ფრანგული მოდის ინდუსტრიის წამყვანი ბრენდები, გაუყიდველი საქონლის ფასდაკლებებით გაყიდვას, მის განადგურებას არჩევენ ხოლმე. თუმცა, ახალი კანონმდებლობით, არსებული რეალობა იცვლება. ბრენდებისთვის ფასდაკლებები ყოველთვის კარგი გამოსავალი არაა, რადგან დაბალმა ფასებმა შესაძლოა მათი ელიტარული სტატუსი მნიშვნელოვნად შეარყიოს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს Burberry სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა ბრენდმა 2017 წლის გაუყიდველი საქონელი გაანადგურა, ჯამში $38 მილიონის ღირებულების. კრიტიკის შემდგომ, კომპანიამ გაუყიდველი საქონლის განადგურებაზე უარი თქვა. შეიცვალა სიტუაცია სხვა ბრენდებისთვისაც, ახლა ისინი საკუთარი მარაგების მენეჯმენტის გაუმჯობესებას ცდილობენ, ახალ ეკონომიკურ რეალობაში კი ძველი მენტალიტეტი, რომ ის, რაც არ „მუშაობს“, უნდა განადგურდეს, გაქრა.
Kering Group-მა, რომელიც Gucci-ს, Saint Laurent-ის და Balenciaga-ს ეტიკეტებს ფლობს, საკუთარი მარაგების უკეთ სამართავად, ინვესტიცია ხელოვნურ ინტელექტში (AI) განახორციელა. მისმა კონკურენტმა LVMH-მა კი, რომელიც მოიცავს Louis Vuitton-ს, Dior-ს და Celine-ს, აღიარა, რომ ახალი კანონი უბიძგებს ელიტარულ სახლებს, კიდევ უფრო მეტი გაიგონ თავიანთი კლიენტების შესახებ, რათა უკეთ განჭვრიტონ მათი მსყიდველუნარიანობა და ამით მარაგები მინიმუმამდე შეამცირონ.
გაუყიდველი საქონლის განადგურების მაგივრად ბრენდებს რამდენიმე ალტერნატივა აქვთ. პირველი – თანამშრომლებისთვის ჩამოფასებულ ღირებულებად მიყიდვაა. მეორე – ასოციაციებისთვის ჩუქება, რასაც LVMH-ი Cravate Solidaire-თან პარტნიორობით აკეთებს. მესამე კი გაუყიდველი საქონლის გადამუშავება და ხელახალი გამოყენება – პრაქტიკა, რომელიც მოდის სფეროში ნელ-ნელა ინერგება. Hermes-მა განაცხადა, რომ მან 2020 წელს 39,000 განახლებული პროდუქტი გაყიდა. „მარკ ჯეიკობსი“ გადაამუშავებს გაუყიდველ ქსოვილს და მას ხშირად სტუდენტებსა და მხატვრებს აწვდის გამოსაყენებლად. LVMH-ი კი, WeTurn-თან პარტნიორობით, გაუყიდველ ტანსაცმელსა და მასალას, ძაფსა და ქსოვილებში გადასამუშავებლად აგროვებს.
დატოვე კომენტარი