„უეკრანო, უჩინარი და მგრძნობიარე“, – ასე ახასიათებს Humane Inc-ის დამფუძნებელი საკუთარი სტარტაპის ახალ პროდუქტს, რომლის შორეული მიზანი, არც მეტი, არც ნაკლები, მობილური ტელეფონის ჩანაცვლებაა.
Apple-ის დიზაინისა და საინჟინრო გუნდის ყოფილი წევრების, ცოლ-ქმრის, იმრან ჩაუდრისა და ბეთანი ბონჯორნოს მიერ 2018 წელს დაარსებულმა კომპანიამ უკვე წარადგინა მოწყობილობა AI Pin-ი, რომელიც Microsoft-ისა და OpenAI-ის მიერ განვითარებულ ხელოვნური ინტელექტის (AI) ენობრივ მოდელებს ეყრდნობა.
ესაა მცირე ზომის მექანიზმი, AI-ასისტენტი, რომელსაც მრავალგვარი ფუნქციის შესრულება შეუძლია და მისი მიმაგრება ტანსაცმელზეა შესაძლებელი მაგნიტის მეშვეობით.
AI Pin-ი რეაგირებს ხმაზე, შეხებაზე, ხელის მოძრაობაზე და აქვს ლაზერული გამოსახულება, რომელსაც საკუთარი ხელის გული შეგიძლიათ მიუშვიროთ დასანახად. გარდა ზარების მიღებისა, მას შეუძლია თქვენ მიერ წარმოთქმული ტექსტის თქვენივე ხმით გადათარგმნა, პროდუქციაზე, ქალაქებზე ან სხვა საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, შემოსული შეტყობინებებისა და მეილების ორგანიზება, „გაშინაარსება“ და სხვ.
მოწყობილობის შეძენა 16 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი, ფასი $699 იქნება, ხოლო 1-თვიანი პაკეტი, რომელიც მოიცავს ულიმიტო ინტერნეტსა და სასაუბრო წუთებს, 24 დოლარი ეღირება. აღსანიშნავია, რომ Humane-ის ახალი პროდუქტი Iphone 15-ის ფასზე, $799-ზე, მხოლოდ 100 დოლარითაა ნაკლები.
ამ დღემდე სტარტაპმა 230 მილიონი დოლარის მოპოვება შეძლო და მას ზურგს Microsoft-ი, OpenAI-ის თანადამაარსებელი, სემ ალტმენი და Tiger Global Management-ი უმაგრებენ. Time-მა AI Pin-ი 2023 წლის საუკეთესო გამოგონებებს შორისაც შეიყვანა.
ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის ენთუზიასტები მოწყობილობას დიდი ხანია, აკვირდებიან, თუმცა კომპანია აქამდე ბევრ დეტალს არ ასაჯაროებდა. აპრილში ჩაუდრიმ პირველადი ვერსია TED Talk-ზე წარადგინა, სექტემბერში კი AI Pin-ი პარიზის მოდის კვირეულზე, ნაომი ქემპბელის პიჯაკზე გამოჩნდა.
კომპანია ადამიანების ტექნოლოგიებთან ინტერაქციის ახალ ეტაპზე გადაყვანას ისახავს მიზნად და მიიჩნევს, რომ მოწყობილობების ზომის შემცირების ტენდენცია, საბოლოო ჯამში, მათი სრული გაუჩინარებით უნდა დასრულდეს, რათა მინიმუმადე დავიდეს შეხების რაოდენობა და გამოყენება კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს.