ქართულმა ავიაკომოპანია “აირ ჯორჯიამ“, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით გასული წლის აგვისტოში დარეგისტრირდა, 50 მლნ დოლარის ღირებულების ორი Airbus A320-ს ჩამოიყვანს. BM.GE კომპანიის საქმიანობისა და გეგმების გასარკვევად კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელ გიორგი კოდუას დაუკავშირდა.
მისი ინფორმაციით, პროექტი ქართულთან ერთად უცხოური ინვესტიციით ხორციელდება და ფინანსური რესურსი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან შემოდის.
“ავიაკომპანიის მიერ პირველი ორი Airbus-ის შემოყვანისთვის 40-50 მლნ დოლარი იხარჯება, თუმცა ეს პროექტი 3 ფაზად იყოფა და სამივე ფაზის საინვესტიციო ღირებულება 100-150 მლნ დოლარამდე იქნება“, – უთხრა BM.GE-ის გიორგი კოდუამ.
კითხვაზე – როდიდან დაიწყებს “აირ ჯორჯია“ ოპერირებას და რა მიმართულბებს აითვისებს, გიორგი კოდუამ უპასუხა, რომ ფრენები, სავარაუდოდ, დეკემბერ-იანვრიდან დაიწყება.
“პროცედურა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან 2-3 თვიანია და ვვარაუდობ, რომ ოპერირებას დეკემბერ-იანვრიდან დავიწყებთ. თუ ეს ასე იქნება, ვაპირებ პირველი ჩარტერები შევასრულოთ შრი-ლანკაზე, გოაზე, შარმ ელ შეიხში ანუ ტურისტულ მიმართულებებზე”, – განაცხადა გიორგი კოდუამ და აღნიშნა, რომ პანდემიის გამო შექმნილი სტრესული მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ტურისტულ რეისებზე მოთხოვნის მოლოდინი აქვს.
“აირ ჯორჯიას“ მფლობელის თქმით, თბილისიდან ჩარტერები შემდეგი მიმართულებებით შესრულდება: ანტალია, შარმ ელ შეიხი, ყაზახეთი. “კიდევ გვაქვს განვითარების პროექტი, რასაც მოგვიანებით გაგაცნობთ“, – უთხრა BM.GE-ის გიორგი კოდუამ.
დატოვე კომენტარი