General Motors-ის განცხადებით, ის ახალი Chevrolet Bolt-ის ფასს $26,595-მდე შეამცირებს, რის შედეგადაც ავტომობილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე იაფ ელექტრომობილად იქცევა. Bolt-ის ახალი ფასი სულ მცირედით ჩამოუვარდება ელექტრომობილ Nissan Leaf-ისას, რომლის სავარაუდო საცალო ღირებულებაც $27,400-ს უტოლდება.
Bolt-ის ფასი, $36,620-ად გაყიდულ 2020 წლის მოდელთან შედარებით, 27%-ითაა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ General Motors-მა, ელექტრობატარეებთან დაკავშირებული ხარვეზის გამო Chevrolet Bolt-ის ბოლო მოდელები უკან გაიწვია, რამაც კომპანიაში ელექტრომობილების წარმოების განვითარებაზე უარყოფითი გავლენა იქონია. ხარვეზის გამო, Motors-ისთვის ბატარეების მიმწოდებელ LG-ის, $1.9 მილიარდის გადახდა დაეკისრა. GM-მა Bolt-ის წარმოება 2021 წელს შეაჩერა და 2022 წლის აპრილში განაახლა. იმავე წელს, კომპანიამ Bolt-ის კროსოვერი, Bolt EUV წარადგინა.
2016 წელს გამოშვებიდან 1 წელიწადში Bolt სედანის 23,297 ერთეული გაიყიდა. თუმცა მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და General Motors-მა 2022 წელს, Bolt სედანისა და კროსოვერის ჯამში მხოლოდ 24,828 მოდელის გაყიდვა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ GM-მა Bolt EUV-ს ფასის წინა წელთან შედარებით $6,300-ით, $28,195-მდე შემცირება გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, კომპანია მიმდინარე წელს Bolt-ის მოდელების რეკორდული წარმოებისთვის ემზადება.
Bolt-ის ხელმისაწვდომმა ფასმა შესაძლოა, იმ ადამიანების ინტერესი დაიმსახუროს, რომელთაც სხვა ელექტრომობილების შეძენის საშუალება არა აქვთ. Tesla-ს ყველაზე იაფი ელექტრომობილის, Model 3-ის ფასი ბოლო სამი წლის განმავლობაში 34%-ით გაიზარდა და $48,440-ს მიაღწია. Tesla-ს გარდა, გაიზარდა Ford-ის ელექტრომობილის, Mustang Mach-E-ისა და Rivian-ის მანქანების ღირებულებაც.
დატოვე კომენტარი