Amazon-ი 18,000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

Amazon-ი 18,000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

კომპანია Amazon-ი დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას და სამსახურიდან 18,000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს, რაც წინასწარ გავრცელებულ ცნობებზე 8,000-ით მეტია.

კომპანიის გენერალური დირექტორის, ენდი ჯესის განცხადებით, თავდაპირველად დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება ნაკლები მასშტაბებით იყო დაგეგმილი, თუმცა ვითარების ცვლილებამ Amazon-ის მენეჯმენტს უბიძგა, ასეთი რთული გადაწყვეტილება მიეღო.

ტექნოლოგიური გიგანტის ეს ქმედება პირდაპირ კავშირშია მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან და კოვიდრეგულაციების გაუქმების ფონზე, ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნის შემცირებასთან.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების განთავისუფლების გადაწყვეტილება არაერთმა მსხვილმა კომპანიამ მიიღო, მათ შორისაა: Meta, Twitter-ი, Microsoft-ი და Airbnb, თუმცა დათხოვნის მასშტაბებით Amazon-მა ყველა სხვა კომპანიას გადაუსწრო.

ზემოხსენებული კომპანიებისგან განსხვავებით, Amazon-ი შედარებით დაბალკვალიფიციური მუშახელის გათავისუფლებას გეგმავს, რადგან მათი უმეტესობა საწყობებშია დასაქმებული.

ცნობისთვის, Amazon-ი მსოფლიო მასშტაბით თითქმის 1.54 მილიონ თანამშრომელს ასაქმებს, შესაბამისად, 18,000 თანამშრომელი კომპანიის მრავალრიცხოვანი გუნდის მხოლოდ 1.2%-ია.

დატოვე კომენტარი

2 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *