ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქალი, რომელსაც კონფიდენციალურობის დასაცავად „ნიუ-იორკელი პაციენტის“ სახელით მოიხსენიებენ, ლეიკემიის სამკურნალოდ ჭიპლარის სისხლიდან ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ, სავარაუდოდ, აივ-ინფექციისგან განიკურნა. ამის შესახებ მკვლევრები Cell-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერენ.
როგორც ცნობილია, პაციენტი HIV-ის გარეშე 2017 წლიდან ცხოვრობს და ვირუსის საწინააღმდეგო თერაპიას აღარ მიმართავს. მიუხედავად ამისა, მკვლევრები გადაჭრით რაიმეს თქმისგან თავს იკავებენ და შემთხვევას, როგორც გრძელვადიან რემისიას, ისე აღწერენ.
აღსანიშნავია, რომ დღემდე აივ-ინფექციისგან მთლიანად სულ სამი ადამიანის განკურნება დადასტურდა. მოსალოდნელია, რომ ამ ჯგუფს ნიუ-იორკელი პაციენტიც” შეუერთდება. ხაზგასასმელია, რომ თითოეულმა განკურნებულმა ვირუსი მას შემდეგ დაამარცხა, რაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროცედურა ჩაიტარა HIV-ის მიმართ ბუნებრივად რეზისტენტული დონორებისგან.
UNAIDS-ის მონაცემებით, აივ-ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე შიდსთან დაკავშირებული დაავადებებით 40 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით კი, 2021 წელს მსოფლიოში დაახლოებით 38.4 მილიონი ადამიანი იყო ვირუსით ინფიცირებული. 1.5 მილიონი HIV-ით ამავე წელს დაინფიცირდა, დაახლოებით 650,000 ადამიანი კი შიდსთან დაკავშირებული დაავადებებით გარდაიცვალა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ პირველი ადამიანი, რომელიც აივ-ინფექციისგან განიკურნა, ტიმოთი რეი ბრაუნია. მას მკვლევრები 2009 წელს გამოქვეყნებულ დასკვნებში „ბერლინის პაციენტის“ სახელით მოიხსენიებენ.
დატოვე კომენტარი