Amazon-მა მექსიკაში ახალი საწყობების გასახსნელად $100 მილიონის ოდენობის თანხის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, მექსიკაში ახალ საწყობებს შორის არის დედაქალაქის გარეთ მდებარე პირველი შიპინგ-ცენტრები, რათა კომპანიამ მომხმარებლისთვის გამოწერილი პროდუქციის სწრაფად მიწოდება უზრუნველყოს.
ახალ საწყობებს შორის ასევე, ერთი ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მონტერეისთან ახლოსაა, მეორე კი ცენტრალურ რეგიონში მდებარე ქალაქ გვადალახარასთან. მესამე ობიექტი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დედაქალაქ მეხიკოსთან ახლოს მდებარეობს.
Amazon-მა ასევე 12 ე.წ მიწოდების სადგური გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მექსიკაში უკვე ჯამში 27 მიწოდების პუნქტი აქვს.
“ძლიერი ინფრასტრუქტურული ქსელის შექმნა კომპანიას აძლევს შესაძლებლობას იყოს უფრო ახლოს მომხმარებელთან და მათ შესთავაზოს უფრო სწრაფი მომსახურება“, – წერია Amazon-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, მექსიკაში ქალაქები გვადალახარა და მონტერეი ორი უმსხვილესი ურბანული დასახლებაა დედაქალაქის შემდეგ.
კომპანიის ახალი ობიექტები ჯამში 69 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიას მოიცავს და 1 500 სამუშაო ადგილს ქმნის. როგორც ხალისკოს შტატის გუბერნატორი ენრიკე ალფარო აცხადებს, გვადალახარასთან გახსნილი ახალი საწყობი ადგილობრივ დონეზე უფრო მეტ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს დაეხმარება თავიანთი პროდუქტის უფრო დაბალ ფასში გაყიდვასა და მიწოდებაში.
ცნობისთვის, Amazon-მა ბრაზილიაშიც გახსნა ცოტა ხნის წინ მეხუთი მსხვილი საწყობი, რომლის ფართობიც 100 000 კვ.მ-ია.
დატოვე კომენტარი