Amazon-ის განცხადებით, ის საკუთარი ინტერნეტსატელიტის, Project Kuiper-ის, კოსმოსში გაშვებას 2022 წლის ბოლოსათვის გეგმავს. ტექნოლოგიურმა გიგანტმა უკვე შეავსო შეერთებული შტატების კომუნიკაციების კომისიის შესაბამისი ფორმა საკუთარი სატელიტების პროტოტიპების, KuiperSat-1-სა და KuiperSat-2-ის, ოპერირებისათვის ლიცენზიის მოსაპოვებლად. Amazon-ის ინფორმაციით, ინტერნეტის სატელიტები RS1 რაკეტის დახმარებით განთავსდება კოსმოსში.
Amazon-ის ტექნოლოგიების ვიცე-პრეზიდენტის, რაჯეევ ბადიალის ინფორმაციით, კომპანია უახლოეს მომავალში შეიტყობს, თუ როგორ შეუძლიათ სატელიტებს კოსმოსში ფუნქციონირება.
შეგახსენებთ, რომ Project Kuiper „ამაზონის“ ახალი გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე 3,236 სატელიტი უნდა განათავსოს, რათა მსოფლიოსათვის სწრაფ ინტერნეტზე წვდომა უზრუნველყოს. გასულ წელს შეერთებული შტატების კომუნიკაციების კომისიამ „ამაზონის“ ახალ სისტემას ავტორიზაცია მიანიჭა, რის შემდეგაც კომპანიამ ტექნოლოგიაში დამატებით 10 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტა.
მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა კომპანიას მას შემდეგ გაუჩნდება, რაც ორბიტაზე 578 სატელიტს განათავსებს. პროცესების დასაჩქარებლად გასულ კვირას „ამაზონმა“ სატელეკომუნიკაციო კომპანია Verizon-თან პარტნიორობა დააანონსა.
ტექნოლოგიური გიგანტის ინიციატივა, შეიძლება ითქვას, ფეხდაფეხ მიჰყვება SpaceX-ის Starlink-ტექნოლოგიის განვითარებას. შეგახსენებთ, რომ Starlink-ი ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის მიერ განხორციელებული პროექტია, რომელიც Kuiper-ის მსგავსად მსოფლიოსათვის სწრაფი ინტერნეტის მისაწოდებლად ქსელური დაფარვის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. შესაბამისად, ილონ მასკმა და ჯეფ ბეზოსმა კონკურენცია კოსმოსურ ტექნოლოგიებშიც განაგრძეს.
დატოვე კომენტარი