უყვარს აშშ-ის საჰაერო ძალის ჟარგონის გამოყენება და იმის აღნიშვნა, რომ ყველა ჩვენგანს „დასუსტებამდელი ვარ გისი ცხოვრება“ გვაქვს, რაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ფრენაში გატარებულ საათებს ნიშნავს, მანამ გამანადგურებელი თვითმფრინავი თავის ვარგისობას ამოწურავს და მისი ხმარებიდან ამოღება გახდება საჭირო. მაგრამ აიზეკმენი ამ კონცეფციას მეტაფორად ხედავს, თუ როგორ უნდა გაატაროს თავისი ცხოვრება.
„ფრენისთვის კონკრეტული ოდენობის საათები გაქვს, – ამბობს ის თავისი Shift4 Payments-ის ალენტაუნში (პენსილვანია) მდებარე ოფისიდან. 17.00 საათია. მეორე დილას ის შინ, მონტანაში მიემგზავრება. – ეს შეუზღუდავი დრო არ არის, ასე რომ, საბოლოოდ, ყველაფერი იმაზე დადის, რომ ამ დროის მაქსიმიზება მოახდინო, სადამდეც შეგიძლია“.
„მას გულწრფელად სჯერა, რომ ვარგისობის ვადა ყველას შეზღუდული გვაქვს, ამიტომ, მოდი, სანამ ცოცხლები ვართ, ყველაზე მაგარი რამეები ვაკეთოთ“, – ამატებს აიზეკმენის უფროსი ძმა მაიკლი.
37 წლის აიზეკმენი მართლაც მაქსიმალურად იყენებს თავის დროს. პირველი ბიზნესი 15 წლისამ წამოიწყო – ერთი წლით ადრე, სანამ სკოლას მიატოვებდა, რათა მშობლების სარდაფიდან საკრედიტო ბარათების ტერმინალებით ევაჭრა. 28 წლის რომ იყო, ჩაუშვა ის, რაც მსოფლიოში ყვედოკულაზე მსხვილ კერძო საჰაერო ძალად იქცეოდა, – Draken International-ი, რომელიც რვა წლის შემდეგ, ცხრანიშნა თანხის სანაცვლოდ, Blackstone-ს მიჰყიდა. ხოლო 2020-ის ივნისში – მას მერე, რაც თავისი რესტორნებისა და სასტუმროების გადახდების ფირმა საჯარო ბაზარზე გაიტანა, – ის მილიარდერად მოგვევლინა.
თუ გაცილებით ცნობილი მილიარდერის, ჯეკ დორსის Square-ის სამიზნეს უბნის საყავეები წარმოადგენს, აიზეკმენის Shift4 Payments-ი, გადახდების სახით, ყოველწლიურად $200 მილიარდზე მეტს განკარგავს ქვეყნის რესტორნებისა და სასტუმროების მესამედისთვის, მათ შორის, ისეთი გიგანტებისთვის, როგორიც Hilton-ი, Four Seasons-ი, KFC და Arby’s- ია და რომლებიც აიზეკმენის კომპანიას ეყრდნობიან, კომპლექსური გადახდები რომ განახორციელონ ათობით უძრავ ქონებასა და პუნქტში. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ- 19- ის კარანტინმა, ქვეყნის მასშტაბით, რესტორნები ქაოსში ჩაძირა და დროებით შეაფერხა მოლოდინის საგნად ქცეული პირველადი საჯარო შეთავაზების გეგმები, აიზეკმენს უკან არ დაუხევია. „ხალხმა მაინც უნდა ჭამოს, არა?“ – ამბობს ის.
აიზეკმენის ქონება დღეს $1.4 მილიარდს შეადგენს, რაც ლამის მხოლოდ იმ 38%-იანი წილის დამსახურებაა, Shift4 Payments-ში რომ ფლობს. ამას გარდა, დაახლოებით $100 მილიონის ტოლფასი დამატებითი აქტივების სახით, პატარა ულუფას Draken-შიც ინარჩუნებს, მათ შორის, MiG-ის რეაქტიულ თვითმფრინავსა და ცხრა სხვა თვითმფრინავს.
გართობის მიზნით, აიზეკმენი MiG-ს ბგერის სიჩქარეზე სწრაფად დააფრენს და მთებზე დაცოცავს, ნონსტოპ, ინტენსიური, 80-ზე მეტი საათით დატვირთული სამუშაო კვირებისგან რომ განიტვირთოს. ახალი წელი მან ანტარქტიდაზე გაატარა, მთა ვინსონის – სამხრეთ პოლუსიდან 80 მილში მდებარე 16,000 ფუტის თოვლისა და ყინულის კედლის – დაპყრობაში. უმაღლეს წერტილამდე 500 ფუტი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ დეჰიდრაციის გამო ჩამოსვლა მოუხდა, თუმცა პირობას დებს, რომ კვლავ ცდის.
ადრენალინის მოზღვავებას აიზეკმენი ბავშვობიდან დაეძებს. სკოლის მოსწავლე, ფარ-ჰილზის (ნიუ-ჯერსი) წყნარ გარეუბანში ცხოვრობდა, მისი ძმა, მასზე რვა წლით უფროსი მაიკლი უკვე თავის პირველ სახლს ყიდულობდა, ტიფანი და მარკი – აიზეკმენების ოთხი დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსები – 27-ის და 30 წლის იყვნენ და მუშაობდნენ, ჰოდა, ერთადერთი შვილი, დედ- მამასთან შინ დარჩენილი, აიზეკმენი იყო და რაღაც ცვლილება უნდოდა. „ყოველთვის მქონდა მოტივაცია, მათნაირი ცხოვრების წესით მეცხოვრა და არცთუ მოტივირებული ვიყავი სკოლასთან დაკავშირებით“, – ამბობს ის.
1998 წელს, მეგობართან, ორი წლით უფროს ბრენდან ლაუბერთან ერთად, პატარა კომპანია, Decho Systems-ი წამოიწყო, რათა ადგილობრივი ბიზნესებისთვის ვებგვერდების დიზაინი გაეკეთებინათ. მათი ერთ- ერთი პირველი კლიენტი Merchant Services Inc. (MSI) იყო – ახლომდებარე ნიუ- პროვიდენსში (ნიუ-ჯერსი) დაფუძნებული გადახდების დამმუშავებელი. ვებგვერდზე მუშაობასთან ერთად, MSI-ს კომპიუტერული უსაფრთხოების მიმართულებითაც სჭირდებოდა დახმარება, ჰოდა, აიზეკმენმა მათ საკუთარი თავი შიდა კონსულტანტად შესთავაზა. როცა მისი ეს ინიციატივა კომპანიის მხრიდან უკვე სრულგანაკვეთიანი სამუშაოს წინადადებად იქცა, აიზეკმენმა შანსი არ გაუშვა ხელიდან, 16 წლისამ სკოლა დატოვა და საშუალო სკოლის დიპლომის ნაცვლად, GED-ის (საშუალო სკოლის დიპლომის ჩამანაცვლებელი „ზოგადი განათლების განვითარების“) სერტიფიკატი აიღო.
MSI-ის ძირითადი ბიზნესი იმგვარი მოუქნელი ტერმინალების გაყიდვას წარმოადგენდა, რომლებზეც მაგნიტური ხაზების მქონე საკრედიტო ბარათები ტარდება. ბანკები მომხმარებლებისთვის ბარათებს გასცემდნენ და მოლოდინი ჰქონდათ, რომ მცირე ბიზნესები მათ ყოველგვარი დახმარების გარეშე მიიღებდნენ, ამ პროცესს კი ისეთ მესამე მხარის კომპანიებს ანდობდნენ, როგორიც MSI-ა. IT-განყოფილებაში მოკალათებულიც კი, აიზეკმენი ხედავდა, რამდენად მოუხერხებელი და ძვირი იყო ეს პროცესი. თუ, მაგალითად, ადგილობრივი პიცის ქსელი საკრედიტო ბარათების მიღებაზე დათანხმებოდა, ორი კვირა და აუარებელი ფორმა და გადასახადი იქნებოდა საჭირო, ვიდრე ბარათების გატარება შესაძლებელი გახდებოდა.
„21 წლის წინ, საკრედიტო ბარათების მიღებაზე თანხმობა იმავე ოდენობის ქაღალდებსა და დოკუმენტაციას გულისხმობდა, რამდენიც კომერციული იპოთეკისთვისაა საჭირო, – ამბობს აიზეკმენი. – ეს ძალიან ინტენსიური, დამღლელი და სრულიად არასაჭირო პროცესი იყო“.
MSI-ში ექვსი თვის მუშაობის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ შეეძლო, ეს პროცესი უფრო ჩქარი, იოლი და იაფი გაეხადა. ჰოდა, წამოვიდა კიდეც სამსახურიდან და მშობლების სარდაფიდან Shift4-ის წინაპარი, United Bank Card-ი ჩაუშვა. მისი პირველი თანამშრომელი მამამისი, დონი, იყო, რომელმაც მალევე დატოვა ვიცე- პრეზიდენტის თანამდებობა სახლის უსაფრთხოების კომპანიაში, სადაც გაყიდვების მიმართულებით მუშაობდა. MSI-ში შეძენილი კონტაქტებისა და ბაბუისგან ნასესხები $10,000-ის მეშვეობით, აიზეკმენმა დაარწმუნა ბანკი, მისთვის საიდენტიფიკაციო ნომერი მიეცათ, რომელიც საკრედიტო ბარათების ტერმინალების გასაყიდად სჭირდებოდა. შემდეგ ლაუბერიც აიყვანა სამსახურში – მეგობარი Decho-დან, რომელიც, თავის მხრივ, ამ ახალი ბიზნესის სასარგებლოდ, Rochester Institute of Technology-დან წამოვიდა.
„ხელების გადაგრეხა არ ყოფილა საჭირო, – ამბობს ლაუბერი, რომელიც დღეს Shift4-ის ტაჩსკრინის პროგრამული უზრუნველყოფის, „Harbortouch”-ის, განყოფილებას თაოსნობს. – წინასწარმეტყველი არა ვარ, მაგრამ მაშინ უკვე ვიცოდი, რომ ეს ბიჭი არ ხუმრობდა“.
ინტერნეტის პირველი ბუმის პიკი იყო. ორი მეგობარი ვებაპლიკაციებს ქმნიდა ტერმინალის მოპოვებისა და ბარათების მიღების პროცესის გამარტივების მიზნით. დონი, თავის მხრივ, გაყიდვების წარმომადგენლის ნიჭს იყენებდა, რათა ადგილობრივი ბიზნესები დაერწმუნებინა, შანსი მიეცათ ახალბედა ბიზნესისთვის, რომელსაც, ფაქტობრივად, ბავშვი მართავდა – იმ ასაკისა, მანქანის მართვის უფლება ძლივს რომ ჰქონდა.
„პრინციპში, მე არც ვჩნდებოდი და არც ჩემი ასაკი გამიმჟღავნებია, – იხსენებს აიზეკმენი. – სარდაფში ვიმალებოდი“. 2003-ისთვის მას ჯერ არ მიეღწია იმ ასაკისთვის, ალკოჰოლის ყიდვა რომ შეძლებოდა, მაგრამ უკვე იმდენი ფული ეშოვნა, რომ ბაბუასთვის ვალი დაებრუნებინა და ნიუ- ჯერსის მიღმაც გაფართოებულიყო. მისმა ოთხი წლის სტარტაპმა, რომელსაც ათასობით ახალი მომხმარებელი მოეზიდა, ოფისი არიზონაში გახნა. მომდევნო დიდი გარღვევა 2008-ში მოხდა, როცა მათ Harbortouch-ი ჩაუშვეს – იმხანად ფუტურისტული ტაჩსკრინი, რომელიც ერთ ხელსაწყოში სალაროსაც აერთიანებდა და საკრედიტო ბარათის ტერმინალსაც. „ეს Square-ამდე წლებით ადრე იყო, – ამბობს აიზეკმენი და სწრაფად ჩამოთვლის იმ მეტოქეებს, რომლებიც დროში დაჯაბნა. – გაცილებით წინ ვიყავით, ვიდრე ყველა დანარჩენი, ეს კი გიჟურ წარმატებას ნიშნავდა“.
ამავე დროს, ის შრომას გამოეფიტა – კომპანიის სუფთა ფურცლიდან შექმნაში გატარებულ წლებს. ჰოდა, გადაწყვიტა, ჰობისთვის მიეყო ხელი. ეს ავიაცია აღმოჩნდა. თავიდან პროპელერიანი თვითმფრინავებით დაიწყო, მაგრამ ორ წელიწადში მადა გაეზარდა, ასე რომ, ასობით ფრენის საათი იმაში დააბანდა, რომ რეაქტიული თვითმფრინავებით ფრენა შეძლებოდა. 2009-ში, 26 წლისამ, მეორე მცდელობაზე, მსუბუქ რეაქტიულ თვითმფრინავში ყველაზე სწრაფი ფრენა განახორციელა მსოფლიოს გარშემო. ნიუ- ჯერსის ქალაქ მორისტაუნიდან (და უკან) აზორის კუნძულებისა და ალასკის გავლით გაფრინდა, ამისთვის კი 61 საათი და 51 წუთი დასჭირდა და წინა რეკორდი მთელი 21 საათის განსხვავებით მოხსნა. ამასთან, ორ ფრენას შორის მან $100,000-ზე მეტი მოიზიდა Make-A-Wish Foundation-ისთვის (ეს მისი პირველი ინიციატივა გახლდათ 2008-ში, რომელმაც კრახი განიცადა, როცა ინდოეთში ის ოფიციოზმა შეაფერხა).
მალევე აღმოაჩინა, რომ სამოქალაქო პირებსაც შეეძლოთ სამხედრო თვითმფრინავების მართვა, თუ საკმარისი ფრენის დრო ექნებოდათ დაგროვილი და ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის (FAA) კვალიფიკაციებს დააკმაყოფილებდნენ. ასე რომ, გამანადგურებელი თვითმფრინავების მართვის სწავლას მიჰყო ხელი. 2010-ში მისი მზარდად ექსტრემალური ჰობი ნახევარგანაკვეთიან სამუშაოდ იქცა, როცა მან შონ გუსტავსონი გაიცნო – აშშ- ის საჰაერო ძალების სადემონსტრაციო ავიარაზმის, ცნობილი Thunderbirds-ის ყოფილი წევრი, რომლის, როგორც პილოტის, საიდენტიფიკაციო კოდური სიგნალი „Stroker”-ია (აიზეკმენის „Rook”-ი გახლავთ, სიტყვიდან rookie – „ახალწვეული“). გუსტავსონთან, სხვა პენსიაზე გასულ პილოტებსა და გაწაფულ სამოქალაქო პირებთან ერთად, აიზეკმენმა საჰაერო შოუებისთვის განკუთვნილი ავიარაზმი შექმნა, სახელად Black Diamond Jet Team-ი, რომელიც საჰაერო აკრობატიკას ასრულებდა NFL-ის თამაშებსა და Indy 500- ზე.
„ძალიან ცოტა სამოქალაქო პირია, ვისაც სამხედრო თვითმფრინავის მართვის შანსი ეძლევა. FAA-ს შემოწმების გავლა და მათი სერტიფიკატის მიღება უკიდურეს იშვიათობას წარმოადგენს, – ამბობს გუსტავსონი. – მისი ჟინისა და გატაცების დამადასტურებელი საბუთია, რომ ეს შეძლო“.
ერთი წლის თავზე აიზეკმენსა და გუსტავსონს კიდევ უფრო კარგი იდეა დაებადათ. ფინანსური კრიზისის შემდეგ აშშ- ის სამხედრო ძალები ხარჯების შეკვეცის რეჟიმში გადასულიყო. ლას- ვეგასთან ახლო, Nellis Air Force Base- ში, რომელიც საზღვაო ძალების სკოლა Top Gun-ის საჰაერო ეკვივალენტია, სამხედრო დეპარტამენტი მილიარდობით დოლარს ხარჯავდა პილოტთა წვრთნაზე საომარ თამაშებში ცრუ ოპონენტების წინააღმდეგ. საგანმანათლებლო მიზნებისთვის, F-16-ებისა და გამოცდილი პილოტების ბრძოლებიდან გამოწვევა სულ უფრო არაპრაქტიკული ხდებოდა. დუეტმა საჰაერო შოუებიდან აქ შესაძლებლობის ფანჯარა დაინახა: თუ დაარწმუნებდნენ საჰაერო ძალებს, მათი სახით გარეთ ეძიათ მწვრთნელები (ისინი უცხო ქვეყნის მოკავშირეთა ყოფილ სამხედრო თვითმფრინავებს გამოიყენებდნენ, რომელთა ოპერირება გაცილებით იაფი ჯდებოდა და რომელთაც პენსიაზე გასული პილოტები აფრენდნენ, ნაცვლად სამხედრო დეპარტამენტის ხელფასზე მყოფი თანამშრომლებისა), მაშინ მილიარდებიც დაიზოგებოდა და საჰაერო ძალების საუკეთესო პილოტებსაც მიეცემოდათ საშუალება, უცხოეთში ებრძოლათ, ნევადის უდაბნოში კი არ ეწვრთნათ ახალბედები. საჰაერო შოუს გუნდის უმეტესობასთან ერთად, გეგმის რეალობად გადაქცევის მიზნით, მათ Draken International-ი დააფუძნეს.
აიზეკმენმა, მეგობრებისა და ყოფილი კოლეგებისგან მხოლოდ მინიმალური ინვესტიციებით აღჭურვილმა, ბლომად ფული ჩაღვარა Draken-ში, რათა მთელ მსოფლიოში ათობით გამანადგურებელი თვითმფრინავი ეყიდა. Douglas A-4 Skyhawk-ები – ახალი ზელანდიიდან. Atlas Cheetah-ები – სამხრეთ აფრიკიდან, Aero L-159-ები – ჩეხეთის რესპუბლიკიდან… საბოლოო ჯამში, მათ 100 თვითმფრინავი მოაგროვეს და ასე შეიქმნა სამხედრო ავიახომალდების ყველაზე მსხვილი კერძო საჰაერო ფლოტი მსოფლიოში.
საზღვაო ძალებს უკვე ჰქონდა მსგავსი პროგრამა დაწყებული, მაგრამ საჰაერო ძალების ავადგანთქმულად ჩაკეტილ კულტურაში შეღწევა უფრო რთული გამოდგა. Draken-ს ოთხი წელი დასჭირდა, რომ 2015-ში, ბოლო- ბოლო, პირველი კონტრაქტი მოეპოვებინა და ესეც კი პატარა, სადემონსტრაციო- საცდელი ვერსია იყო. სკოტ „Kidd” პოტიტი – რომელსაც შვიდი წელი გაეტარებინა Nellis-ში მეთაურისა და გამომცდელი პილოტის რანგში, მანამ, რაღაც მომენტში, Draken-ს არ შეუერთდა ბიზნესის განვითარების უფროსად – თავდაპირველად სკეპტიკურად იყო განწყობილი.
„მეგონა, ზედმეტად ამბიციური, წარუმატებლობისთვის განწირული [პროექტი] იყო … მაგრამ [აიზეკმენმა] დაინახა, რომ არსებობდა ამის საჭიროება, – ამბობს პოტიტი. – როგორც კი შეადგა ფეხი კარში, ისეთი სერვისი უზრუნველყო, საჰაერო ძალები რომ ვერც ინატრებდა“.
საჰაერო შოუებში და თვითმფრინავების შესაძენად პლანეტის გარშემო ფრენის პარალელურად, აიზეკმენი კვლავ მართავდა გადახდების კომპანიას. მეტიც, მას თავის საფირმო, 16-საათიან სამუშაო დღეებს ახმარდა, რაც დაახლოებით 15%-ია იმისა, რამდენსაც Draken-ს ახარჯავდა. „ერთადერთი, რაც [Draken-ისთვის] უნდა მექნა, მეტი და მეტი გამანადგურებლის ყიდვა იყო, სანამ ვინმე სხვა დამასწრებდა, – ამბობს ის. – ჩემი დროის უფრო დიდი ულუფა ყოველთვის Shift4-ი მიჰქონდა“.
2014-ში ერთმა შესაძლებლობამ იჩინა თავი, რომელიც ზედმეტად კარგი იყო საიმისოდ, რომ გვერდით ჩაგევლო: მისი ძველი დამქირავებელი, MSI, მყიდველს ეძებდა. აიზეკმენმა, რომელიც თავის გადახდების კომპანიას 15 წლის მანძილზე არსებული რესურსებით ამუშავებდა, 53.3%-ის ტოლფასი წილი ამ ბიზნესისა კერძო სააქციო კაპიტალის ფირმა Prospect Capital-ს მიჰყიდა $279 მილიონად – სააქციო კაპიტალისა და ვალის სახით. შემდეგ კი ნაღდი ფული – დაახლოებით $250 მილიონი – MSI-ს შესაძენად გამოიყენა.
ეს შვიდი შესყიდვიდან პირველი გახლდათ. 2017-ში, ერთი წლის მერე მას შემდეგ, რაც Prospect- მა, თავის მხრივ, თავისი წილი კიდევ სხვა სააქციო კაპიტალის ფირმას, ნიუ- იორკში დაფუძნებულ Searchlight Capital-ს $328 მილიონად მიჰყიდა, აიზეკმენმა შესყიდვების სერია წამოიწყო. რესტორნების სფეროდან პროგრამული უზრუნველყოფის სამი მეტოქე შეარჩია და მათი თითქმის 100,000 კლიენტიც თან გაიყოლა – მათ შორის, ისეთი ნაციონალური ქსელები, როგორიც Outback Steakhouse-ი და Denny’s-ი არიან. 2017-ის ნოემბერში მან ლას- ვეგასში დაფუძნებული Shift4 Payments-ი შეიძინა, რაც, ჯერჯერობით, მის ყველაზე მსხვილ შესყიდვას წარმოადგენს. აიზეკმენმა ამ კომპანიის სახელიც დაიტოვა და მისი ცისფერკოჭა მომხმარებლებიც, მათ რიცხვში, Caesars Palace-ი და PGA Tour-ი.
Shift4-ის შესყიდვამ, სულ მცირე, გააორმაგა აიზეკმენის მიერ დამუშავებული გადახდების მოცულობა – დაახლოებით $100 მილიარდამდე წელიწადში. მარჟები ამ ინდუსტრიაში მცირეა – ყოველი დამუშავებული ტრანზაქციიდან პროვაიდერები დოლარზე რამდენიმე ცენტს იღებენ. ერთ ჭერქვეშ გაერთიანებული პროგრამული უზრუნველყოფის ასობით ვერსიითა და გადახდის არაერთი ხელსაწყოთი აღჭურვილ აიზეკმენს ახლა უფრო მსხვილი, სარფიანი კლიენტების ამოღება შეუძლია მიზანში. „ეს ყველაზე ტრანსფორმაციული ტიპის შესყიდვა იყო, რაც კი რამ განგვიხორციელებია, – ამბობს ის. „მთელი სასტუმრო ბიზნესის მსუყე ულუფა ჩაგვიგდო ხელში“.
აიზეკმენი უკვე დიდ სიმაღლეებზე დაფრინავდა, როცა ყველაზე დიდი ხელშეკრულება გაჩარხა Draken-ისთვის. Shift4-ის შესყიდვიდან შვიდ თვეში მან თავის ჟანრში უნიკალურ, $28-მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლითაც ხუთი წლის მანძილზე საჰაერო ძალების პილოტები უნდა ეწვრთნა Nellis-ში.
მის ძველ სკოლის მეგობარს ეს არ გაჰკვირვებია. „საუკეთესოა ყველაფერში, რასაც ხელს მოჰკიდებს და მან ეს სრულიად განსხვავებულ ინდუსტრიებში დაამტკიცა, თანაც, ყველგან ნულიდან იწყებდა, – ამბობს ლაუბერი. – ვნახე, დავიპყარი და საუკეთესოდ გავაკეთე“ – ეს მისი პიროვნული თვისებაა“.
აიზეკმენმა 2020-ში ცხრანიშნა ქონებითა და პირველად საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული დიადი გეგმებით შეადგა ფეხი. მართალია, კომპანია ზარალში იყო, მას რეკორდული შემოსავალი – $731 მილიონი – მოეპოვებინა. შემდეგ ყოვლისმომცველი, მოულოდნელი ტურბულენცია დაიწყო.
18 მარტს აიზეკმენი Shift4-ის ალენტაუნის სათავო ოფისის საკონფერენციო ოთახში იყო გამოკეტილი მენეჯმენტის უფროს წარმომადგენლებთან ერთად. ორი დღით ადრე S&P 500-ს კოლაფსი განეცადა და, 1987 წელს თუ არ ჩავთვლით, თავის ყველაზე ცუდ დღეს უახლოვდებოდა, რასაც, ორ კვირაში მესამედ, ვაჭრობის შეჩერება გამოეწვია.
Shift4-ის ინვესტორული ტურნე, რომელიც მომდევნო კვირისთვის იყო დაგეგმილი, ყოველ წამს უფრო არარეალურად გამოიყურებოდა. შუა კრიზისის მენეჯმენტის შეხვედრისას (რომელზეც განიხილებოდა, თუ როგორ უნდა გადაეყვანათ თანამშრომლები თანდათან შინ მუშაობის რეჟიმზე), ვიღაცამ უცებ ახალი ამბავი გაახმოვანა: პენსილვანიის გუბერნატორი ტომ ვულფი სახლში ყოფნის უფრო მკაცრი განკარგულების გამოცემას აპირებდა მომდევნო დღეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ Shift4-ის ოფისები, ფაქტობრივად, უნდა დახურულიყო.
„ეს, შეიძლება ითქვას, ცხოვრების შემცვლელი მომენტი იყო, – ამბობს აიზეკმენი. – უამრავი აზრი მიტრიალებდა თავში. ვფიქრობდი, ნეტავ, საერთოდ თუ დაბრუნდება ხალხი ოფისებში ან კომპანია კვლავ თუ იარსებებს- მეთქი“. მარტის ბოლო კვირისთვის Shift4-ის 125,000 მომხმარებელ რესტორანში ტრანზაქციები 74%-ით დაეცა თებერვლის პირველ კვირასთან შედარებით, 21,000 მომხმარებელ სასტუმროში კი ეს მაჩვენებელი 86%-ით დაცემულიყო.
აიზეკმენის გარდა, ყველა შინ წავიდა. Shift4-ის 80,000 კვადრატული ფუტის სათავო ოფისში, ცარიელ სამუშაო სივრცეთა რიგებით გარშემორტყმული, ის სამუშაო კვირის მანძილზე დღეში 16 საათს მუშაობდა, შაბათ- კვირას კი დილის 9-დან 17 საათამდე. გასაჭირში ჩავარდნილი კლიენტების დასახმარებლად, მან გადასახადებზე სამთვიანი მორატორიუმი დააწესა და ჩაუშვა საიტი, სადაც მყიდველებს სასაჩუქრე ბარათების შეძენა შეეძლოთ; Shift4-მა ყველა მოზიდული თანხის 5%-ის გენერირება შეძლო. აიზეკმენმა QR-კოდებიც გამოუშვა უკონტაქტო გადახდებისთვის და ახალი სერვისი დანერგა, რათა რესტორნებს ონლაინშეკვეთებზე გადასვლაში დახმარებოდა.
Shift4-ს გამოსაცოცხლებლად ბევრი დრო არ დასჭირვებია. მაისისთვის რესტორნის ინდუსტრიის ტრანზაქციებმა, მარტის დაბალი ნიშნულის შემდეგ, 45%-ით იმატა, თუმცა სასტუმროებს კვლავ ცუდად მისდიოდათ საქმე. კომპანიამ პირველადი საჯარო შეთავაზება ივნისში, ნიუ- იორკის საფონდო ბირჟაზე გააკეთა, ივლისში კი საუკეთესო თვის მომსწრე შეიქნა – 25%-ით მეტი გადახდა განკარგა, ვიდრე 2019-ის იმავე პერიოდში.
პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ, აიზეკმენის სამუშაო საათები კიდევ უფრო გახანგრძლივდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში, $67 მილიონის გაყიდვებზე, წმინდა დანაკარგების სახით, $75 მილიონის ზარალი იწვნია (დიდწილად, პანდემიის გამო), Shift4-ი დღეს კვლავ იმატებს მომხმარებლებს (ივლისში ამ უკანასკნელთა რიგებს NFL-ის Las Vegas Raiders-ი და მათი ახალი სახლი, Allegiant Stadium-ი შეუერთდნენ). Shift4-ის დაბალი საკომისიოები (მისი მთავარი მეტოქეების, Elavon-ისა და FreedomPay- სასთან შედარებით) ახლა კიდევ უფრო მომხიბლავი გახდა, რადგან რესტორნები და სასტუმროები ხარჯების შემცირების გზებს უფრო აქტიურად ეძებენ. აიზეკმენი საზღვარგარეთულ გაფართოებას განიზრახავს და გეგმავს, სასტუმრო სექტორის გადახდების ჩვეულ ჰაბიტატს გასცდეს.
როცა ამ ნონსტოპ რეჟიმისგან შესვენება სჭირდება, სამხრეთ მონტანაში მდებარე სახლს მიაშურებს, სადაც თავისი MiG-ი უყენია. შემდეგ Shift4- ის მაისურს საფრენი კოსტიუმით ანაცვლებს და ცისკენ იღებს გეზს. „ეს კვლავაც თერაპიაა, – ამბობს ის. – კვლავაც თავდაღწევის საშუალებაა ჩემთვის”.
კოვიდ- 19- ის შემთხვევათა მეორე ტალღამ ამ ზამთარს შესაძლოა, ისევ საფრთხის ქვეშ დააყენოს ყველაფერი, მაგრამ აიზეკმენი არ ნერვიულობს. „ეს გრძელი თამაშია, – ამბობს ის. – სამყარო დაიბრუნებს თავის სიცოცხლეს“.
დატოვე კომენტარი