Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკული კომპანიები სამხედრო აღჭურვილობის, ვერტმფრენებისა და დრონების მიყიდვის თაობაზე ვიეტნამის მაღალი რანგის სამთავრობო პირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. აღნიშნული სიახლე ვიეტნამის რუსულ იარაღებაზე დამოკიდებულების შემცირების სურვილზე მიანიშნებს.
US-ASEAN Business Council-ის ინფორმაციით, ვიეტნამში გამართულ პირველ მასშტაბურ სამხედრო გამოფენას Lockheed Martin-ის, Boeing-ის, Raytheon-ისა და Textron-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დასახელებული ამერიკული სამხედრო კონტრაქტორები ვიეტნამის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქვეყნისათვის შეიარაღების პოტენციურ მიყიდვაზე ისაუბრეს. Reuters-ის ცნობით, შეხვედრებს ვიეტნამის საჯარო უსაფრთხოებისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის შეხვედრები შედგა, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზე საუბარი ჯერ ადრეა. შესაძლოა, ვიეტნამისათვის შეიარაღების მიყიდვას დიდი პოლიტიკური წინააღმდეგობა მოჰყვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკულმა სამხედრო კომპანიებმა ვიეტნამელებს არალეტალური აღჭურვილობის, ვერტმფრენებისა და დრონების მიყიდვის შესაძლებლობები შესთავაზეს. საინტერესოა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისაგან ჯერჯერობით ვიეტნამის თავდაცვისა და საგარეო უწყებები თავს იკავებენ. კომენტარი არ გაუკეთებიათ არც ამერიკული სამხედრო კომპანიების წარმომადგენლებს.
როგორც ჩანს, ვიეტნამის მიზანი რუსულ სამხედრო ტექნიკაზე დამოკიდებულების შემცირებაა. აზიური ქვეყანა სამხედრო ტექნიკის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აშშ-ის გარდა ისრაელთან, ინდოეთთან და ევროპულ ქვეყნებთან მართავს. ცნობისათვის, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ისრაელი ვიეტნამისთვის იარაღის მეორე ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი გახლავთ რუსეთის შემდეგ.
დატოვე კომენტარი