ავსტრალიაში დაფუძნებულმა საავიაციო უსაფრთხოების სარეიტინგო სააგენტო Airline Ratings-მა მსოფლიოს 2023 წლის საუკეთესო ავიახაზები გამოავლინა. ავიაკომპანიების ყოველწლიური რეიტინგი სამთავრობო აუდიტისა და უსაფრთხოების თორმეტ კრიტერიუმს ეყრდნობა, მათ შორისაა: ფლოტის ასაკი, მგზავრთა მიმოხილვები, მოგებიანობა, ინვესტიციების მოცულობა, პროდუქტების შეთავაზებები და პერსონალისადმი დამოკიდებულება.
Airline Ratings-ის საუკეთესო ოცდახუთეულში მოსახვედრად, აუცილებელია, ავიაკომპანია უსაფრთხოების შვიდი ვარსკვლავის შეფასებას აკმაყოფილებდეს. ავსტრალიური სააგენტოს შეფასებით, მიმდინარე წელს საუკეთესო ავიაკომპანიების გამოვლენის პროცესი საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში წარიმართა. ყველა შემთხვევაში, ავიაკომპანიებმა პანდემიასთან გამკლავება წარმატებით მოახერხეს და კარგი შედეგები აჩვენეს.
2023 წელს საუკეთესო ავიაკომპანიის ტიტული Air New Zealand-ს ერგო, რომელმაც 2013 წლის შემდგომ, მისი რიგით მე-7 გამარჯვება მოიპოვა. რეიტინგში Air New Zealand-ის პირველობა უმეტესწილად მისი უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი სერტიფიკატებისა და ინოვაციური მიდგომების დამსახურებაა, რომლის ფარგლებშიც ავიაკომპანია ეკონომკლასში კომფორტის ზრდისთვის სხვადასხვა სერვისს, მათ შორის ოთხი-ოთხი საათით საწოლის დაქირავების პრაქტიკას ნერგავს.
Airline Ratings-ის რეიტინგში მეორე პოზიციას შარშანდელი პირველადგილოსანი Qatar Airways-ი იკავებს. მეორე ადგილის მიუხედავად, Qatar Airways-ი ბიზნესკლასის, საუკეთესო კვებისა და ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო ავიახაზების კატეგორიების ლიდერი გახდა. მესამე პოზიცია კი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ავიაკომპანია Etihad Airways-მა მოიპოვა, რომელიც ფლოტში ემისიების შემცირებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის 2023 წლის გარემოსდაცვით ავიაკომპანიადაც დასახელდა.
ავსტრალიური სააგენტოს ათეულში ვხვდებით ავიაკომპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან, მათ შორის აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ავსტრალიიდან. რეიტინგში მეოთხე პოზიცია Korean Air-მა მოიპოვა, რომელიც ამავდროულად ჩრდილოეთ აზიაში შორ მანძილზე გადაადგილებისთვის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა. ხოლო მეხუთე ადგილზე საუკეთესო პირველი კლასის ჯილდოს მფლობელი, Singapore Airlines-ი მოხვდა.
რეიტინგის მეექვსე და მეშვიდე პოზიციებს ავსტრალიური ავიაკომპანიები, Qantas-ი და Virgin Australia/Virgin Atlantic-ი ინაწილებენ. პარალელურად, Qantas-ი საუკეთესო ლაუნჯების კატეგორიის, ხოლო Virgin Australia/Virgin Atlantic-ი საუკეთესო კაბინის ეკიპაჟის კატეგორიის გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი გამოკითხვით, Qantas-ი 2023 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიადაც დასახელდა.
Airline Ratings-ის ათეულში ბოლო სამი პოზიცია ტაივანურ საერთაშორისო ავიაკომპანია EVA Air-ს (შემოკლებით Evergreen-ი), Cathay Pacific Airways-სა (ოპერირებს ჰონგ-კონგის აეროპორტიდან) და დუბაიში დაფუძნებულ Emirates-ს შორის გადანაწილდა.
რაც შეეხება Airline Ratings-ის საუკეთესო ოცდახუთეულის დანარჩენ ავიაკომპანიებს, მათი სრული სია ასე გამოიყურება: Lufthansa/Swiss-ი, SAS-ი, TAP Portugal-ი, All Nippon Airways-ი, Delta Air Lines-ი, Air Canada, British Airways-ი, Jet Blue, JAL-ი, Vietnam Airlines-ი, Turkish Airlines-ი, Hawaiian-ი, KLM-ი, Alaska Airlines-ი და United Airlines-ი.
პარალელურად კი The Points Guy-იმ ამერიკის შეერთებულ შტატებში საუკეთესო ავიაკომპანიები გამოავლინა. ზედიზედ მეხუთედ, რეიტინგში პირველობა Delta-მ შეინარჩუნა, რომელმაც აშშ-ის ყველაზე პუნქტუალური (განრიგით დაშვების 84%) ავიაკომპანიის სტატუსიც დაიმსახურა.
The Points Guy-ის აშშ-ის საუკეთესო ავიაკომპანიების ათეული შემდეგნაირად გადანაწილდა: Delta Air Lines-ი, United Airlines-ი, Alaska Airlines-ი, American Airlines-ი, Southwest Airlines-ი, Hawaiian Airlines-ი, JetBlue Airways-ი, Spirit Airlines-ი, Allegiant Air-ი და Frontier Airlines-ი.