გაცემული ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა აპრილის პირველ ორ კვირაში შემცირდა, – ამის შესახებ TBC Capital-ის ახალ კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, მიმოხილვის მიხედვით, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა 1-19 აპრილის პერიოდში 19.2%-ით 2019 წლის დონესთან შედარებით (5 x ზრდა წ/წ) შემცირდა.
გარდა ამისა, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სურსათსა და ფარმაციაზე უნაღდო ხარჯვის წლიური ცვლილება უარყოფით ნიშნულზეა, რაც 2020 წლის მაღალი საბაზო ეფექტითაა განპირობებული. ამავდროულად, 2019 წელთან შედარებით ზრდის ტემპი მაღალი რჩება.
TBC Capital-ის მიხედვით, არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვა აპრილში შესამჩნევად გაუმჯობესდა. წინა კვირასთან შედარებით, რესტორნებში უნაღდო დანახარჯების ზრდის მცირედით მაღალი, ხოლო სასტუმროებში შედარებით სუსტი მაჩვენებელი დაფიქსირდა. „13-19 აპრილის პერიოდში, უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპმა რესტორნებსა და კაფეებში -14% შეადგინა, ხოლო სასტუმროებში -44%“, – წერია მიმოხილვაში.
რაც შეეხება გართობაზე უნაღდო დანახარჯებს, TBC Capital-ი წერს, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე ეს მაჩვენებელი გაძლიერდა. ფიტნესზე უნაღდო დანახარჯები კი ზრდის დადებით ნიშნულს დაუბრუნდა.
კვლავ მაღალია სამშენებლო მასალებსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი. ხოლო თიბისის არხებით განხორციელებული ფულადი გზავნილები ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს ინარჩუნებს.
დატოვე კომენტარი