ახალი ზელანდია, მოწევის საბოლოოდ შესაწყვეტად, მომავალი თაობებისთვის თამბაქოს მიყიდვის აკრძალვას გეგმავს. ახალი კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც 2008 წლის შემდგომ დაბადებული ნებისმიერი პირი სიცოცხლის განმავლობაში ვერ შეძლებს სიგარეტისა ან თამბაქოს ნაწარმის შეძენას, მომავალ წელს ამოქმედდება.
ქვეყნის ექიმები და ჯანდაცვის სხვა ექსპერტები მიესალმებიან „მსოფლიოში წამყვან“ რეფორმებს, რომლებიც შეამცირებს თამბაქოს ხელმისაწვდომობას და შეზღუდავს ნიკოტინის დონეს სიგარეტში. „ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ახალგაზრდები არასდროს დაიწყებენ მოწევას“, – განაცხადა ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა, ექიმმა აიეშა ვერალმა.
ქვეყანაში მოწევის საბოლოოდ აღსაკვეთად ახალი ზელანდიის მთავრობამ რამდენიმე შეზღუდვა გასულ კვირას უკვე შემოიღო. ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად შეამცირა იმ ობიექტების ჩამონათვალი, სადაც სიგარეტის გაყიდვა შეიძლება. ოფიციალური პირების განცხადებით, სიგარეტის გაყიდვის უფლება 8000-დან 500 მაღაზიას შეუნარჩუნდა. ამავდროულად, ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა ელექტრულ სიგარეტზე მოთხოვნა, განსაკუთრებით – ახალგაზრდა თაობებში, თუმცა ექიმები არც მას მიიჩნევენ უსაფრთხოდ და უფრო მეტიც, ელექტრული სიგარეტის სითხეებშიც აღმოაჩინეს საშიში, კიბოს გამომწვევი ნივთიერებები.
ახალი ზელანდია 2025 წლისთვის მოწევის ეროვნული მაჩვენებლის შემცირებას 5%-მდე გეგმავს. ამ დროისთვის ქვეყანაში ზრდასრულთა 13% ეწევა, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია მაორის მკვიდრ მოსახლეობაში, სადაც მათი რიცხვი თითქმის მესამედს აღწევს. მაორის მოსახლეობა ასევე გამოირჩევა სიკვდილიანობისა და დაავადებების მაღალი მონაცემებით.
დატოვე კომენტარი