Walmart–ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ლორიმ გასულ კვირას საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა. ის ამერიკის უდაბნოში ახალი ქალაქის აშენებას გეგმავს. მისი თქმით, ახალი ქალაქი – Telosa – თავისი სისუფთავით ტოკიოს მოგაგონებთ, მრავალფეროვნებით – ნიუ–იორკს, ხოლო სოციალური სივრცეების სიმრავლით – სტოკჰოლმს.
150,000 ჰექტარზე გასაშენებული ქალაქი ეკომეგობრულ არქიტექტურას გვპირდება, ამასთან, ენერგიის წარმოება მხოლოდ განახლებადი რესურსებით მოხდება და ქალაქში გვალვაგამძლე წყლის სისტემებიც მოეწყობა.
ქალაქის კიდევ ერთი უნიკალური ნიშანია ე.წ. „15-წუთიანი დიზაინი“. ქალაქის მცხოვრებლებს მაქსიმუმ 15 წუთში შეეძლებათ სამუშაო ადგილას, ბაღში, სკოლაში და სხვა მსგავს დაწესებულებებში მისვლა.
მარკ ლორის ამ ყველაფრისთვის ქალაქის ასაშენებელი ადგილის მოძიება და $400-მილიარდიანი დაფინანსება სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის კონცეპტუალური მონახაზი უკვე არსებობს, პროექტის ორგანიზატორები ჯერ კიდევ ეძებენ ადგილს, სადაც ეს ქალაქი უნდა გაშენდეს. პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია სავარაუდო სამიზნე რეგიონები, რომლებიც მოიცავს ნევადას, იუტას, აიდაჰოს, არიზონას, ტეხასსა და აპალაჩის რეგიონს
განცხადებას თან ახლავს Bjarke Ingels Group-ის ციფრული გაფორმება – არქიტექტურული ფირმის, რომელიც ლორის უტოპიური ოცნების განსახორციელებლადაა დაქირავებული. სურათებში ნაჩვენებია გამწვანებით დაფარული საცხოვრებელი კორპუსები. ქალაქში აკრძალული იქნება წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანები, ციფრულ სერიაში ასევე ჩანს ქუჩაში სკუტერებითა და ფეხით მოსიარულე ადამიანები.
მშენებლობის პირველი ეტაპი, რომელიც დაახლოებით 1500 ჰექტარს მოიცავს და 50,000 მკვიდრს დაიტევს, დაახლოებით $25 მილიარდი დაჯდება. გეგმის თანახმად, ქალაქი 40 წლის განმავლობაში მიაღწევს თავის მიზნობრივ 5-მილიონიან მოსახლეობას.
პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი დაფინანსებას სხვადასხვა წყაროდან მოიზიდავენ, იქნება ეს კერძო ინვესტორები, ქველმოქმედება, ფედერალური სახელმწიფო გრანტები თუ ეკონომიკური განვითარების სუბსიდიები.
პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ უკვე 2030 წლისათვის ისინი პირველ მცხოვრებლებს უმასპინძლებენ.
დატოვე კომენტარი