ვენჩურული კაპიტალის ფირმა Thrive Capital-თან გაფორმებული შეთანხმებით, OpenAI-ის შეფასება $80 მილიარდამდე გაიზარდა. ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს. შედეგად, კომპანიის ღირებულება, მხოლოდ ცხრა თვის წინანდელ მონაცემთან შედარებით, თითქმის სამჯერაა გაზრდილი.
ე.წ. „სატენდერო შეთავაზების ფარგლებში, რომელსაც Thrive-ი ხელმძღვანელობს, OpenAI არსებული აქციების გაყიდვის პროცესში ჩაერთვება. ეს საშუალებას მისცემს დასაქმებულებს, მათ საკუთრებაში არსებული აქციები ხელოვნური ინტელექტის კომპანიაში გაანაღდონ. გარიგება დაახლოებით 10 თვის შემდეგ შედგა მას შემდეგ, რაც OpenAI-იმ, $300 მილიონამდე ღირებულების აქციის გაყიდვაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. შედეგად, კომპანია $27 მილიარდად შეფასდა.
CB Insights-ის მონაცემებით, $80-მილიარდიანი შეფასებით, OpenAI მსოფლიოში მესამე ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპია. პირველ და მეორე ადგილებს TikTok-ის მშობელი კომპანია ByteDance-ი და ილონ მასკის SpaceX-ი იკავებს, შესაბამისად, $225-მილიარდიანი და $150-მილიარდიანი შეფასებებით.
Wall Street Journal-მა ახალ გარიგებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს გაავრცელა. გამოცემის შეფასებით, შეთანხმების შემდეგ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის ღირებულება $90 მილიარდს მიაღწევდა.
OpenAI 2015 წელს დაარსდა. მხოლოდ Microsoft-მა სტარტაპში $13 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. გასული წლის აპრილში, Thrive-ი, Sequoia Capital-ი, Andreessen Horowitz-ი და K2 Global-ი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპში აქციების შესყიდვაზე შეთანხმდნენ, რის შემდეგაც OpenAI-ის ღირებულება $27 მილიარდამდე გაიზარდა.
ხუთშაბათს OpenAI-იმ უახლესი პროდუქტი – Sora წარადგინა. Sora-ს, ტექსტური მოთხოვნების შესაბამისად, ვიდეოების გენერირება შეუძლია. სერვისი ამ ეტაპზე კვლავ ტესტირებებს გადის და უცნობია, თუ როდის იქნება ის ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის.