2020 წლის მეორე კვარტალი Airbnb-სთვის დაუნდობელი აღმოჩნდა. კომპანიის შემოსავალმა გასულ წელთან შედარებით 70%-ით იკლო, ხოლო ზარალი $400 მილიონს გაუტოლდა.
რასაკვირველია, პანდემიის დროს უცხო სახლში დარჩენა არავის სურს. პანდემიამდე წარმატებული კომპანია აშშ-ის ცხოვრების ახალ რიტმს ჯერ ვერ ეჩვევა. ამ ფონზე, Airbnb-მ გადაწყვიტა, რომ თავისი აქციები საჯაროდ პირველად განეთავსებინა. ამის შესახებ Yahoo Finance წერს.
კომპანია IPO-სთვის საჭირო დოკუმენტების შევსებას მიმდინარე თვეში გეგმავს. Airbnb-ის ღირებულება ამჟამად $18 მილიარდია, პანდემიამდე კი $31 მილიარდი იყო. კრიზისის მიუხედავად, Airbnb-ს აღმასრულებლები და თანამშრომლები თვლიან, რომ ინვესტორებისთვის ეს შეთავაზება მიმზიდველი იქნება.
Airbnb ბოლო წლებში ახალგაზრდებისთვის ტურიზმის კულტურის დიდი ნაწილი გახდა და სასტუმროების დიდ კონკურენტსაც წარმოადგენს. კერძო სატრანსპორტო კომპანიების მსგავსად, როგორიცაა Uber-ი და Lyft-ია, Airbnb-ისაც ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს.
კომპანია აქციების ბირჟაზე გატანას მიმდინარე წელს გეგმავს; თუმცა, ამ გადაწყვეტილების წარმატებას ტურიზმის გამოცოცხლება განაპირობებს. თუმცა, სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით, ამერიკელი ტურისტი სამოგზაუროდ მზად ჯერ არ არის. ამის მიუხედავად, Airbnb-იმ ივნისში ჯავშნების ზრდა შენიშნა, რაც ინდუსტრიის გამოღვიძებაზე მიუთითებს.