ახალი რეალობის პირისპირ

ახალი რეალობის პირისპირ

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშით, COVID-19-ის პანდემიამ გლობალური ტურიზმი ხუთი თვის განმავლობაში $320 მილიარდით დააზარალა. კორონავირუსის გავრცელებამ და “ლოქდაუნებმა“ ინდუსტრია შეაჩერა, რამაც იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში $320 მილიარდის ოდენობის ზარალი გამოიწვია. ჰორეკა სექტორი ერთ-ერთია, რომელმაც აღნიშნული კრიზისისგან მნიშვნელოვნად იზარალა. თითქმის ცარიელი დარბაზები, არარსებული ჯავშნები და ბიზნესის ბუნდოვანი მომავალი – ეს “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასისთვის“ ახალი რეალობაა. გენერალური მენეჯერი ფრედ სმიტსი სასტუმროში არსებულ მდგომარეობასა და თავის მოლოდინებზე Forbes Georgia-ს უყვება. 

თიბისი კაპიტალის“ მიერ ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისის დიდ სასტუმროებში ივლისში 4% სამომავლო დატვირთულობა ფიქსირდებოდა. რა მდგომარეობაა ამჟამად დატვირთულობისა და ჯავშნების თვალსაზრისით სასტუმროში?

ტურისტები საერთოდ არ არიან, ეს არის რეალობა. ერთადერთი, რაც ამჟამად ფიქსირდება – საქმიანი ჯავშნებია. ეს არის და ეს. თუ თბილისში მდებარე სხვა დიდი სასტუმროების მაგალითს მოვიყვანთ, ვნახავთ, რომ დატვირთულობა ძალიან დაბალია. განსხვავებული მდგომარეობაა თბილისის გარეთ არსებულ დიდი ზომის სასტუმროებში, მათზე მოთხოვნა ქვეყანაში არსებული ე.წ. ტრადიციიდან გამომდინარეობს, როდესაც ზაფხულის თვეებში თითქმის ყველა დასასვენებლად თბილისიდან სხვადასხვა რეგიონში გადის. ჩვენ, თბილისის დიდი სასტუმროების მენეჯერებმა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. რაც შეეხება ჩემს მოლოდინს, ვფიქრობ, სექტემბერსა და ოქტომბერში გვექნება მცირე აღმასვლა, მაშინ როცა ხალხი საქმიანი ვიზიტებით დაიწყებს საქართველოში ჩამოსვლას.

2020 წელს ტურიზმის სფეროს გამოწვევებზე ივნისში გამოქვეყნებულ გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ნათქვამია, რომ კოვიდ-19- ის გამო 2020 წლის ბოლომდე გლობალურად ტურისტების რაოდენობის 58%-ით შემცირებაა მოსალოდნელი და ეს იქნება რეკორდული ვარდნა ამ ინდუსტრიაში. მოცემული გათვლებიდან გამომდინარე, გკითხავთ, რა სტრატეგია გაქვთ იმისთვის, რომ დაძლიოთ კრიზისი და სასტუმრო მეტ-ნაკლებად ჩვეულ რეჟიმში ამუშაოთ?

ახლა რაიმე სტრატეგიაზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან ყოველკვირეულად თუ არა, ყოველ ორ კვირაში ერთხელ ქვეყანაში სიტუაცია იცვლება. მგონია, რომ პოზიტიური განწყობისა და მოლოდინის შენარჩუნებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ცხადია, რომ ბიზნესი ჩვეულ რეჟიმსა და მდგომარეობას ხვალ ან თუნდაც შემდეგ თვეში ვერ დაუბრუნდება, ამიტომ ალბათ ყველაზე სწორი იქნება, თუ გათვლებს შემდეგი წლისთვის გავაკეთებთ და 2021 წელზე ვკონცენტრირდებით, რასაკვირველია, თუ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა არ შეიქმნება ქვეყანაში და მსოფლიოში ზოგადად, რადგან უკვე საუბრობენ ვირუსის მეორე და მესამე ტალღაზე. მეც დარწმუნებული ვარ, რომ ვირუსი და შემდგომ უკვე იზოლაცია გარკვეული ფორმით ისევ დაბრუნდება. იქნება თუ არა ის ისეთივე მძიმე, როგორიც გაზაფხულზე იყო, არავინ იცის, თუმცა ვიცით ის, თუ როგორ გავუმკლავდეთ ასე თუ ისე ამ მძიმე მდგომარეობას. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ არსებულმა პანდემიამ და იზოლაციამ მოგზაურობის მიმართ ადამიანების მიდგომები შეცვალა, კერძოდ, ისინი ისე მარტივად აღარ დაგეგმავენ ტურებს მსოფლიოს გარშემო და უფრო მეტად დაკვირვებული იქნებიან თუნდაც ლოკაციის შერჩევისას. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ბიზნესსექტორმა, ბიზნესის კეთებისა და ოპერირების ახალი, ალტერნატიული გზები უნდა გამოვნახოთ. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უწინდებურად მასპინძლობის სფეროში აღარ ვიქნებით ან კონცეფციას შევცვლით… აი, თქვენც რომ ნახოთ ახლა, მაგალითად, საკონფერენციო დარბაზები სულ ცარიელია. ადამიანებისაც მესმის, ზოგი მათგანი ძალიან შეშინებულია, ზოგი – ნაკლებად. იცით, შარშან, როდესაც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გავხსენით სასტუმრო, ყველაფრის ამოსავალი წერტილი სტუმრებთან სოციალური ინტერაქცია იყო, ახლა კი აბსოლუტურად საპირისპირო რეალობის წინაშე დავდექით, რაც სოციალურ დისტანცირებას გულისხმობს. იცით, რა რთულია, პერსონალს სტუმრებთან ეფექტიანად კონტაქტი ასწავლო, მაშინ როცა ამავდროულად სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან მათთან. მე მოხარული ვარ, რომ მიუხედავად ამისა, ჩვენი პრინციპი უცვლელი რჩება – მაქსიმალურად კომფორტულად ვაგრძნობინოთ სტუმარს თავი და მყუდრო და თბილი გარემო შევუქმნათ მას.

თქვენ არაერთხელ ახსენეთ საუბარში, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ. კონკრეტულად რას გულისხმობთ ამ სიტყვებში, ბ-ნო სმიტს?

მაშინაც კი, თუ ყველა საზღვარი გაიხსნება და ფრენებიც სრულად აღდგება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან, ძალიან ბევრი მაინც ყოყმანით შეხედავს მოგზაურობის საკითხს. ვფიქრობ, ისინი საზღვარგარეთ დასვენებისგან მინიმუმ რამდენიმე თვით მაინც შეიკავებენ თავს და ეს ასე იქნება იმის მიუხედავად, ეშინიათ თუ არა მათ ვირუსის. მე მათი ძალიან კარგად მესმის, რომ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას გარკვეული დრო დასჭირდება და ჩვენ ამას ვაანალიზებთ. ეს კრიზისი ხვალ ვერ დასრულდება არა მარტო ვირუსის გამო, არამედ იმის გამო, რომ ხალხმა ფული დაკარგა, შესაბამისად, ხარჯვაც სხვაგვარად, უფრო მოზომილად დაიწყეს. ეს დიდი წრეა. კრიზისის მიზეზად ახლა მხოლოდ ვირუსს ვერ დავასახელებთ, რადგან ადამიანებმა ძალიან დიდი ფინანსური დარტყმა მიიღეს. სწორედ ამიტომ, მათი ხარჯვის კულტურაც შეიცვალა. ერთადერთი უპირატესობა, რაც საქართველოს აქვს ამ შემთხვევაში, ის არის, რომ შედარებით ნაკლებხარჯიანი ქვეყანაა სამოგზაუროდ. მაგალითად, იტალიაში მოგზაურობისას დასახარჯი თანხით საქართველოში გაცილებით უკეთ და უფრო დიდი ხნით დაისვენებ. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შესაძლოა, საქართველოს ჰორეკა სექტორი უფრო დროულად დაუბრუნდეს ჩვეულ მდგომარეობას, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნების. ამას გარდა, ალბათ ყველას წაკითხული გვაქვს ის არაერთი სტატია, სადაც აღნიშნულია, რა წარმატებით დაძლია საქართველომ ვირუსი და როგორი უსაფრთხო ქვეყანაა ის. ესეც ცალსახად უპირატესობაა. თუ უპირატესობაზე ვისაუბრებთ, ბევრი ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების ხანგრძლივობის სიმცირესაც აღვნიშნავდი. საქართველოში გასულ წელს ტურისტული ბუმი იყო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვირუსის მიუხედავად მომავალი წლიდან ასეც გაგრძელდება.

                    

ამჟამად სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ რამდენად არის დატვირთული თავისი რესურსებიდან გამომდინარე?

დატვირთულობა ძალიან დაბალია, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ რომ ახლა იმის მოლოდინი გვქონდეს, რომ დღეში 50-მდე ნომერი იქნება დაკავებული, ცხადია, ეს ასე არ მოხდება. ახლა მთავარია, ჩვენი ხარჯები და შემოსავლები მაქსიმალურად დავაბალანსოთ. სიმართლე რომ გითხრათ, მე და ჩემი გუნდი პანდემიის გამოცხადებამდე გარკვეული პერიოდით ადრე უკვე მზად ვიყავით მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის და ეს ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა. ახლა სასტუმროში ისეთი მდგომარეობაა, რომ მხოლოდ საკონფერენციო დარბაზში თუ ნახავ რამდენიმე ადამიანს ხანდახან, შარშან კი ამ დროსაც, როცა ყველა გასულია ქალაქიდან, ჩვენ სრული დატვირთვით ვმუშაობდით, რადგან, როგორც იცით, ჰოლივუდის ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა და გადამღებ ჯგუფს ვმასპინძლობდით.

გასული თვეების განმავლობაში ალბათ არაერთხელ მოისმენდით ადამიანებისგან, რომ მიმდინარე კრიზისმა არაერთი შესაძლებლობა გააჩინა ბიზნესისთვის. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

ზოგადად ყველაფერში შეიძლება დაინახო დადებითი მხარე და ახალი შესაძლებლობა. თუმცა, თუ ბიზნესი არ იარსებებს, რომელ ახალ შესაძლებლობაზეა საუბარი? ამ საკითხთან მიმართებითაც მეტად რეალისტები უნდა ვიყოთ. ერთადერთი დადებითი, რაც ამ პანდემიამ მოუტანა ბიზნესის წარმომადგენლებს, ალბათ ბევრი თავისუფალი დროა იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ სწორად და რას – არასწორად და ვიზრუნოთ ხარვეზების გამოსწორებაზე. ასეთ საკითხებზე სიღრმისეულად დასაფიქრებლად ხომ მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დრო თითქმის არასდროს გვაქვს. მე, მაგალითად, ჩემს გუნდთან ერთად სწორედ ასე მოვიქეცი. შესაძლებლობად თუ ჩავთვლით, დადებითი მხარე იყოს ისიც, რომ ტრენინგებისთვის უფრო მეტი დრო გვქონდა. ონლაინსწავლების მიმართ საზოგადოება სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა ჩვენთან ეს სტერეოტიპი დავამსხვრიეთ. პირადად მე რაც შემეხება, ალბათ ყველაზე მეტად ამ დროს იმაში გამოვიყენებ, რომ ახალ ურთიერთობებს ჩავუყარო საფუძველი, რადგან ახლა ამას იმაზე გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ადრე ჰქონდა.

გასულ თვეებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ არა მხოლოდ ბიზნესმა, არამედ დასაქმებულებმაც იზარალეს ამ კრიზისით. თქვენ როგორ მოაგვარეთ დასაქმებულების სამსახურში შენარჩუნების თუ მათი დათხოვნის საკითხი?

ჩვენ გვყავს თანამშრომლები, რომლებიც სახლიდან, დისტანციურად მუშაობენ. ასევე არიან ისეთებიც, ვისი სასტუმროში ყოფნაც აუცილებელია. ტყუილი იქნება, თუ გეტყვით, რომ არ გვყავს ისეთი ადამიანები, ვინც უხელფასო შვებულებაშია გასული და ჯერჯერობით არ მუშაობს. ყველა კონტრაქტი ვერ გავახანგრძლივეთ, ეს იყო სტაფის ბუნებრივი შემცირება პანდემიიდან და სასტუმროში არსებული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. ისინი, ვინც აგრძელებს მუშაობას, გასულ კვირამდე კვირაში სამი დღის განმავლობაში მუშაობდნენ, ამ კვირიდან კი უკვე ხუთდღიან გრაფიკს დაუბრუნდნენ. არიან თუ არა ისინი ისევე დატვირთულები, როგორც ადრე იყვნენ? ცხადია, არა, თუმცა, მაგალითად, ფინანსურ დეპარტამენტს ადრინდელივით ბევრი საქმე აქვს. გაყიდვების დეპარტამენტში, მაგალითად, ახლა იმაზე მეტი საქმეა, ვიდრე პანდემიამდე იყო. რაც შემეხება მე, ახლა განსხვავებულად ვარ დაკავებული. ამჟამად ისეთი რაღაცების კეთება და ისეთ რაღაცებზე ფიქრი მიწევს, რაზეც ადრე საერთოდ არ ვფიქრობდი. ზოგადად გუნდურობა და სულისკვეთება ახლა უფრო მაღალია და ეფექტიანია, ვიდრე პანდემიამდე იყო. სტაფის მხრიდანაც მეტი დინამიკურობა შეიმჩნევა.

                    

ფინანსური ეფექტის შესახებაც გკითხავთ. შეიძლება ითქვას, მტკივნეული თემა ბოლოსთვის მოვიტოვე. ციფრები ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა. 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვის 65%-ით შემცირებაა მოსალოდნელი, ისევე როგორც ტურისტებისგან მიღებული შემოსავლების. აჭარა, მცხეთა-მთიანეთი და თბილისი, როგორც კვლევები ცხადყოფს, ყველაზე მეტად იზარალებენ.

უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ, რომ ამჟამად სასტუმროს, ფაქტობრივად, შემოსავალი არა აქვს. რასაკვირველია, არის მცირე შემოსავალი, თუმცა ის აბსოლუტურად არ არის საკმარისი სასტუმროს ხარჯების დასაფარად. მარტი მეტ-ნაკლებად ნორმალური თვე იყო ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა აპრილიდან მოყოლებული, შეიძლება ითქვას, შემოსავლის გარეშე დავრჩით. ჩვენი ბიზნესის ტიპიდან გამომდინარე, ხარჯები სულაც არ არის დამოკიდებული სტუმრების ყოლაზე. აპრილში 200 ნომერი სახელმწიფოს დავუთმეთ კარანტინისთვის. ამან ჩვენი ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა, რადგან ყოველდღიურად 200 ადამიანის სამჯერადი კვება უნდა უზრუნველგვეყო, ისევე როგორც მათი ოთახების დალაგება და ა.შ. მთლიანობაში ამან დიდი ფინანსური ეფექტი იქონია ჩვენს ბიზნესზე, თუმცა მაინც მოვახერხეთ და დავძლიეთ. კარანტინი დასრულდა, თუმცა არც ივნისსა და ივლისში გვქონია შემოსავალი. ახლა იმ ვიწრო ბილიკზე გვიწევს სიარული, რასაც ხარჯებისა და შემოსავლების დაბალანსება ჰქვია. ამ პირობებს უნდა დავთანხმებოდით – პრინციპში, სხვა გზა არც გვქონია. ჩვენ ვაკვირდებით სასტუმროში არსებულ ფინანსურ ოპერაციებს, ე.წ. ქეშფლოუს და ვცდილობთ, მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. ის ადამიანები, ვისაც იმედი აქვს, რომ წლის ბოლომდე რაიმე შემოსავალს მიიღებენ ამ ინდუსტრიიდან, ვფიქრობ, ძალიან ცდებიან და არასწორ გათვლებს აკეთებენ. წელს მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სწორად და ლოგიკურად დავგეგმოთ.

თქვენთვის, სასტუმროს გენერალური მენეჯერისთვის, ყველაზე დიდი გამოწვევა რა იყო ამ პერიოდში?

დარწმუნებით გეტყვით, რომ ეს იყო სრული იზოლაციის გამოცხადება და საზღვრების ჩაკეტვა. ერთადერთი გამოსავალი, რაც ვნახეთ, ეს იყო საკარანტინო ზონად გადაკეთება. ჩემგან, გენერალური მენეჯერისგან, ალბათ სწორი გათვლა იყო, რომ ჯერ კიდევ იანვარში მოვამზადე პირბადეების, სანიტარული საშუალებებისა და ყველა საჭირო ნივთის რეზერვები. მაშინ პანდემიაზე საუბარიც კი არ იყო საქართველოში. მოვიმარაგეთ საკვები და სასმელი საშუალებებიც. შოკი იყო, როცა გამოაცხადეს, რომ საზღვრები ჩაიკეტა. თავიდან მიჭირდა კიდეც იმის დაჯერება, რომ ამხელა სასტუმროს გაჩერება მომიწევდა. ემოციური მხარე გვერდით უნდა გადამედო. მეორე შოკი იყო იმის გაანალიზება, რომ ზოგი თანამშრომლის კონტრაქტი ვეღარ გახანგრძლივდებოდა. სულისკვეთება როცა ვახსენე დასაწყისში, იმას ვგულისხმობდი, რომ საკარანტინე ზონად გადაკეთების შესახებ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ მომსახურე პერსონალის დაახლოებით 95%-მა გამოთქვა სურვილი, არ წასულიყვნენ სახლში და ემუშავათ თუნდაც შეცვლილი პირობებით, მიუხედავად იმისა, რომ აქ დარჩენა არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მათთვის არავის მოუთხოვია. ამან ძალიან დიდი შვება მომგვარა, სიმართლე რომ გითხრათ, და დიდი მოტივაცია აღმოჩნდა ჩემთვის. იცით, ეს რას ჰგავს? აი, წიგნის წაკითხვის დაწყება რომ გეზარება, თუმცა პირველივე ფურცლის წაკითხვის შემდეგ რომ ვეღარ წყდები.

რამდენად ოპტიმისტურად უყურებთ ჰორეკა სექტორის მომავალს და რა გეგმები გაქვთ სასტუმროსთან მიმართებით?

თუკი ისე მოხერხდება, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე ჩვენი შესაძლებლობების 50%-ს მაინც ავითვისებთ, ვფიქრობ, ესეც საკმარისი იქნება, რომ ბედნიერი ვიყო. რასაკვირველია, არავინ იცის, რა იქნება თუნდაც ერთ თვეში, თუმცა რაგინდ უცნაურად ჟღერდეს, უნდა დავპირდეთ ნაკლებს და შევასრულოთ მეტი, იმიტომ რომ მაშინ, როცა დაპირებულზე ნაკლებს ასრულებ, ადამიანებში იმედგაცრუებას იწვევ. სწორედ ამიტომ არის, რომ უნდა დავისახოთ რეალური მიზანი და მივყვეთ გეგმას მის მისაღწევად. ეს არის პასუხისმგებლობიანი მიდგომა.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *