ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ი 2030 წლისთვის ინდოეთის ქლაუდ-ინდუსტრიაში $12.7 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. შედეგად, კომპანია გლობალური ტექნოლოგიური სფეროს იმ წარმომადგენლებს უერთდება, რომლებიც ბოლო პერიოდში სამხრეთ აზიის ციფრული ეკონომიკის განვითარებაში ფინანსებს აქტიურად აბანდებენ.
ამერიკული კომპანიის ქლაუდ-ბიზნესის მონაცემთა ცენტრები მუმბაისა და ჰაიდერაბადის რეგიონებში მდებარეობს. 2016-2022 წლებში Amazon-ის მიერ რეგიონში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა $3.7 მილიარდია, დაფინანსების ახალი ეტაპი კი მშენებლობის, სერვერებისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ხარჯებს მოიცავს.
გლობალური ტექნოლოგიური გიგანტები, მათ შორის Apple-ი და Netflix-ი, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში ისეთი ტიპის სერვისებით ფართოვდებიან, როგორიცაა ვიდეოსტრიმინგი და საცალო ონლაინგაყიდვები. ამავდროულად კი, უოლ-სტრიტის ბანკებისა და გლობალური სადაზღვევოების ტექნოლოგიური ცენტრები უკვე წლებია, აღნიშნულ ქვეყნებში ფუნქციონირებენ.
IDC-ის მონაცემებით, ინდოეთის ქლაუდ-სერვისის ბაზარი წლიურად საშუალოდ 23%-ით იზრდება და 2026 წლისთვის $13 მილიარდს მიაღწევს. ვებსერვისების ბიზნესის განსავითარებლად, Amazon-მა 2017 წლიდან ინდოეთში ქლაუდ-ტექნოლოგიებისთვის საჭირო უნარების შესაძენად ოთხი მილიონი ადამიანი გადაამზადა, განახლებადი ენერგიის ექვს პროექტში კი ინვესტიციები განახორციელა.