ამა წლის დასაწყისში ზოგიერთი გაკვირვებული დარჩა იმით, რომ შედარებით ნაკლებად ცნობილი ალესანდრო მიშელი Gucci-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. კრიტიკოსების სკეპტიციზმი გააქარწყლა ალესანდრო მიშელის 2015-2016 შემოდგომა-ზამთრის პირველმა კოლექციამ, რომელიც Gucci-ს ბრენდის კლასიკური ელემენტების რომანტიკულ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა და რომელმაც პუბლიკის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ახალი კოლექციისათვის დინამიკური გარემოს შექმნის მიზნით, ივლისის ბოლოდან Gucci-ს მაღაზიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიტრინების ადგილას ფირუზისფერი და იისფერი დიოდური მონიტორები დამონტაჟდება. ვიტრინის დიზაინი წარმოადგენს რკინის ფირფიტაზე გამოსახულ დალიანდაგებულ ხაზებს და ალმასის ფორმის ფიგურებს. მექანიზებულ მოძრავ საკიდზე გამოფენილია ტანისამოსი, ხოლო აქსესუარების ვიტრინაში უზარმაზარი ფუტკარი ან მერცხალი დაფრინავს ყვავილების ხალიჩის თავზე, რომელზეც Gucci-ს განთქმული „დიონისეს” ხელჩანთაა ჩამოკიდებული. ზოგიერთ მაღაზიაში ასევე წარმოდგენილი იქნება ფეხსაცმლის მოძრავი პლატფორმა.
ახალ კოლექციაში შესული დახვეწილი შიფონის ბლუზები, დაკუჭული ტყავის კაბები და სამხედრო სტილის ქურთუკები კონტრასტს ქმნის ალესანდრო მიშელის დიზაინით შექმნილ თამამ, მექანიზებულ და კაშკაშა ვიტრინასთან. ახალი ვიტრინა წარმოადგენს ნოსტალგიური რომანტიკისა და გლამურის ნაზავს, რომელიც ასე უყვართ Gucci-ს თაყვანისმცემლებს.
დატოვე კომენტარი