პარიზის საავიაციო შოუს პირველივე დღეს საზოგადოებას ისტორიული შეთანხმების შესახებ ეცნო. თვითმფრინავების მწარმოებელმა ევროპულმა Airbus-მა ინდურ ავიაკომპანია IndiGo-სთან რეკორდული რაოდენობის, 500 თვითმფრინავის შესყიდვის შეკვეთა გააფორმა. ერთი ავიაკომპანიის მიერ შეძენილი თვითმფრინავების ეს რაოდენობა ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
IndiGo Airbus-ისაგან 500 ერთეულ A320neo-ს ტიპის თვითმფრინავებს შეიძენს, რათა რეგიონში არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ბაზრის ლიდერობა მოიპოვოს. IndiGo-ს აღმასრულებელი დირექტორის, პიტერ ელბერსის განმარტებით, ეს მხოლოდ დასაწყისია და ინდოეთის საავიაციო ბაზარი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
შეკვეთილ თვითმფრინავებს Airbus-ი კომპანიას 2030-დან 2035 წლამდე მიაწოდებს.
საინტერესოა, რომ წლის დასაწყისში ასევე რეკორდული შეთანხმება 470 თვითმფრინავის შესყიდვის შესახებ კიდევ ერთმა ინდურმა ავიაკომპანია Air India-მ გააფორმა. ცნობისათვის, ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე მზარდი საავიაციო ბაზარია.
შეკვეთების გაზრდილი მაჩვენებლების მიუხედავად, თვითმფრინავების მწარმოებლები საწარმოო გეგმებს ჩამორჩებიან. Airbus-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანია A320neo-ის შემდეგი თაობის განვითარებაზე ფიქრობს, რომელიც ბაზარზე 2035 წლიდან გამოჩნდება. შესაბამისად, სავარაუდოდ, კომპანიებს შორის შეთანხმებაში აღნიშნული დეტალიც გათვალისწინებულია.
IndiGo ადგილობრივი საჰაერო მიმოსვლის 60%-ზეა პასუხისმგებელი. Airbus-თან მოლაპარაკებების პარალელურად კი მისი კონკურენტის, Boeing-ისაგან 25 ერთეული Boeing 787-ის შეძენას განიხილავს.