რატომ არ არსებობს ალცჰაიმერის წამალი – ან რატომ არ არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ დაავადების არსებითად შენელება ან მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება? ის აწუხებს 6 მილიონზე მეტ ამერიკელს და ეს რიცხვი ერთი თაობის შემდეგ გაორმაგდება.
ალცჰაიმერი საშინელი დაავადებაა როგორც დაავადებულებისთვის, ასევე მათი ოჯახებისა და მეგობრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება პირველად 1900-იანი წლების დასაწყისში ფსიქიატრმა ალოის ალცჰაიმერმა აღწერა, მასთან ბრძოლაში პროგრესი თითქმის არ მომხდარა. სკანდალური ისაა, რომ ათწლეულების მანძილზე კვლევა თითქმის მთლიანად არასწორ ჰიპოთეზაზე იყო ორიენტირებული.
ექიმმა ალცჰეიმერმა, პაციენტის თავის ტვინის გაკვეთისას იმ დაავადების გამო, რომელსაც მისი სახელი დაერქვა, აღნიშნა, რომ ის დიდი რაოდენობით შეიცავდა ორ ცილას, რომელთაც ათეროსკლეროზული ფოლაქები და ხვეულები ეწოდება. სამწუხაროდ, დაავადების შესახებ კვლევებში დომინანტური თეზისი იყო ის, რომ ფოლაქებსა და, შედარებით ნაკლებად, ხვეულებზე შეტევა დაავადებას განკურნავდა და ტვინს ჯანმრთელობის აღდგენის საშუალებას მისცემდა.
თავად ალცჰაიმერი თვლიდა, რომ ფოლაქებსა და ხვეულებზე, როგორც დაავადების მიზეზებზე, ზედმეტი აქცენტი არ უნდა გაკეთებულიყო. ალცჰაიმერით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს ფაქტობრივად დაუდასტურდა, რომ ნაკლებად ჰქონდა მსგავსი ფოლაქები, ხოლო ზოგიერთი, ვისაც ჰქონდა ისინი, არ იყო დაავადებული.
მუდმივი წარუმატებლობის – დაახლოებით 20 წამალი შემუშავდა, რომლებმაც მარცხი განიცადა – და ათობით მილიარდი დოლარის დახარჯვის მიუხედავად, კვლევის ძირითად მიზნად რჩება ფოკუსი ფოლაქების წინააღმდეგ ბრძოლაზე.
ამ ჩიხური მიდგომის აკვიატება ფანატიკური, თითქმის საკულტო იყო. მკვლევრები, რომლებსაც უფრო პერსპექტიული გზების გატარება სურთ, სერიოზული დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდნენ. იშვიათად, რომ ქრონიკულ წარუმატებლობას ასეთი წინააღმდეგობა გაეწიოს რაიმე სახის, ეგზომ მნიშვნელოვანი, ცვლილებისთვის.
შესაძლოა, გსმენიათ ახალი წამლის, lecanemab-ის შესახებ, რომელიც ფანტასტიკური გარღვევაა, მაგრამ lecanemab-ი დაფუძნებულია ფოლაქების არასწორ ჰიპოთეზაზე. როგორც ჯანდაცვის პოლიტიკის ჟურნალისტმა ჯოან სილბერნერმა დამწუხრებულმა აღნიშნა, „საუკეთესო შემთხვევაში, lecanemab-მა შესაძლოა ოდნავ შეანელოს პაციენტის მდგომარეობის გარდაუვალი გაუარესება რამდენიმე თვის განმავლობაში“.
ეს კვლევითი სკანდალი აჩვენებს ჯგუფური აზროვნების საშიშროებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს ძლიერი სამთავრობო სააგენტო, როგორიცაა National Institutes of Health-ი, რომელიც აჩერებს გრანტებს კონსენსუსის არმქონე პროექტებისთვის.
მსგავსი ჯგუფური აზროვნების კლასიკური შემთხვევა კუჭის წყლულის გამომწვევ მიზეზს ეხებოდა. ოდესღაც გაბატონებული შეხედულება იყო, რომ სტრესი და ცხოვრების წესი იყო მიზეზი, წამლები და რეჟიმები კი ამ რწმენის საფუძველზე შემუშავდა.
ამ დოგმას დაუპირისპირდა ორი ავსტრალიელი ექიმი, რობინ უორენი და ბარი მარშალი. მათ განაცხადეს, რომ დამნაშავე იყო ბაქტერია და რომ ანტიბიოტიკები იყო პასუხი მუდმივი განკურნებისთვის. ისეთ შემთხვევებში, როცა არ ხდებოდა მათი იგნორირება, ამ აღმოჩენებს დასცინოდნენ. მხოლოდ მრავალი წლისა და მუდმივი, ზოგჯერ არაორდინარული ადვოკატირების შემდეგ, განსაკუთრებით დოქტორ მარშალის მიერ, სამედიცინო სამყარომ მიიღო მათი სიმართლე. საბოლოოდ მათ მიენიჭათ ნობელის პრემია მედიცინაში.
ალცჰაიმერის შემთხვევაში, კვლევის სიხისტე რბილდება, მაგრამ მხოლოდ ოდნავ. ამ სასიკვდილო სიმკაცრეზე შეტევისთვის კონგრესმა, დაწყებული National Institutes of Health-ის ლიდერებით, უნდა გამართოს მოსმენები ამ თემაზე.
დატოვე კომენტარი