უმსხვილესი ამერიკული კომპანია Amazonი MGM-ს (Metro-Goldwyn-Mayer) $8.45 მილიარდად ყიდულობს. აღნიშნულის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა სამშაბათს განაცხადეს. Metro Goldwyn Mayer-ი ამერიკული მედიაკომპანიაა, რომელიც ძირითადად ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების წარმოებით არის დაკავებული. MGM-ის შეძენით Amazon-ს კლასიკურ ჰოლივუდურ ფილმებზე წვდომა ექნება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, გასართობი პლატფორმები, ფილმები და მუსიკა განავითაროს.
Amazon-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკება დასრულებულად მარეგულირებელი ორგანოს მიერ გარიგების დამტკიცების შემდეგ ჩაითვლება. Amazon-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ ჰოპკინსის თქმით, MGM–ს აქვს უზარმაზარი „კატალოგი“ ფილმებისა, რომლებსაც უამრავი „ოსკარი“ თუ „ემი“ აქვთ მიღებული. მისი თქმით, გარიგება კომპანიისთვის „საგანძურის“ ტოლფასია.
Amazon-ი Prime Video-ის განვითარებაზე მუშაობს, რათა Netflix-სა და Disney-ს კონკურენცია გაუწიოს. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს კომპანიამ $11 მილიარდი დახარჯა Prime Video-ის პლატფორმის განვითარებაზე, რომლის მოგებამაც გასულ წელს $175 მილიონი შეადგინა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც Amazon-მა 2017 წელს $13.7 მილიარდი Whole Foods-ისთვის გადაიხადა, Metro Goldwyn Mayer-ი კომპანიისთვის სიდიდით მეორე შენაძენი იქნება.
დატოვე კომენტარი