Simon & Schuster-ის შესყიდვა დღის წესრიგში გასულ წელს დადგა. გამომცემლობის წიგნების დახმარებით, AI-ის ტრენინგი იგეგმებოდა.
New York Times-თან გაზიარებული შიდა შეხვედრების ჩანაწერების მიხედვით, Meta-ს მენეჯერები, იურისტები და ინჟინრები, 2023 წლის მარტიდან აპრილამდე თითქმის ყოველდღე იკრიბებოდნენ და AI-ის მოდელების წვრთნისთვის ალტერნატიულ გზებს განიხილავდნენ. აღმოჩნდა, რომ თანამშრომლები გამოცემა Simon & Schuster-ის შესყიდვაზე ან $10-ად თითო წიგნზე ლიცენზირების უფლების შეძენაზეც საუბრობენ.
Meta-ს გენერაციული AI-ის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის, აჰმედ ალ-დალის განცხადებით, კომპანიამ გამოიყენა თითქმის ყველა წიგნი, ლექსი და ესე, რაც ინტერნეტში იყო ხელმისაწვდომი და საჭირო იყო ახალი წყაროები ხელოვნური ინტელექტის ტრენინგის გასაგრძელებლად.
ინგლისურენოვანი გამომცემლობა Simon & Schuster-ი ე.წ. „დიდი ხუთეულის“ ნაწილია, რომელშიც მასთან ერთად ხვდება Penguin Random House-ი, HarperCollins-ი, Hachette-ი და Macmillan-ი. Simon & Schuster-ის ავტორებს შორისაა სტივენ კინგი, კოლინ ჰუვერი, ბობ ვუდვორდი და სხვ.
2020 წლის მარტში, Simon & Schuster-ის მფლობელმა კომპანია Paramount Global-მა გამომცემლობის გაყიდვის სურვილი გამოთქვა. თავდაპირველი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც Paramount-ი, $2.2 მილიარდად, გამომცემლობის Penguin Random House-ისთვის მიყიდვას გეგმავდა, გასულ წელს, ფედერალური მოსამართლის აკრძალვის შემდეგ ჩაიშალა.
ერთწლიანი მცდელობების შემდეგ Paramount Global-მა წიგნების გამომცემლობა Simon & Schuster-ი გასული წლის აგვისტოში გაყიდა. კერძო საინვესტიციო ფირმა KKR-თან მიღწეული გარიგების ღირებულება $1.62 მილიარდი იყო.