American Airlines-მა Boom Supersonic-ს 20 ზებგერითი თვითმფრინავი დაუკვეთა

American Airlines-მა Boom Supersonic-ს 20 ზებგერითი თვითმფრინავი დაუკვეთა

მსოფლიოს უმსხვილესმა ავიაკომპანიამ, American Airlines-მა Boom Supersonic-ს ოცი ზებგერითი თვითმფრინავი დაუკვეთა, – ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესრელიზში ვკითხულობთ. ამ გარიგებით, რომელიც დამატებით ორმოცი თვითმფრინავის შეძენის საშუალებასაც ითვალისწინებს, American Airlines-ი რიგით მეორე ავიაკომპანია გახდა, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ულტრასწრაფი საჰაერო მიმოსვლის გლობალურ ტრენდად დაბრუნების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

მხარეებს შორის შემდგარი გარიგების ფინანსური დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ, როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, American Airlines-ის მიერ პირველი ოცი თვითმფრინავისთვის გადახდილი დეპოზიტი დაბრუნებას არ ექვემდებარება. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული შეთანხმება საბოლოო არ არის და ის American-ის მიერ უსაფრთხოების შემოწმების წარმატებით გავლაზე და Boom-ის მიერ საკუთარი ვალდებულებების პირნათლად შესრულებაზეა დამოკიდებული. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ამ დრომდე, Boom Supersonic-ს არცერთი სრულმასშტაბიანი ზებგერითი თვითმფრინავი არ შეუქმნია.

„Overture-ების ჩაბარებამდე, Boom-მა ინდუსტრიაში დამკვიდრებული საოპერაციო, საექსპლუატაციო და უსაფრთხოების სტანდარტები და American-ის მიერ წამოყენებული სხვა პირობები უნდა დააკმაყოფილოს“, – ვკითხულობთ ამერიკული ავიაკომპანიის პრესრელიზში.

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ Boom-ის მიერ წარმოებული Overture-ის მოდელის თვითმფრინავები ყველა ტექნიკურ დათვალიერებას გაივლის, ბაზარზე ისინი 2025 წელს გამოჩნდება, ჰაერში კი – 2026 წელს. ამ გრაფიკს თუ დავეყრდნობით, კომერციულ ფრენებს Boom Supersonic-ის თვითმფრინავები 2029 წელს დაიწყებენ. როგორც Boom-ში განმარტავენ, 2029 წლისთვის, მათი თვითმფრინავები ნიუ-იორკიდან ლონდონამდე 3.5 საათში ჩაფრინდებიან, ხოლო ლოს-ანჯელესიდან სიდნეიმდე 6 საათსა და 45 წუთში. მოსალოდნელია, რომ ამგვარ ფრენაზე ბილეთის ფასი $5000-იდან დაიწყოს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Boom Supersonic-ი ამერიკის შტატ კოლორადოში დაფუძნებული სტარტაპია, რომლის მთავარ მიზანს ზებგერითი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ ავიაინდუსტრიის ეს მიმართულება ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაეცა, როცა Concorde-მა, რომელიც ბგერის სიჩქარეზე ორჯერ უფრო სწრაფად დაფრინავდა, საკუთარი დანაპირები ვერ შეასრულა და ბიზნესიდან გავიდა.

საყურადღებოა, რომ American Airlines-ის გარდა, Boom Supersonic-ს კონტრაქტი აკავშირებს United Airlines-თანაც – კომპანიები თხუთმეტი ზებგერითი თვითმფრინავის შესყიდვაზე არიან შეთანხმებულები, მაგრამ გარიგება დამატებით ოცდათხუთმეტი თვითმფრინავის შეძენის საშუალებასაც ითვალისწინებს. ზემოხსენებული ამერიკული კომპანიების გარდა, Boom Supersonic-ი Japan Airlines-თან და Virgin Group-თან თანამშრომლობს – ეს უკანასკნელი, საკუთარ ზებგერით თვითმფრინავებსაც ქმნის. ამასთანავე, Boom Supersonic-ი ურთიერთგაგების მემორანდუმებითაა დაკავშირებული Rolls-Royce-თან და ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებთან. საერთო ჯამში, სტარტაპს $270 მილიონის ინვესტიცია აქვს მოზიდული.

გასულ ივლისს, Boom-მა საკუთარი თვითმფრინავის განახლებული დიზაინი წარმოადგინა – ზებგერით თვითმფრინავს დამატებითი ძრავა, მეტად კონტურირებული კორპუსი და თოლიისებრი ფრთები აქვს. მოსალოდნელია, რომ Boom-ის ზებგერითი თვითმფრინავის საბოლოო მოდელი, სამოცდაორი მეტრის სიგრძისა იქნება და დედამიწის ზედაპირიდან თვრამეტი კილომეტრის სიმაღლეზე იფრენს, 2027 კმ/სთ სიჩქარით.

Boom Supersonic-ში აცხადებენ, რომ მათი თვითმფრინავები ნახშირბადნეიტრალური იქნება და 100%-ით მდგრად საავიაციო საწვავს გამოიყენებს, მაგრამ ამ მიზნების განხორციელების კონკრეტული გეგმები, ჯერჯერობით, უცნობია. შეგახსენებთ, რომ გლობალური ავიაინდუსტრია ადამიანის მიერ წარმოქმნილი ნახშირორჟანგის ემისიების დაახლოებით 2%-ზე არის პასუხისმგებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *