TikTok-ზე პოპულარული კრეატორები შემოსავლის მიღებას უკვე რეკლამებიდანაც შეძლებენ. სოციალური პლატფორმის ახალი პროგრამით, რეკლამის განთავსება ტოპ-ვიდეოებთან ერთად გახდება შესაძლებელი, რაც TikTok-ზე კრეატორებისთვის YouTube-ის მსგავს ანაზღაურების სისტემას დანერგავს.
ახალი პროგრამა TikTok Pulse-ის საშუალებით, რეკლამის განმთავსებლები მათი კონტენტის განთავსებას აპლიკაციის ვიდეოების ტოპ 4%-თან შეძლებენ. რეკლამის განსათავსებლად შერჩეული ვიდეოები 12 განსხვავებულ „კულტურულად რელევანტურ“ კატეგორიას გააერთიანებს, როგორიცაა კულინარია, გეიმინგი და სილამაზე. რეკლამიდან მიღებული შემოსავლების გაზიარების პროგრამით სარგებლობას 100,000-ზე მეტი გამომწერის შემკრები კრეატორები, ცნობილი სახეები ან მედიაგამომცემლები შეძლებენ.
ივნისში TikTok Pulse-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინერგება, შემოდგომიდან კი სხვა ბაზრებზეც გამოჩნდება. თუმცა როგორ გადანაწილდება რეკლამიდან მიღებული შემოსავალი კრეატორებსა და კომპანიას შორის, ჯერჯერობით უცნობია. მსგავსი სისტემა YouTube-ზე უკვე არსებობს, რომელიც მომხმარებელს, მათ ვიდეოებამდე რეკლამის განთავსებით, შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს. შეგახსენებთ, რომ TikTok-ის პოპულარული კრეატორები, 2020 წლიდან შემოსავალს აპლიკაციის პროგრამა Creator Fund-ის საშუალებით იღებენ. შემოსავლისთვის, მომხმარებლებს მინიმუმ 10.000 გამომწერი უნდა ჰყავდეთ და ბოლო 30 დღის განმავლობაში სულ მცირე 100.000 ნახვა უნდა უფიქსირდებოდეთ.
ბოლო მონაცემებით, TikTok-ს ყოველთვიურად 1 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. Forbes-ის შეფასებით, ყველაზე მაღალშემოსავლიანი TikTok-ერები ჩარლი დ’ამელიო, დიქსი დ’ამელიო და ედისონ რეი არიან, რომელთაც გასულ წელს ჯამში $55.5 მილიონის გამომუშავება შეძლეს.
დატოვე კომენტარი