ამერიკელი მილიარდერის, უორენ ბაფეტის კონგლომერატის Berkshire Hathaway-ის შემადგენლობაში შემავალ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია BNSF Railway-ს პირველი ქალი აღმასრულებელი ეყოლება. აღნიშნულის შესახებ კომპანიამ გასულ თვეს განაცხადა. საუბარია კეთრინ ფარმერზე, რომელიც პირველი ქალი იქნება, რომელიც ამერიკის უმსხვილეს სარკინიგზო ოპერატორ კომპანიას გაუძღვება.
ფარმერი კარ აისის ადგილს იკავებს, რომელმაც Berkshire-ში 42 წელი იმუშავა. თავად ფარმერი კი BNSF Railway-ში უკვე 28 წელია მუშაობს, ბოლოს ის კომპანიის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი იყო. ფარმერი კომპანიის დირექტორთა საბჭოს ჩაუდგება სათავეში. ის ამ პოზიციაზე მოვალეობის შესრულებას 2021 წლის იანვრიდან დაიწყებს.
შეგახსენებთ, BNSF Railway 1849 წელს დაარსდა და ის დღესდღეობით ამერიკის 28 შტატსა და კანადის სამ პროვინციაში ოპერირებს. კომპანიას 36 000 თანამშრომელი ჰყავს. 2019 წელს BNSF-მა 10.2 მილიონი ვაგონი ტვირთის ტრანსპორტირება უზრუნველყო. ამასთან, კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი წლის განმავლობაში იმ რაოდენობის ხორბლის ფქვილის ტრანსპორტირებას ახორციელებენ, რაც საჭიროა 23 მილიარდზე მეტი ორცხობილის გამოსაცხობად.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, BNSF Railway ბაფეტის კონგლომერატში შემავალი კომპანიაა. ბაფეტის კონგლომერატი კი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ მწარმოებლებს, ავტოდილერებს, რითეილ სექტორს და სხვა კომპანიებს. მათ შორისაა Kraft Heinz-ი, Benjamin Moore & Co., Duracell-ი, Fruit of the Loom-ი და Dairy Queen-ი.
დატოვე კომენტარი