ნორვეგიულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Fresco Motors-მა წარადგინა ელექტრომობილი Fresco XL-ი, რომელიც, მისი თქმით, ელემენტის ერთი დამუხტვით 1000 კილომეტრს გაივლის. აღსანიშნავია, რომ თუ კომპანიის პრეტენზია საფუძვლიანია, ეს რეკორდული მაჩვენებელი იქნება.
მოცემული დროისთვის ბაზარზე არსებული ელექტრომობილებიდან ელემენტის ერთი დამუხტვით ყველაზე დიდ დისტანციას, EPA-ს რეიტინგით, 2021 წლის Lucid Air-ი ფარავს. მას 837 კილომეტრის გავლა შეუძლია. ცოტა ხნის წინ გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Mercedes-Benz-მა განაცხადა, რომ ნაწილობრივ მზის ენერგიაზე მომუშავე Vision EQXX-ი, რომელიც ჯერ მხოლოდ კონცეფციის დონეზე არსებობს, 1000 კილომეტრის დაფარვას შეძლებს.
2019 წელს დაარსებულ Fresco Motors-ს სახელი ამერიკელი ინჟინრის, ჟაკ ფრესკოს პატივსაცემად დაერქვა. კომპანიის განცხადებით, Fresco XL-ი რვაადგილიანი იქნება. მას მაღალი ენერგოეფექტიანობის უზრუნველსაყოფად აეროდინამიკური დისკები მოჰყვება.
Fresco Motors-მა ასევე მიანიშნა, რომ Fresco XL-ის მფლობელები შეძლებენ, მანქანა სახლის ენერგეტიკულ სისტემას მიუერთონ და დამუხტონ, ან პირიქით, ენერგია ავტომობილიდან სახლში შეიყვანონ. როგორც კომპანიის ვებგვერდიდან ვიგებთ, ელექტრომობილის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია. მისი ფასი კი 114,330 აშშ დოლარით არის განსაზღვრული.
დატოვე კომენტარი