6 ივლისს Amazon-ის, Netflix-ისა და ჰოლივუდის რამდენიმე წამყვანი სტუდიის (Warner Brothers, Universal, Sony, Columbia, Disney, Paramount) მხრიდან საჩივრის მიღების შემდეგ, საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ სასამართლოში საქმე აღიძრა. სარჩელი ეხება არალეგალური სოციალური ქსელის Area 51-ის და ჯეისონ ტუსას მიერ ჩადენილ არაკანონიერ ქმედებებს.
2020 წლის ზაფხულში Alliance for Creativity and Entertainment-ს მიერ გაითიშა პირატული სოციალური ქსელი Area 51. მიუხედავად ამისა, სოციალურმა ქსელმა განაგრძო საავტორო უფლებების დამრღვევი საქმიანობა. როგორც მოსარჩელე კომპანიები აცხადებენ, ჯეისონ ტუსამ რამდენჯერმე, შეცვლილი სახელით, აღნიშნული უკანონო ქმედება ჩაიდინა. კერძოდ, ჯეისონ ტუსამ, სამი ახალი სახელის გამოყენებით, სამჯერ მოახერხა პირატული სერვისის აღდგენა და რებრენდინგი, რის შედეგადაც ასეულობით სახელწოდება მოიპარა.
Amazon-ი, Netflix-ი და ჰოლივუდის წამყვანი სტუდიების მიერ შეტანილი სარჩელის მიხედვით, ჯეისონ ტუსას საქმიანობა საკმაოდ მარტივ მოდელს ეფუძნება, რომელიც მოიცავს გამოწერისთვის აუცილებელ ნომინალურ გადასახადს. მაგალითისთვის, ბოლო შემთხვევაში, ერთ-ერთი პირატული სოციალური ქსელი, Altered Carbon-ი, გამომწერებს უზრუნველყოფდა ინტერნეტტელევიზია IPTV-ით, რაც გულისხმობს ისეთ წამყვან ტელევიზიებზე წვდომას, როგორიცაა: ABC, NBC, CBS, FOX, ხოლო პრემიუმ-არხებად HBO-ს და Showtime-ს. არხებზე წვდომა შესაძლებელი იყო სპეციალური აპლიკაციის ჩამოწერით. იმის გამო, რომ აპლიკაცია არალიცენზირებული იყო, შესაბამისად, არც ლიცენზიის გადასახადის გადახდა უწევდა და ამასთან ერთად დაბალი ფასები ჰქონდა, რაც სხვა კომპანიებს კონკურენციისას არათანაბარ პირობებში აყენებდა.
ჯეისონ ტუსა უკვე საკმაოდ ცნობილია თავისი არაკანონიერი საქმიანობიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, Area 51-ს მხოლოდ წინა წელს 3 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავდა.
მოსარჩელე კომპანიების განცხადებით, ჯეისონ ტუსას ბრალეულობას რამდენიმე ფაქტი ადასტურებს. მათ შორის ის, რომ, შეცვლილი სახელების მიუხედავად, სერვისები იყენებენ იმავე ლოგოს, რასაც Digital Unicorn Media, რომელიც ტუსას ერთ-ერთი წამყვანი IPTV პლატფორმაა. ამასთან ერთად, ტუსას სოციალური მედიის საჯარო ანგარიშებზე გამოყენებული დიდი გველის ილუსტრაცია და Altered Carbon-ის ჯგუფში გამოყენებული ფოტო ერთმანეთის იდენტურია.
აღსანიშნავია, რომ წინა სასამართლო პროცესების განმავლობაში, ჯეისონ ტუსა თანამშრომლობდა გამოძიებასთან და თიშავდა თავის სოციალურ ქსელს. მან ხელიც კი მოაწერა შეთანხმებას, რომ აღარ დაარღვევდა საავტორო უფლებების შესახებ კანონს. თუმცა პირველად სწორედ მოლაპარაკებების პროცესში, შეთანხმების მიღწევის შემდგომ კი დამატებით ორჯერ დაარღვია შეთანხმების პირობები.
ახლა ტუსას უფრო სავალალო შედეგებთან მოუწევს გამკლავება, რადგან გიგანტი კომპანიების მიერ პერსონალურად მის წინააღმდეგაა საქმე აღძრული. კომპანიები მოითხოვენ, რომ სასამართლომ ჯეისონ ტუსას ჩამოართვას წვდომა მის სერვისებზე და მათ გადასცეს. გარდა ამისა, დაეკისროს სასამართლოთი განსაზღვრული ჯარიმა არაკანონიერი ქმედებისთვის. კერძოდ, თანხა მოიცავს 150,000 აშშ დოლარს თითოეულ დარღვევაზე, ასეთი საქმე კი 100-მდეა, რაც 15 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ჯარიმას უდრის. მიუხედავად უკვე არსებული შემთხვევებისა, ამჯერად წამყვანი ორგანიზაციები გაერთიანდნენ სერიული სამართალდამრღვევის წინააღმდეგ და საქმის ბოლომდე მიყვანას აანონსებენ.
დატოვე კომენტარი