კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ბლოგის თანახმად, Amazon-ი თანამშრომლებს უნივერსიტეტში სწავლის საფასურს სრულად დაუფარავს. უნივერსიტეტში სწავლის გარდა, კომპანია თავის თავზე იღებს საშუალო სკოლის დიპლომების, ზოგადი განათლებისა და ინგლისურის, როგორც მეორე ენის, ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატების საფასურებს. Amazon-ის $1.2-მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც 2025 წლამდე უნდა განხორციელდეს, ეხება აშშ-ში დასაქმებულ „ფრონტის“ თანამშრომლებს, ვინც კომპანიაში მინიმუმ სამი თვის განმავლობაში იყო დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ Career Choice-ის პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ დამატებით სამი საგანმანათლებლო პროგრამა შესთავაზა დასაქმებულებს, რომლებიც მოიცავს მონაცემთა ცენტრის მართვისა და ტექნოლოგიების შესწავლას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და მომხმარებელთა გამოცდილებისა და კვლევების პროექტირებას. აღნიშნული პროგრამები კომპანიის თანამშრომლების კარიერულ ზრდას და მათ კვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
Career Choice-ის პროგრამა კომპანიამ თითქმის ათი წლის წინ დაიწყო. ახალი ინვესტიცია ემყარება თანამშრომლების კარიერული ზრდის მრავალწლიან გამოცდილებას, მათ შორის ამერიკის 37-ზე მეტ შტატში არსებულ კომპანიის ცენტრებში 110-ზე მეტი საკლასო ოთახის მშენებლობას. შედეგად, Career Choice-ის პროგრამა მსოფლიო მასშტაბით 50,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. თავის მხრივ, Amazon-ი ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ბევრი სამუშაო ადგილის შემქმნელი კომპანიაა.
როგორც ცნობილია, Career Choice-ი მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება და მის ფარგლებში კომპანიის 750,000-ზე მეტ ოპერაციულ თანამშრომელს, უნივერსიტეტის საფასურთან ერთად, სრულად დაუფინანსდება ზოგადი განათლების, საშუალო სკოლისა და ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატების ღირებულება. ამას გარდა, კომპანია წინასწარ გადაიხდის სწავლის ღირებულებას, რაც უზრუნველყოფს დასაქმებულების მხრიდან სასურველ სასწავლო ვარიანტზე წვდომას და არ საჭიროებს მათ მიერ გარკვეული თანხის ფლობას. ხოლო „უსაზღვრო სწავლების“ ფარგლებში „ფრონტის“ თანამშრომლები კომპანიაში მუშაობის განმავლობაში მიიღებენ წლიურ დაფინანსებას განათლების მისაღებად.
მნიშვნელოვანია, რომ Amazon-ის ყველა საათობრივ თანამშრომელს აქვს უფლება, მუშაობის დაწყებიდან 90 დღის შემდეგ შეუერთდეს Career Choice-ის პროგრამას, რაც საშუალებას მისცემს პანდემიის პერიოდში დასაქმებულ 400,000 პირს, კომპანიის საგანმანათლებლო შეთავაზებით ისარგებლოს.
დატოვე კომენტარი