ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ი ვიდეოთამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Electronic Arts-ის შეძენას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით USA Today ავრცელებს.
EA კალიფორნიაში 1982 წელს დაფუძნდა და მას ისეთი ცნობილი და პოპულარული ვიდეოთამაშები ეკუთვნის, როგორებიცაა: FIFA, F1, Battlefield, Need for Speed, Dragon Age, Mass Effect, Dead Space, SIMS, Apex Legends, Star Wars, Anthem და Titanfall.
კომპანია EA-ს შეძენით Amazon-ი მნიშვნელოვნად გაზრდის საკუთარ გავლენას ვიდეოთამაშების მუდმივად მზარდ ინდუსტრიაზე, რომელში ლიდერობასაც Microsoft-ი და Sony აქტიურად ცდილობენ. სწორედ ამ მიზნით, ცოტა ხნის წინ, Microsoft-მა $70 მილიონად Activision-Blizzard-ი შეიძინა, რომელსაც საკულტო ვიდეოთამაში Call of Duty ეკუთვნის.
გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გეიმინგ-გამოცემა GLHF-ის წყაროები ამტკიცებენ, რომ EA-ს შეძენის სურვილი Apple-სა და Disney-საც ჰქონდათ, მაგრამ Amazon-ის შეთავაზებამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა კონკურენტების წინადადებებს.
ცნობისთვის, კომპანია EA-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 35.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, შესაბამისად, გარიგების მინიმალური ღირებულება სწორედ ეს იქნება. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ Amazon-მა EA-ს ინვესტორებს $35-მილიარდიანი წინადადება შესთავაზოს, რადგან მასზე თანხმობის მიღება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. სავარაუდოდ, რეალური შეთავაზება საბაზრო ფასზე 50%-ით მაღალი იქნება.
ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში ამერიკულ საფონდო ბირჟაზე Electronic Arts-ის აქციების ფასი თითქმის 6%-ით გაიზარდა; Amazon-ის ღირებულება კი 0.5%-ითაა გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ Amazon-ი მსოფლიოს რიგით მეხუთე უმსხვილესი კომპანიაა – მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1.4 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
დატოვე კომენტარი