მიმდინარე კვირას უოლ-სტრიტის ყურადღება უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა დაიმსახურეს. იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგების გასაჯაროების ფონზე, საფონდო ბირჟაზე Microsoft-ის, Google-ის, Amazon-ის, Meta-სა და სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 1 ტრილიონი დოლარით შემცირდა, რაც ვარდნის უაღრესად მკვეთრი მაჩვენებელია.
ინვესტორების უკმაყოფილება, უმეტესწილად, რეცესიული რისკების ზრდითა და სამომავლო პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. Amazon-ის, Microsoft-ისა და Google-ის წარმომადგენლობის განმარტებით, Cloud სერვისების მიმართულებით ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვნად მცირდება. ვარდნის ტენდენცია ფიქსირდება ელექტრონული კომერციისა და ონლაინ შოპინგის მიმართულებითაც, რის გამოც Amazon-ის აქციების ღირებულება თითქმის 17%-ითაა შემცირებული.
ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის ყველაზე ცუდი შედეგები Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელ კომპანია Meta Platforms-ს ჰქონდა, რაც მოგების მარჟის შემცირებითა და საოპერაციო ხარჯების ზრდითაა განპირობებული. ერთკვირიან ჭრილში Meta-ს აქციების ღირებულება თითქმის 25%-ით დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 87 მილიარდი დოლარით შემცირდა.
ინვესტორების უკმაყოფილების მიუხედავად, Meta-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ მეტავერსის განვითარების მიმართულებით დაფინანსება გაიზრდება, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის სათვალეები კი ისევ კომპანიის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება, მიუხედავად იმედგამაცრუებელი სარეალიზაციო შედეგებისა.
კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულებით დაფინანსების ზრდაზე საუბრობს Google-ის ხელმძღვანელობაც, რასაც ინვესტორების მხრიდან პოზიტიური შეფასება ნამდვილად არ მოჰყოლია – ერთ კვირაში კომპანიის აქციების ღირებულება 6%-ით დაეცა.
უმსხვილესი კომპანიების აქციების ღირებულების შემცირების ფონზე, გაცილებით უფრო მკვეთრი ვარდნის ტენდენცია ფიქსირდება შედარებით მცირე და საშუალო ზომის ტექნოლოგიურ კომპანიებთან მიმართებით – ინდუსტრიის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციის $1-ტრილიონიანი შემცირებაც სწორედ ამ ფაქტორითაა განპირობებული.
რაც შეეხება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს, ჯეფ ბეზოსის ქონება ერთ კვირაში თითქმის 23 მილიარდი დოლარითაა შემცირებული, ხოლო მარკ ცუკერბერგის ქონების შეფასება დამატებით $14 მილიარდით შემცირდა და ამჟამად ის $38-მილიარდიან ნიშნულზეა, შედარებისთვის, გასულ წელს ცუკერბერგის შეფასება 140 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.
დატოვე კომენტარი