აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა გუნდის ექიმის, ლარი ნასარის დაახლოებით 90 მსხვერპლი, მათ შორის სიმონ ბაილსი, FBI-სგან კომპენსაციის სახით საერთო ჯამში 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ თანხას ითხოვს. მოსარჩლეების ადვოკატთა განცხადებით, ფედერალურმა მთავრობამ სათანადოდ ვერ შეაფასა სპორტსმენების მიერ ნასარის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებები. აღნიშნულ ინფორმაციას ABC News-ი ტანმოვარჯიშეთა წარმომადგენელ იურიდიულ ფირმებზე დაყრდნობით ავრცელებს.
იუსტიციის დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა 2021 წლის ივლისში დაადგინა, რომ FBI-მ „ვერ უპასუხა ნასარის მიმართ ბრალდებებს „დროულად და შესაბამისად“, ასევე დაუშვა „ბევრი და ფუნდამენტური შეცდომა“ და „დაარღვია FBI-ის პოლიტიკა“.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ FBI-ის აგენტებმა ნასარის მიერ პოზიციის ბოროტად გამოყენების შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს იცოდნენ, თუმცა „არ მიუღიათ რაიმე ზომა ტანმოვარჯიშეებისთვის რისკის შესამცირებლად, რომელთა მკურნალობასაც ნასარი აგრძელებდა“ – 2016 წლამდე, ვიდრე მას გაათავისუფლებდნენ.
როგორც ირკვევა, სულ მცირე 70 ტანმოვარჯიშე აღმოჩნდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი მას შემდეგ, რაც სპორტსმენებმა FBI-ს ნასარის წინააღმდეგ ბრალდებები წარუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ FBI-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი, ზემოხსენებული მიზეზით, 13-მა ტანმოვარჯიშემ აპრილშიც შეიტანა. ისინი კომპენსაციის სახით $130 მილიონს ითხოვენ.
ნასარი სექსუალურ შევიწროებაში 330-ზე მეტმა ტანმოვარჯიშე ქალმა დაადანაშაულა და მას 300 წელზე მეტი ხნით პატიმრობა აქვს მისჯილი. ცნობილი სპორტსმენები, მათ შორის, სიმონ ბაილსი, ალი რაისმანი, მაკაილა მერონი და მეგი ნიკოლსი აღნიშნულთან დაკავშირებით ღიად საუბრობდნენ.
დატოვე კომენტარი