შვეიცარიული კომპანია Exlterra-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის Nucleus Separation Passive System-ის (NSPS) დახმარებით ჩერნობილში, ჰაერსა და ნიადაგში რადიაციული დაბინძურების დონე საგრძნობლად, პირველ შემთხვევაში – 47%-ით, მეორე შემთხვევაში კი 37%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ სისტემა დაახლოებით 1 ჰექტარ ტერიტორიაზე, 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის სექტემბრამდე დროის პერიოდში გამოცადეს.
სპეციალისტების გამოთვლებით, ჩერნობილის ტერიტორიაზე რადიოაქტიური დამაბინძურებლის ბუნებრივად დაშლას სულ ცოტა 24 ათასი წელი დასჭირდება. Exlterra-ს ახალმა ტექნოლოგიამ კი, ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, ეს პერიოდი შესაძლოა, 5 წლამდე დაიყვანოს. აღსანიშნავია, რომ NSPS-ტექნოლოგია რადიოაქტიური ელემენტების დაშლის დასაჩქარებლად ქიმიკატებს ან გარემოსთვის მავნე ნივთიერებებს არ იყენებს.
NSPS-ტექნოლოგია პოზიტრონების დახმარებით რადიოაქტიურ იზოტოპებზე ზემოქმედებს და მათ ერთმანეთისგან აცალკევებს. პროცესი ნიადაგის ქვეშ უსაფრთხოების ზომების დაცვით მიმდინარეობს და მიწასა თუ ჰაერზე რადიოაქტივობა არ აისახება. პოზიტრონი რადიოაქტიურ იზოტოპთან კონტაქტში შედის და ნივთიერებას თავდაპირველ მდგომარეობაშივე ანადგურებს, ამის შემდეგ კი კვლავ ელექტრონს უერთდება.
ცნობისთვის, რადიაციის დონე მიწაში 5 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე სიღრმეზე გაზომეს, ნიადაგის სინჯი კი ზედაპირიდან 1 მეტრის სიღრმეზე აიღეს. სპეციალისტებმა იქ რადიონუკლიდების – ცეზიუმის (Cs137), სტრონციუმისა (Sr90) და ამერიციუმის (Am241) შემცველობა განსაზღვრეს.
მეცნიერების განცხადებით, NSPS-ტექნოლოგიის წარმატებით გამოყენება ნიადაგის სხვა დამბინძურებლების, მაგალითად მძიმე ლითონებისა და პერფტორალკილის ნივთიერებების წინააღმდეგაც არის შესაძლებელი.
დატოვე კომენტარი