Airbnb-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, პანდემიამ მოგზაურობის კულტურა სამუდამოდ შეცვალა. ბრაიან ჩესკიმ აღნიშნულის შესახებ განცხადება BBC-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ სამსახურების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ ბიზნესსა და სამოყვარულო მოგზაურობას შორის ზღვარი თითქმის უხილავი გახადა.
გარდა ამისა, ბრაიან ჩესკიმ ისაუბრა იმის შესახებაც, რომ ადამიანურ კავშირს მონატრებულმა ადამიანებმა საკუთარი დროის ოჯახისა და მეგობრებისათვის დათმობის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაზარდეს. ეს ცვლილება კი Airbnb-ის ბოსმა მოგზაურობის რევოლუციად შეაფასა.
„წინა ცხოვრებაში ჩვენ ერთ ადგილას ვცხოვრობდით, მეორე ადგილას სამსახურში მივდიოდით, ხოლო სამოგზაუროდ მესამე ადგილს ვირჩევდით. ახლა კი სამივე მათგანი ერთმანეთშია აღრეული“, – აღნიშნა მან.
პანდემიამ Airbnb-ის შემოსავლებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე თვეში კომპანიამ 80%-ზე მეტი დაკარგა. თუმცა კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, მოგზაურობის კულტურის ცვლილებისდა მიუხედავად, გასული ზაფხულის შემდეგ მოთხოვნა მაინც საგრძნობლად გაიზარდა.
Zoom-მა და მისმა მსგავსმა პლატფორმებმა ბიზნესმივლინებების საჭიროება თითქმის სრულიად გააქრო. ამის ნაცვლად, ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ეცხოვრათ და ემუშავათ სახლიდან შორს არა ერთი კვირით ან რამდენიმე დღით, არამედ თვეების განმავლობაში. გარდა ამისა, ადამიანები სახლში მარტო მუშაობით გამოწვეულ ადამიანური ურთიერთობების დანაკლისს მოგზაურობით ივსებენ. მაგალითად, შეერთებულ შტატებში შაბათ-კვირის ჯავშნების რაოდენობა Airbnb-ზე 2021 წლის მეორე ნახევარში 2019 წელთან შედარებით 70%-ით გაიზარდა.
დატოვე კომენტარი