EU-ს 75 მლნ ევროს მოცულობის დახმარებაზე საქართველოს მთავრობის უარს აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა. კელი დეგნანის თქმით, „ოცნების“ ხელისუფლების განცხადება მათთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, განსაკუთრებით პანდემიის და უმუშევრობის დროს. როგორც ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, მომხდარს აუცილებლად გამოეხმაურება ვაშინგტონიც.
„გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის რეფორმები, რომელიც მართლა უნდა განხორციელებულიყო და ამაზე დიდი მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში 75 მლნ ევრო რეფორმების განხორციელებასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული, თუმცა კონგრესი უყურებს როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები. ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს. 75 მლნ ევრო ცოტა არ არის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები ფიქრობენ, საქართველო ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმით, ავტომატურად უარს ამბობს ყველა საფინანსო ორგანიზაციის და შესაძლოა, აშშ-ის დახმარებაზეც.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ უარს აცხადებს, ევროკავშირის 150 მლნ ევროიანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე – 75 მლნ ევროს მიღებაზე. მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ საქართველოს 75 მლნ ევროს სესხის აღების საჭიროება არ აქვს.
ამ განცხადებას იმავე დღეს გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, რომელიც აცხადებს, რომ EU პატივს სცემს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანა ამ ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებდა, თუკი 2021 წლის 30 სექტემბრამდე არ იქნებოდა შესრულებული ის მოთხოვნები, რომლებსაც ხელი საქართველოს მთავრობამ 2020 წელს მოაწერა.
დატოვე კომენტარი