Schuchmann Wines-ი კახეთის სოფელ კისისხევში ფართოვდება, წლის ბოლომდე ტურისტულ კომპლექსს ახალი სპაცენტრი დაემატება. აღნიშნულის შესახებ Schuchmann Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა Forbes Georgia-ს განუცხადა.
როგორც ის ამბობს, ახალი სპაცენტრი იქნება მასშტაბური და იგი გაჯანსაღებისა და რეკრეაციის მიმართულებას მოიცავს.
„სამედიცინო ტურიზმი, უფრო კონკრეტულად სპა-გამაჯანსაღებელი პროცედურების მიმართულება საქართველოში ტურიზმის კიდევ ერთი ბრილიანტია, მით უმეტეს – კახეთში. ამიტომ გადავწყვიტეთ, ველნესის მიმართულებაში უფრო აქტიურები ვიყოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, მისივე თქმით, პანდემიურმა რეალობამ ნათელი გახადა, რომ რეკრეაცია და ველნესი პოსტკოვიდურ პერიოდში იქნება ახალი რეალობა და მოთხოვნადი მიმართულება, ამიტომაც ბიზნესებს კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ახალი შეთავაზებების გაკეთება სწორედ ამ კუთხით მოუწევთ.
ცნობისთვის, Schuchmann Wines-ს უკვე ხუთი წელია, აქვს ღვინის სპა, რომელიც, ნუცა აბრამიშვილის თქმით, ვიზიტორებში საკმაოდ პოპულარულია. „ჩვენს პროექტს მარკეტინგული უნიკალურობა ახასიათებს, არ არსებობს ასეთი მიმართულება სხვაგან, სადაც კეთდება ღვინის აბაზანები, ყურძნის წიპწის ზეთის პროცედურები კანზე და სხვა. ამიტომაც ის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს“, – აღნიშნა მან.
Schuchmann Wines-ი ამ ეტაპზე ღვინის სპასთან ერთად აერთიანებს 20-ნომრიან სასტუმროს და 14 სასტუმრო-ვილას. 2022 წლიდან იმავე ტერიტორიაზე დაიწყება კიდევ 10 სასტუმრო-ვილის მშენებლობა, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში Schuchmann Wines-ი ბრენდის სხვა რეგიონებში წარდგენასაც ისახავს მიზნად.
დატოვე კომენტარი