„ჩვენ ბათუმი ბიზნესების განვითარების ცენტრად უნდა ვაქციოთ“, – ასე აღწერს „ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, თემურ ბიწაძე დეველოპერული კომპანიის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის მიზანს, რომლის სახელია „ალიანს ცენტროპოლისი“. პროფესიონალების ალიანსმა გადაწყვიტა, რომ აჭარის სანაპიროზე საერთაშორისო ბიზნესპროცესები დაძრან და ქალაქი MICE-ტურიზმის ეპიცენტრი გახადონ.
„ალიანს ცენტროპოლისის“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიბადა. 380 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი ბათუმის სანაპიროზე, ზღვიდან 50 მეტრში მდებარეობს. რატომ ბათუმი? „ალიანსის“ გუნდში ფიქრობენ, რომ ბათუმს აქვს უდიდესი პოტენციალი, წელიწადის ოთხივე სეზონზე მოიზიდოს ტურისტების დიდი ნაკადი. საქმიანი ტურიზმი (MICE) კი სწორედ ის მიმართულებაა, რომელსაც შეუძლია ბათუმს მნიშვნელოვანი ლოკალური თუ რეგიონალური სარგებელი მოუტანოს და მონიშნოს მსოფლიო რუკაზე. ამ პროცესებს დაძვრა სჭირდებოდა და ასე შეიქმნა „ალიანს ცენტროპოლისის“ პროექტიც, რომლის მთელი კონცეფციაც სწორედ ამ მიზანზეა აგებული.
პროექტი სამ ბლოკადაა დაყოფილი და ითვალისწინებს რეგიონში პირველ World Trade Center – საგამოფენო ცენტრს, მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტებს, 5-ვარსკვლავიან საერთაშორისო სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ს, კაზინოს და A კლასის ბიზნეს და სავაჭრო ცენტრს – ანუ ყველაფერს, რაც საქმიან ხალხს სჭირდება და რაც ბათუმის MICE-ტურიზმის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო.
„ალიანსის“ CBDO მიიჩნევს, რომ ამაში განსაკუთრებულ როლს „მსოფლიო სავაჭრო ცენტრი“ და მისი პირველი საგამოფენო სივრცე ითამაშებს.
„როდესაც ქვეყანაში მსგავსი ასოციაცია შემოდის, უნდა ელოდო, რომ თავისი კონტაქტების წყალობით, მარტივად მოიზიდავს საერთაშორისო კონფერენციებს, გამოფენებს, შეხვედრებს“, – ამბობს თემურ ბიწაძე World Trade Centre-ზე საუბრისას, რომელიც მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ასოციაციაა. ის 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 300-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, რაც ბათუმს ისეთი საინვესტიციოდ მიმზიდველი ქალაქების გვერდით დააყენებს, როგორიცაა: ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი, პარიზი, დუბაი, ტოკიო და სიდნეი.
„ალიანსის“ გუნდს აქვს მოლოდინი, რომ World Trade Centre-ის წარმომადგენლობა და საგამოფენო სივრცე ერთგვარი შუამავალი გახდება ბიზნესებისთვის გლობალურ ბაზარზე, რითაც ნებისმიერ მწარმოებელს საშუალება მიეცემა, წარმოაჩინოს საკუთარი პროდუქტი და დაუკავშირდეს World Trade Centre-ის მასშტაბურ ღონისძიებებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ, დაინტერესებულ ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ ამ სივრცეში მათ ბიზნესის კომპეტენციისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, თავიანთი შექმნილი პროდუქტის პოპულარიზებისა და ახალი ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობაც მიეცემათ.
მსოფლიო ბიზნესსაზოგადოების 3,5-მილიონიან ქვეყანაში მოზიდვა მარტივი არ არის, როგორც „ალიანს ჯგუფში“ ამბობენ, მათ ამასთან დაკავშირებული რისკებიც აწონილი აქვთ. კომპანიის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელის თქმით, „ალიანსი“ აპირებს საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობის კუთხით არსებული პოტენციალისა და შესაძლებლობების გამოყენებას. უცხოელი საქმიანი ადამიანების, კონფერენციების, გამოფენების მოზიდვის მიზნით კი კომპანიაში სპეციალური გუნდის ჩამოყალიბებაც იგეგმება, რომელიც სწორედ ამ მიმართულებაზე იზრუნებს.
„ჩვენი გუნდი მათთან დაამყარებს ურთიერთობას, რომ ხელსაყრელი პირობებით მოხდეს მათი ოფისების განთავსება ჩვენს ბიზნესცენტრში, რომელიც დაახლოებით 10 000 კვ/მ იქნება. ყველა მსგავსი კომპანია აუცილებლად მოისურვებს „მსოფლიო სავაჭრო ცენტრში“ ერთი ოფისის ქონას, რაც ამ პროექტს დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმარება“, – ამბობს თემურ ბიწაძე Forbes Georgia-სთან საუბრისას და დასძენს, რომ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც უცხოეთთან აქვთ საქმიანი კავშირები და სურთ, რომ მსგავსი მასშტაბური, მულტიფუნქციური პროექტის ნაწილები გახდნენ, ინტერესი უკვე დიდია.
გამოიკვეთა, რომ ინტერესი მოულოდნელზე მაღალია პრემიუმ-კლასის აპარტამენტების მიმართაც. მსოფლიო მასშტაბით საცხოვრებელ და საინვესტიციო უძრავ ქონებაზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია, მათ შორის ბათუმშიც, სადაც ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების მაისის სტატისტიკამ აჩვენა, რომ პრემიუმ-ბინებზე 84%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს შედეგები „ალიანს ცენტროპოლისის“ გაყიდვების პირდაპირპროპორციულია. კერძოდ, ახალი პროექტის პირველი, 45-სართულიანი, ბლოკი თითქმის მთლიანად გაყიდულია, მეორე ბლოკის გაყიდვები კი ახლახან ჩაეშვა.
„ალიანს ცენტროპოლისი“ ყველა შემადგენელი კომპონენტით 2026 წლისთვის გაიხსნება. თუმცა ზღვიდან 50 მეტრში „ნიუტონის აკვანი“ უკვე დარწეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის MICE-ტურიზმის ცენტრად ქცევის პროცესები დაძრულია. ნიუტონის აკვანი ხომ ერთი მოქმედებით დაწყებული უწყვეტი მოძრაობის, განვითარებისა და სვლის სიმბოლიკაა. ერთი ბურთის ენერგია გადაეცემა მეორეს – მუხტავს და ხელს უწყობს მისი მოძრაობის დაწყებასაც, ზუსტად ამ მექანიზმით მუშაობს პროექტის ნებისმიერი კომპონენტიც.
მოლოდინი უკვე შეიქმნა, რომ საქართველოს საკვანძო მდებარეობიდან გამომდინარე, ბევრი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა, ასევე საბროკერო, სადაზღვევო, ლოგისტიკური თუ სატრანსპორტო კომპანია დაიწყებს საქართველოში ოპერირებას, – „ეს პროცესი გარდაუვალია“, – გვეუბნება „ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, თემურ ბიწაძე.
დატოვე კომენტარი